უსარგებლო ენა?
ჩრდილოეთი ოსეთი – ალანია
ჩრდილოეთ ოსეთში ოსური ენა, ოფიციალურად, მეორე სახელმწიფო ენაა. ოღონდ თავად ენა სწრაფად ქრება. ყოველ შემთხვევაში, იუნესკომ ის ჯერ კიდევ 2009 წელს აღიარა “მომაკვდავად”.
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში რესპუბლიკაში ვერ შემუშავდა მშობლიური ენის დაცვის რაიმე პროგრამა. არ მიიღეს კანონი ენის შესახებ. ხელისუფლება ამ საკითხზე 2007 წლიდან მუშაობს და 2013 წელს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გადაწყვიტეს კანონპროექტის პარლამენტში შეტანა. თუმცა, დეპუტატებმა ეს პროექტი ჩააგდეს.
პარლამენტარებს შეთანხმების მიღწევაში დიალექტებმა შეუშალათ ხელი. ოსურ ენაში ორი დიალექტია – ირონული და დიგორული. პარლამენტარების უმრავლესობას სურს, რომ მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც, ეს ორივე დიდლექტი ოსი ხალხის სახელმწიფო ენის სრულფასოვან ელემენტებად იქნება აღიარებული. ხსენებული დეპუტატები იმოწმებებენ კონსტიტუციას, რომელშიც სწორედ ეს აზრია გატარებული.
თუმცა, დეპუტატების მცირე ნაწილი დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებელ ენად მხოლოდ დიგორული დიალექტი უნდა განისაზღვროს. მათი აზრით, დიგორულმა სახელმწიფო ენის სტატუსი უნდა მიიღოს.
საზოგადოებაში კი არსებობებს მოსაზრება, რომ ყველა ეს დისკუსია უბრალო საბაბია იმისთვის, რომ კანონის მიღება ჩააგდონ; რადგან ჩინოვნიკებს მისი რეალიზებისათვის რესპუბლიკის ბიუჯეტში სათანადო სახსრები არ აქვთ.
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში ბიუროკრატიული საქმიანობისთვის მხოლოდ რუსული ენა გამოიყენება. სახელმწიფო სტრუქტურების არც ისე ბევრ ოფიციალურ ვებგვერდს აქვს ვერსია ოსურ ენაზე. თუმცა, ოფიციალური დაწესებულებების ფასადებზე წარწერები ორ ენაზეა – ოსურ და რუსულ ენებზე.
“არ არსებობს ოსური ტელევიზია და ოსური რადიო. ოსური ენა ყოფით დონეზეც თმობს პოზიციას. ყოველდღიურად ოსურ ენაზე მხოლოდ სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში ლაპარაკობენ,” – ამბობს პარტია “რუსეთის პატრიოტების” წარმომადგენელი, ჩრდილოეთი ოსეთის პარლამენტის ეროვნული პოლიტიკისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ვიტალი ჩელდიევი.
მისი თქმით, როდესაც მას ფრაქციებს შორის თანხმობის მიღწევა და განსხვავებულ პოზიციებზე მდგომი ადამიანების შერიგება სურს, ოსურად იწყებს ლაპარაკს და, როგორც წესი, ეს ხერხი ჭრის ხოლმე.
“ახალგაზრდები ოსურად არ ლაპარაკობენ, რადგან არ შეუძლიათ და რცხვენიათ, – ამბობს სტუდენტი აზანბეკ მაირამუკაევი – მეც ასე ვარ.”
აზანბეკი ვლადიკავკაზში, ოსურ, მაგრამ რუსლენოვან ოჯახში დაიბადა. მშობლები ბავშვობიდან მხოლოდ რუსულად ელაპარაკებოდნენ. საბავშვო ბაღსა და სკოლაშიც მხოლოდ რუსლი ენა ესმოდა.
რესპუბლიკაში ბევრი აღნიშნავს, რომ დაახლოებით ათი წლის წინათ ოსურად საუბარი საზოგადოებაში საერთოდაც გაუნათლებლობის ნიშნად მიიჩნეოდა. ეს სტერეოტიპი მხოლოდ ბოლო წლებში შეიცვალა და ოსური ენა, ერთგვარად “მოდური ხდება”.
ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი დიანა სოკაევა აღიარებს, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ არ ეთანხმება იუნესკოს და მიაჩნია, რომ ოსურ ენას ჯერჯერობით სიკვდილი არ ემუქრება.
“ოსები ორენოვანი ხალხია და ოსურ ენას კვლავინდებურად ძლიერი პოზიციები აქვს პროვინციებში, სადაც მოსახლეობა რუსულ და ოსურ ენებს ერთნაირად კარგად ფლობს. ამასთან, ადგილობრივი მაცხოვრებლები ორივე დიალექტს კარგად ფლობენ.”
კიდევ ერთი ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თამერლან კამბოლოვი საშუალო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ოსური ენის სწავლების ახალ მეთოდიკას ამუშავებს. მას განსხვავებული მოსაზრება აქვს. მისი აზრით, ოსური ენა იღუპება და მისი გადარჩენა მხოლოდ მთელი საზოგადოების ძალიან აქტიური მონაწილეობით იქნება შესაძლებელი.
ამის მიუხედავად, ჩრდილოეთ ოსეთში მხოლოდ რადენიმე ოსური ორგანიზაცია ცდილობს, რომ ოსებს საკუთარი ენის მიმართ ინტერესი დაუბრუნოს.
მაგალითად, “სპორტის ეროვნული სახეობების, თამაშობებისა და კულტურის ფედერაცია” “სოიუზმულტფილმისა” და Disney-ს პოპულარული მულტფილმების ოსურ ენაზე გახმოვანებას აპირებს. საჭირო თანხების შესაგროვებლად აქტივისტები წითელი, ყვითელი და თეთრი ფერის (ოსური ეროვნული დროშის ფერების შესაბამისად) სილიკონის სამაჯურებს ყიდიან.
სამაჯურზე წერია: “თუ ოსი ხარ, იცოდე ოსური ენა!”. საჭირო თანხის დასაგროვებლად ათი ათასი სამაჯური უნდა გაყიდონ.
აქციის მოხალისე, ალბერტ ურუსოვი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ახალგაზრდათა შორის, რომლებიც ოსურ სალიტერატურო ენას თავისუფლად ფლობენ. მისი თქმით, ეს გარემოება გამოწვეულია იმით, რომ მის ოჯახში ყოველთვის ოსურად საუბრობენ.
“ბოლო დროს მე და ჩემი მეგობრები განზრახ ვცდილობთ, რომ მეტწილად ოსურად ვილაპარაკოთ”, – ამბობს ალბერტი.
სკოლის მოსწავლეები მშობლიურ ენის შესწავლას პირველი კლასიდან იწყებენ და სწავლება მეთერთეტე კლასამდე გრძელდება. თუმცა, მშობლიური ენის შესწავლას კვირაში მხოლოდ ორი საათი ეთმობა. კიდევ ორი საათი ოსური ლიტერატურის შესწავლისათვისაა გამოყოფილი. ბევრი პედაგოგის აზრით, მშობლიური ენის სახელმძღვანელოების ხარისხი საკმაოდ დაბალია.
ვლადიკავკასში მხოლოდ ერთი სკოლაა (კოსტა ხეთაგუროვის სახელობის), სადაც ყველა საგანს ნაწილობრივ ოსურ ენაზე ასწავლიან.
ასევე, ოსურ ენას პირველ სემესტრში პირველკურსელებიც სწავლობენ.
15 მაისიდან ვლადიკავკაზში ოსური ენის მხარდასაჭერი აქცია გრძელდება. ღონისძიების საზეიმო გახსნა სამახსოვრო გამოდგა. თეატრის შენობაში დამონტაჟებლი უზარმაზარი დინამიკებიდან ოსური ეროვნული მუსიკა ჟღერდა. გამოიტანეს უზარმაზარი ტორტი წარწერით “ოპერაცია Æ” და ტრადიციული ოსური ღვეზლები.
