ჩეხი ჟურნალისტი: რუსეთის სპეცსამსახურები ჩეხეთში ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ მოქმედებენ
ჩეხი ჟურნალისტი ონდრჟეი კუნდრა, ფოტო: Knihovna Václava Havla
ინტერვიუს სრული ვერსია – ჰრომადსკოეს ვებგვერდზე
ონდრჟეი კუნდრა – ავტორიტეტული ჩეხური ყოველკვირეული გამოცემა „რესპექტის“ პოლიტიკური მიმომხილველი. 2016 წელს პრაღაში გამოვიდა მისი წიგნი „პუტინის აგენტები. როგორ იპარავენ რუსი აგენტები ჩვენს საიდუმლოებს“.
რატომ იქცა, როგორც თქვენს წიგნში აღნიშნავთ, სწორედ ჩეხეთი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში რუსული სპეცსამსახურების ბაზად?
რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი – ისტორიულია. პრაღის საბჭოთა საელჩო ერთ-ერთი უძლიერესი იყო აღმოსავლეთ ევროპაში. რუსული საელჩო მის საფუძველზე შეიქმნა. იქ 1200 თანამშრომელი მუშაობს. ეს ისტორიით არის განპირობებული. 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც „პრაღის გაზაფხულის“ სახელით არის ცნობილი. დემოკრატიული მოძრაობის წინააღმდეგ საბრძოლველად КГБ-ს თავმჯდომარის იური ანდროპოვის ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო რეზიდენტურის შემოყვანა, როგორც რუსები საელჩოების ბაზაზე მოქმედ სპეცსამსახურებს უწოდებენ. ეს იყო ცენტრალური აღმოსავლეთი ევროპის პირველი რეზიდენტურა. და უნდა აღინიშნოს, რომ მისი საქმიანობა საკმაოდ წარმატებული იყო, რადგან დემოკრატიული მოძრაობა დამარცხდა. მას შემდეგ რუსი აგენტები ჩემს ქვეყანაში რჩებოდნენ და კონტაქტებს აბამდნენ.
მეორე მიზეზი ისაა, რომ რუსებს ჩეხეთი უყვართ, რადგან ის მათთვის მოსახერხებელია, იქ ყოფნა სიამოვნებთ.
კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ის არის, რომ – რუსი აგენტები ჩეხეთში უფრო უსაფრთხოდ არიან. ჩეხური და გერმანული სპეცსამსახურის ზომა რომ შევადაროთ, პირველი გაცილებით პატარაა, მისი ბიუჯეტი არც ისეთი დიდია, თანამშრომლების რაოდენობა უმნიშვნელო. რუს აგენტებს სწორედ ჩეხეთიდან უფრო ეიოლებათ თავიანთი სქმიანობის წარმართვა, რომელიც, სხვათა შორის, არამხოლოდ ჩეხეთს ეხება, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებსაც, ვთქვათ გერმანიას.
შენგენის პერიოდში, როდესაც საზღვრები გახსნილია, ჩვენ ყველა ევროპის კავშირის ნაწილი ვართ. სწორედ ამიტომ არის, რომ მათი აგენტებისთვის უფრო ადვილია ერთი ან ნახევარი დღით გერმანიაში ჩასვლა, საქმეების მოგვარება და დაბრუნება, თან იმის ცოდნა, რომ გერმანული სპეცსამსახურები მათ ყურადღებას არ მიაქცევენ.
ჩეხეთის ხელისუფლება, კერძოდ კი ჩეხეთის სპეცსამსახურები, რატომ აძლევენ ამის უფლებას?
ვფიქრობ, ცდილობენ ამას წინ აღუდგნენ, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც დეზინფორმაციის გავრცელების კამპანია ამოქმედდა. დეზინფორმაციასთან ბრძოლის აუცილებლობაზე სამთავრობო დონეზე გაკეთდა განცხადება. შესაბამისად, გადაწყდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დეზინფორმაციასთან ბრძოლის ახალი დეპარტამენტი დაარსდეს.
