ინტერნეტში გამოჩნდა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, რომლებიც 2020 წლის თებერვალში, ირანის ქალაქ ყუმში კორონავირუსის აფეთქების დროსაა გადაღებული და რომლებზეც კორონავირუსით დაღუპული ადამიანების ძმათა სასაფლაოები ჩანს, წერს The Guardian.
ფოტოსურათებზე გამოსახულია ორი ორმო, რომელთა საერთო სიგრძეც 100 მეტრამდეა.
ირანში, ქალაქ ყუმში გაკეთებული ახალი ძმათა სასაფლაოები თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებში. ისინი თებერვალში გაჩნდა, როდესაც კორონავირუსის აფეთქება დაიწყო. ფოტო გამოაქვეყნა The New York Times
ამრიგად, დასტურდება ის შიშები, რომლებიც ირანთან დაკავშირებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჰქონდათ – აშკარაა, რომ ირანის ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიის მასშტაბებს მალავს.
13 მარტს არსებული ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 10 075 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 429 გარდაიცვალა.
თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მეტია.
კორონავირუსის აფეთქება ირანში ქალაქ ყუმიდან დაიწყო, რომელიც ქვეყნის ყველაზე წმინდა ქალაქად ითვლება.
24 თებერვალს, ადგილობრივმა დეპუტატმა, ამჰამდ ამირაბადი ფარჰანმა ხელისუფლება ეპიდემიის რეალური მასშტაბების დამალვაში დაადანაშაულა.
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირაჟ ჰარირჩიმ, იმავე დღეს გამართა პრესკონფერენცია, სადაც კატეგორიულად უარყო ეს ბრალდება. უკვე მეორე დღეს კი გაირკვა, რომ თავად ჰარირჩი დაინფიცირდა COVID-19-ის ვირუსით.
მას შემდეგ, ირანში, კორონავირუსით ორი მაღალჩინოსანი გარდაიცვალა. კიდევ რამდენიმე კი ინფიცირებულია და, რამდენადაც ცნობილია, მათი სიცოცხლე საფრთხეშია – ირანის მთავრობის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები განსაკუთრებით დაუცველები არიან, ძირითადად მათი ასაკის გამო.