სუვენირები ჩინეთის ყოფილი და ახლანდელი ლიდერების გამოსახულებით, მათ შორის აწ განსვენებული მაო ძედუნია. როიტერსი/ჯეისონ ლი
ბოლო დრომდე, 21-ე საუკუნეში, მხოლოდ ორმა ქვეყანამ – რუსეთმა და აზერბაიჯანმა ერთი ადამიანის მიერ უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების ვადის შეზღუდვა გააუქმა. ახლა მათ მესამე ქვეყანაც შეუერთდა – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
ამ ინიციატივას სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრებამ თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი. საკრებულოს სამი ათასი წევრიდან მხოლოდ ორი იყო ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი, – იუწყება BBC.
სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრებაზე ჩატარებულ კენჭისყრას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა, რადგან ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ორგანო ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ამ ინიციატივას მიიღებდა.
1993 წლიდან ჩინეთში სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის ვადა შეზღუდული იყო. ერთსა და იმავე ადამიანს ორი ხუთწლიანი ვადით შეეძლო ქვეყნის მართვა, რის შემდეგაც მას თავისი თანამდებობა უნდა დაეთმო – სი ცზინპინის ორი წინამორბედი ასეც მოიქცა.
ჩინეთის ახლანდელი ლიდერი ხელისუფლების სათავეში 2013 წელს მოვიდა და შესაბამისად, თანამდებობაზე 2023 წლამდე შეეძლო დარჩენა. თავისი პირველი ვადის განმავლობაში მან ანტიკორუფციული კამპანია გააჩაღა და აქტიურად ახშობდა განსხვავებულ აზრს.
მმართველობის ვადაზე შეზღუდვის გაუქმების გარდა, სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრებამ კენჭი იმასაც უყარა, რომ ჩინეთის კონსტიტუციაში შევიდეს სი ცზინპინის აზრები – „ახალ ერაში ჩინური სოციალიზმის მოდელის შესახებ“ – ამით სი ცზინპინი არსებითად გაუტოლეს მაო ძედუნს – ჩინეთის კომპარტიის დამფუძნებელს.
ახლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს ოპონირებას ვერავინ გაუწევს, რადგან მისი შეხედულებები ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული.
ექსპერტები იმაზე თანხმდებიან, რომ ჩინეთში საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყნის განვითარების შესახებ დიალოგის წარმართვის სულ უფრო ნაკლებ სივრცეს ტოვებს.