ქართველი ულტრანაციონალისტები ჩრდილიდან გამოვიდნენ
“დიდება ერს, სიკვდილი მტერს – ამ შეძახილებით ნაციონალისტურმა დაჯგუფებამ 27 სექტემბერს აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობა გამართა.დაჯგუფება საკუთარ თავს „ ქართულ ძალას“ უწოდებს და მათ აქციებში ჩვეულებრივ 20-დან 40-მდე ადამინი მონაწილეობს ხოლმე.
ამჯერად პროსპექტზე მსვლელობაში მონაწილოება 50-ზე მეტმა ნიღბებში, შავ და სამხედრო ფორმის ფერების მაისურებში გამოწყობილმა ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცმა მიიღო, რომელთაც ხელში საქართველოს დროშა და მაშხალები ეჭირათ.
მათი მსვლელობა სოხუმის დაცემის ხსოვნის დღეს – 1990-ნი წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდს, ეძღვნებოდა
თუმცა თვითმხილველების თქმით დემონსტრანტები გზად მდებარე თურქულ კაფეებსა და რესტორნებში, რომლებიც ამ პროსპექტზე მრავლადაა, ნაციონალურისტური ლოზუნგების სკანდირებით შეცვივდნენ და შესასვლელებთან მდგარი სარეკლამო დაფებიც დაამტვრიეს.
აქცია დაკავებებით დასრულდა. 10-მდე დემონსტრანტს ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დაედო.
უკვე საღამოს ნაციონალისტების ფეისბუქ გვერდზე ბათუმში თურქული სასწავლებლის დახურვის მოთხოვნით
მუქარის შემცველი განცხადებები გავრცელდა:
“ქართველი ნაციონალისტების გაფრთხილება ბათუმის უკანონო თურქულ სასწავლებელს.
საქართველო ქართველებისთვის და ქართველები საქართველოსთვის!
უახლოეს მომავალში მთელი ქვეყნიდან ჩავალთ ბათუმში და სათანადო რეაქცია გვექნება ამ ფაქტთან დაკავშირებით.”
28 სექტებრის შუა დღეს ამ პოსტის ქვეშ 14 ათასი მოწონების ნიშანია და მათი რაოდენობა იზრდება.„ ქართული ძალა“ მსგავს აქციას პირველად არ მართვას. გთავაზობთ განახლებულ მასალას, რომელიც Jamnews-მა ივნისში გამოაქვეყნა.
საქართველო ქართველებისათვის
რამდენადაც არ უნდა გვწამდეს საკუთარი განსაკუთრებული ტოლერანტობა, ქართულ საზოგადოებას მაინც უწევს ნაციონალისტების გამოჩენის აღიარება, რომლებითავიანთი მოსაზრებების შენიღბვას არათუ ცდილობენ, პირიქით აფიშირებასაც კი ახდენენ.
ლოზუნგი “საქართველო ქართველებისთვის”, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ტალღაზე გაჩნდა, 90-იანი წლების შუაში კი მორიდებით მიჩუმდა, დღეს ისევ იწყებს აღორძინებას. ეს მოწოდება აქა-იქ გაიელვებს ხოლმე – ხან მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზე წარწერის სახით, ხან ავტობუსის კარზე გაკრული სტიკერის ფორმით, და ხანაც – ხალხისგან წამოსული შეძახილით.
თბილისი, 2014 წელი. JAMnews-ის ფოტო
ამ ახალ დაჯგუფებებს თბილისში ბევრნაირად მოიხსენიებენ – “ულტრამემარჯვენეებად”, “ნეონაციონალისტებად”… “ანტი-ანტიფაშისტებადაც” – კი. “ახალი” იმიტომ, რომ ეს ორგანიზაციები არც ისე დიდი ხნის (დაახლოებით ერთი ან ორი წელია) წინათ შეამჩნიეს, მაგრამ ბოლო დრომდე საშუალოსტატისტიკურ თბილისელს საზარელ სიზმარშიც კი არ მოელანდებოდა, რომ სისხლის სიწმინდის კონცეფციის მიმდევრები ქალაქის ცენტრში აქციას ჩაატარებდნენ.