მეორე მხრივ, გეთანხმებით, რომ საამისოდ არასაკმარისი ძალისხმევა გამოიყენება. ჩეხეთის სპეცსამსახურის დეპარტამენტში, რომელიც რუსეთის და ჩეხეთზე მისი გავლენების საკითხებით არის დაკავებული – დაახლოებით 60-70 კაცი მუშაობს. ჩეხეთის რუსულ საელჩოში კი 1200 თანამშრომელია. ასეთი თანაფარდობით ჩეხეთის სპეცსამსახურს უბრალოდ შანსი არ აქვს. პრობლემა მთავრობაშია. ყველა პოლიტიკოსს როდი მიაჩნია ეს სერიოზულ და რაიმე რეაგირების მოსახდენ საკითხად.
რომელი პოლიტიკური ძალა არ მიიჩნევს ამ საკითხს მნიშვნელოვნად?
ყველა პარტიაში არიან პროევროპელი და პრორუსი პოლიტიკოსები. ეს უკანასკნელები განსაკუთრებით ხშირად გვხვდებიან მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. თავად ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანიც ძალიან პრორუსულია. მაგალითად, ის რამდენჯერმე ესწრებოდა კუნძულ როდოსზე გამართულ კონფერენციას „ცივილიზაციის დიალოგი“, რომლის ორგანიზატორია ვლადიმირ იაკუნინი – პუტინის წრის ადამიანი. მისი ვიზიტი რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. თავის გამოსვლაში ის ამბობდა, რომ რუსეთს სანქციები უნდა მოეხსნას. ასე რომ, ზოგიერთი პოლიტიკოსი ამგვარ ბინძურ საქმიანობას ეწევა.
ბოლო სამ წელიწადში მომხდარი ყველა მოვლენის მიუხედავად, რუსული სპეცსამსახურების საქმიანობის რა ტენდენციებს გამოყოფდით? გააქტიურება ხომ არ შეგიმჩნევიათ?
რუსული სპეცსამსახურები ჩეხეთში ძალიან აქტიურ საქმიანობას ეწევიან. უკვე აღვნიშნე, რომ ჩემს ქვეყანაში რუსული საელჩოს თანამშრომლების რიცხვი წარმოუდგენლად მაღალია. პოლიტიკოსები კამათობენ, ღირს თუ არა მათი რაოდენობის შემცირება. მაგრამ ასეთი პოლიტიკოსი ცოტაა.
ახალი ტენდენციაა – მთავრობის მხრიდან დეზინფორმაციასთან ბრძოლის გადაწყვეტილება. თუმცა ეს პროცესი ეს-ესაა დაიწყო. მე ვიტყოდი, რომ კრემლმა ჩეხეთი თვით ევროპის ფარგლებში ტროის ცხენად აქცია. ავიღოთ, თუნდაც, უკრაინის ომისა და ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების საკითხი: კრემლი ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩეხ პოლიტიკოსებზე, რომ მათ ევროპაში სანქციების გაუქმების საკითხი დააყენონ.
კერძოდ, ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი უკვე გამოვიდა ასეთი წინადადებით, არგუმენტად კი ის მოიტანა, რომ სანქციებს აზრი არ აქვს, რადგან ისინი ბიზნესს ზიანს აყენებენ. და რომ კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთში – გრიპივით არის: ორი კვირა, და ყველაფერი მოგვარდება. მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსების უმეტესობა სანქციებს ემხრობა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს პროატლანტიკური და პროევროპული შეხედულებები აქვს. ამგვარი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას მოსახლეობის უმრავლესობაც ათვითცნობიერებს.
იყო თუ არა წიგნზე რაიმე რეაქცია რუსეთის მხრიდან? მაგალითად, ჩეხეთში რუსეთის საელჩოსგან?
საელჩოსგან არა. რექცია მოჰყვა ჩემს ჟურნალში, Respect– ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, სადაც ამ თემებს ვაშუქებ. მათი რექცია ასეთი იყო: ჩემი ბინის მისამართი ერთ-ერთ პრორუსულ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს. აი, ნახეთ, ეს გარეწარი ამა და ამ მისამართზე ცხოვრობს და შეგიძლიათ მიაკითხოთო. მკვლელობითაც დამემუქრნენ.