როგორ დადიოდნენ ნაცისტები ქუჩებში
მსვლელობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, რუსთაველისა და დავით აღმაშენებლის პროსპექტებზე გაიმართა. ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო დაჯგუფება “ქართული ძალა”, რომელსაც შეუერთდა ახალგაზრდების ჯგუფი სახელად “ულტრასი”. სადღესასწაულო ღონისძიებების ფონზე, ბევრმა ეს აქცია საერთოდ ვერ შენიშნა. ამის ახსნა მარტივად შეიძლება. იმ დღეს ქალაქის ქუჩებში ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული და, საგანგებოდ თუ არ დააკვირდებოდი, ნაციონალისტების მიტინგს მოზეიმე ხალხისგან ვერც კი გამოარჩევდი.
თუმცა ეს აქცია წინასწარ იყო დაგეგმილი და ფეისბუკში ამ ღონისძიების ანონსიც გავრცელდა, ამიტომ დათქმულ დროს შოთა რუსთაველის ძეგლთან გამოვცხადდი.
შეკრებილთა რაოდენობა 150 ადამიანს არ აჭარბებდა. ძირითადად, 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ. თავიდან სახეებს არავინ იფარავდა, მაგრამ მოგვიანებით, მსვლელობის დროს დემონსტრანტთა უმრავლესობამ ნიღბები გაიკეთა. ერთმანეთისგან განსხვავებულად იყვნენ ჩაცმულები, მაგრამ ყურადღებას რამდენიმე სახასიათო ელემენტი იპყრობდა – სამხედრო ფეხსაცმელი, გაპარსული კეფა და გულსაკიდებზე გამოსახული სვასტიკები. ამას გარდა, დემონსტრანტებს თან ჰქონდათ ქართველი მენშევიკების დროშა, რომელსაც 90-იანი წლების დასაწყისში იყენებდნენ. ღონისძიება არც იმდროინდელი ლოზუნგის გარეშე დასრულებულა, თუმცა, ულტრამემარჯვენეებმა ყბადაღებული ლოზუნგი “საქართველო ქართველებისთვის” შეატრიალეს და “ქართველები საქართველოსთვის” მიიღეს.
ედიტა ბადასიანის ფოტო
ლოზუნგმა ჩემი ყურადღება მიიპყრო და მის შესახებ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ვკითხე.
“საზოგადოების ქართველებად და საქართველოს მოქალაქეებად დაყოფა არ გვინდა, – მიკიბ-მოკიბულად მიპასუხა მან, – მაგრამ ეთნიკური შემადგენელის არგათვალისწინება და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე საუბარიც არ შეიძლება. დაე, სხვა ეროვნებების წარმომადგენლებმაც იცხოვრონ აქ, მაგრამ ისინი საქართველოსთვის უნდა ცხოვრობდნენ.”
შევეცადე ეს აზრი ფრთხილად განმევითარებინა:
– აქ ამ იდეის დეკლარირებისთვის მოხვედით?
– ჩვენთან ხშირად ამბობენ, საქართველო პატარა და სუსტი ქვეყანაა და ამიტომ, რომელიმე ძლიერ ქვეყნის საფარქვეშ უნდა იყოსო. მე კი ვამბობ, რომ ჩვენ ძლიერი ქვეყანა ვართ. მხოლოდ ის გვინდა, ვიცოდეთ, ვინ არიან ჩვენი მტრები და მათი მოკავშირეები. და მაშინ უფრო ძლიერები გავხდებით.
– და მტრები ვინ არიან?
– ჩვენი მტრები ყველგან არიან. ყველა მეზობელი ჩვენს ტერიტორიებზე აცხადებს პრეტენზიას და ცდილობენ, პოლიტიკური ზეგავლენა მოიპოვონ ჩვენზე. ერთი მეზობელიც კი არ არის საქართველოსადმი დადებითად განწყობილი. იგივე შეიძლება ითქვას დასავლეთსა და მის მოკავშირეებზეც.
– და როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი?
– წინაპრების გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ. კერძო ინტერესები უნდა უგულებელვყოთ და მთელი შიდა პოლიტიკა ერის შენარჩუნებისკენ მივმართოთ. ოდესღაც ნაცისტური გერმანია და კომუნისტური რუსეთი მთლიანად დანგრეული იყო, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ორივე მათგანი მთლიანად აღადგინეს.
ვინ ვინ არის
დღეს საქართველოში ყველაზე მეტად სამი დაჯგუფებაა ცნობილი – “ქართული ძალა”, “ულტრასი” და “ბერგმანი”. ვეცადე, თითოეულ ამ ორგანიზაციას დავკავშირებოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველ ნაციონალისტებს ინტერვიუების მიცემა არ უყვართ – ჩემს თხოვნას უგულებელყოფდნენ. იძულებული გავხდი, სოციალური ქსელების “პროფაილები” შემესწავლა, ძველი “სტატუსები” მეკითხა და გახსნილი ვიდეორგოლები მენახა.
მაგალითად – ეს. ვიდეორგოლის გმირები თავს “დინამო ულტრას”-ს უწოდებენ, ფაშისტური იდეოლოგიის მომხრეობას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ “ანტი-ანტიფაშისტები” არიან. ამ ვიდეოში დაჯგუფება სათანადო ბანერით ფიგურირებს
ამ ვიდეორგოლში კი “ქართული ძალის” წარმომადგენლების მსვლელობაა აღბეჭდილი. აღნიშნული ღონისძიების შესახებ უკვე გიამბეთ. უნდა ითქვას, რომ ეს აქცია გაცილებით ნაკლებად თავშეკავებული იყო, ვიდრე რუსთაველზე გამართული. როგორც ჩანს, დემონსტრაციის მონაწილეებს დავით აღმაშენებლის პროსპექტზე მცხოვრები და მომუშავე მრავალი თურქისა და ირანელისთვის უნდოდათ ეჩვენებინათ, თუ “ვისია ეს ქვეყანა.”
თეატრალური პერფორმანსი და ზოგიერთი ნაცისტური ელემენტი – როგორც ჩანს, ქართული ნაციონალისტური დაჯგუფებების ფაშიზმთან კავშირი ამით ამოიწურება. ასე მიიჩნევს კულტურული კავშირების ცენტრის “კავკასიური სახლის” წარმომადგენელი, ნაციონალიზმის მკვლევარი, რევაზ ქოიავა.
“გვერდიდან, შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ისინი ნაციონალ-სოციალისტურ მოძრაობის იდეოლოგიას იზიარებენ, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. ისინი თავად ახდენენ იზოლირებას გარესამყაროსგან და რომელიმე დასავლური ან რუსული მემარჯვენე ექსტრემისტული ქსელის წევრები არ არიან. ეს მოვლენა საკმაოდ გავრცელებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში,” – განაცხადა ქოიავამ.
მისი თქმით, ეს ჯგუფები პოსტსაბჭოთა კონტრკულტურის მოძრაობების ჩარჩოებს სცდებიან და თანაბრად აკრიტიკებენ როგორც საბჭოთა კავშირს, ისე – ლიბერალურ დასავლეთს.
“დაახლოებით ორი წელია, რაც ეს ფენომენი საქართველოში არსებობს. მათი რაოდენობა ჯერჯერობით არც ისე დიდია. რთულია, მათ ძლიერები უწოდო, და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე ისტორიულ მოვლენად იქცნენ,” – აღნიშნა ქოიავამ და დაამატა, რომ, ამის მიუხედავად, ულტრანაციონალური დაჯგუფებები ბევრ მოზარდს ხიბლავს და ამ გარემოებას “ყურადღება უნდა მიექცეს.”
ტრადიციები მრავალფეროვნების წინააღმდეგ
“0 – მულტიკულტურალიზმს, 100% – ნაციონალიზმს” – ეს ლოზუნგი, რომელიც ქართული ძალის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა ბურნაძის “პროფაილზეა” გამოქვეყნებული, კარგად გამოხატავს ულტრანაციონალისტების დამოკიდებულებას მრავალფეროვნების მიმართ.
“”ქართული ძალა” მემარჯვენე ნაციონალისტური ორგანიზაციაა. ჩვენი მიზანია საქართველოში ევროპული ნაციონალისტური კულტურის განვითარება. ჩვენ ვამაყობთ ქართული ტრადიციებით,” – განუცხადა ნიკამ ტელეარხ RTVI-ს.
“ტრადიციებში” ყოველთვის საკუთრივ ტრადიციები არ იგულისხმება. ხშირად ამ სიტყვით რაღაც ჩვეული, უნიფიცირებული წესწყობილება აღინიშნება ხოლმე. ტრადიციების მოყვარულები ოპონენტის ტანსაცმლის “არასწორმა” ფერმა, “ორიგინალურმა” ვარცხნილობამ და კვების რაციონმაც კი შეიძლება გააღიზიანოს.
საშიში ადამიანები “პირსინგებით”
ნაციონალისტების მსვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ თბილისის ცენტრში მდებარე ვეგანურ კაფეზე თავდასხმა მოხდა, ამის შესახებ JAMnews-მა დაწერა მასალაში “თავდასხმა სოსისებით”
კაფე, რომელსაც მწვადებით შეიარაღებული ადამიანები დაესხნენ თავს, ახალ ადგილს ეძებს. კომერციული ფართის მფლობელი ვეგანურ კაფე “კივის” იჯარის გაგრძელებაზე უარს ეუბნება, იმ მიზეზით, რომ ამ დაწესებულებაში “პირსინგებითა” და ტატუებით დამშვენებული ადამიანები დადიან.
“კივის” შუშაბანდში გამოკრული განცხადება “ქირავდება”, რომელსაც მიწერილი აქვს ტელეფონის ნომერი. კაფეს გვერდით რომ ჩავუარე, ამ ნომერზე დავრეკე.
“ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, – განაცხადა გამქირავებელმა, რომელსაც გულო ჰქვია, – მეზობლების შეწუხება არ მინდა. აი, მაგიდები გამოიტანეს გარეთ და ეს საშინელი, შეღებილი, “პირსინგებიანი” ადამიანები ღია ცის ქვეშ სხედან. უბრალოდ ამაზრზენია! ხომ ხვდებით, ეს საქართველოა, აქ ასეთ ადამიანებს ჯერ ვერ შეეჩვივნენ. ამისათვის დრო გვჭირდება,” – გული გადამიშალა ემოციურმა გულომ.
“კივის” ერთ-ერთ თანამშრომელს – ლაშას შევხვდი, რომელმაც დაადასტურა, რომ მათი კაფე პირველი ივლისს ვერცხლის ქუჩას დატოვებს, და იქვე უარყო გავრცელებული ჭორი, თითქოს გადასვლის მიზეზი ქართველი ნაციონალისტების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტია. აღნიშნული შემთხვევა უბრალოდ ბიძგი იყო, რეალური პრობლემა კი “პირსინგებიანი”,”საშიში ადამიანების” მიმართ ზიზღია.
ლაშამ აღნიშნა, რომ კაფეზე თავდასხმის დროს ვეგანებს შეტაკება არა ნაციონალისტებთან, არამედ იმ მეზობლებთან მოუვიდათ, რომლებიც ხმაურის გაგონებაზე მოვარდნენ და სიტუაციაში გარკვევას შეეცადნენ. ისინი უკვე დიდი ხნის განმავლობაში გამოხატავდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მეზობლად მდებარე კაფეში ისეთი ადამიანები დადიან, რომელთაც სამეზობლოსთვის ჩვეული, ტრადიციული გარეგნობა არ აქვთ.
“ქუჩაში სხედან შეღებილები და ერთმანეთს ეხვევიან. მათ გვერდით კი ბავშვები დადიან! ბავშვებს რა ვუთხრათ? – აღშფოთებას არ მალავს გამქირავებელი გულო, რომელიც ალბათ არც კი დაფიქრებულა, თუ რამდენი საერთო აქვთ მასა და მის მეზობლებს “ანტი-ანტიფაშისტებთან.”
ულტრამემარჯვენეები კი ოპონენტებს იმის გამო ვერ იტანენ, რომ ისინი იღებებიან, “პირსინგებს” ატარებენ, ტატუებს იკეთებენ და, რატომღაც, ხორცს არ ჭამენ.
გამოქვეყნდა: 24.06.2016