ბევრი ახალგაზრდა ღონისძიებაზე ვერცხლის ქამარ-ხანჯლით დამშვენებული ჩოხით მოვიდა. სხვები ოსური დროშებით გამოცხადდნენ.
გიორგი ბესტაევი 27 წლისაა. იგი ფოლკლორულ ანსამბლ “ართხურონში” ცეკვავს. გამთანგავი ხვატის მიუხედავად, ჩოხა, აბდის ფაფახი და მუხლამდე ამოყვანილი ჩექმები აცვია. გიორგი სამაჯურებს არ ყიდის. იგი სხვაგვარად მონაწილეობს ამ აქციაში – ამ სამაჯურებს დიდი რაოდენობით ყიდულობს და ცდილობს, ასე შეავსოს ღონისძიების ბიუჯეტი.
გიორგი ჩემს შეკითხვებს ისმენს და შემდეგ მეუბნება: “ამჩნევთ? თქვენც და მეც ოსები ვართ და ოსური ენის მხარდასაჭერ აქციას რუსულ ენაზე განვიხილავთ.”
სამხრეთი ოსეთი
მშობლიური ენის მდგომარეობა არც სამხრეთ ოსეთშია უკეთესი
ოსურ ენაზე აქ ორი გამოცემა იბეჭდება – გაზეთი “Хурзарин” (კვირაში სამჯერ) და ჟურნალი “Фидиуаг” (წელიწადში შვიდჯერ). ადგილობრივ ტელეარხებზე მაუწყებლობის 60 პროცენტი ოსურ ენაზეა, დანარჩენი 40 კი – რუსულად…
სკოლაში სწავლების პროცესი მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობს. ოსური სკოლები საერთოდ არ არის. იგივე სურათია ცხინვალის უნივერსიტეტში, ოსური ენის კათედრას თუ არ ჩავთვლით.
სასამართლო წარმოებისა და საქმიანი მიმოწერისთვის მხოლოდ რუსული ენა გამოიყენება. პარლამენტის სხდომები ორ ენაზე მიმდინარეობს.
მშობლიური ენის მხარდასაჭერი თვალსაჩინო საზოგადოებრივი ინიციატივები სამხრეთ ოსეთში არც ყოფილა, და არც არის. თუმცა, 2012 წელს რესპუბლიკის მთავრობის აპარატთან “ოსური ენის დაცვისა და განვითარების კომისია” შეიქმნა, რომელსაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს წინადადებებით.
“მცირე ხნის წინათ განვიხილავდით ოსურ ენაზე ანიმაციური ფილმის შექმნის პროექტს. ბიუჯეტი ერთი მილიონი რუბლით [დაახლოებით $15,500] განისაზღვრა, – აღნიშნა სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ერიკ ფუხაევმა, რომელიც აღნიშნული კომისიის წევრია. – ჩვენ უარი ვთქვით. ჩავთვალეთ, რომ ამ სახსრებით ოსურ ენაზე ერთდროულად რამდენიმე, უკვე არსებული მულტფილმის თარგმნა შეიძლება.”
ფუხაევის თქმით, კომისიაში ძირითადად შედის წინადადებები სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო ნაშრომების გამოცემასთან დაკავშირებით და ამიტომ პროგრამის სახსრების 85 პროცენტი სწორედ საგამომცემლო საქმიანობას ხმარდება.
“ჩვენ ვხვდებით, რომ ამ გზით სახელმძვანელოების პრობლემას ვაგვარებთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ოსური ენის პოზიციების განსამტკიცებლად უფრო მეტი უნდა გაკეთდეს.”
- სხვადასხვა მონაცემებით, ოსურ ენაზე მსოფლიოში 500 ათასიდან 700 ათასამდე ადამიანი ლაპარაკობს. ეს არის კავკასიონის ქედის ორივე ფერდობზე მცხოვრები ოსი ხალხის მშობლიური ენა. ამას გარდა, ოსურ ენაზე საუბრობენ საქართველოს ზოგიერთ რეგიონსა და თურქეთში, სადაც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში სამშობლოდან ემიგრირებული ოსი მუხაჯირების შთამომავლები ცხოვრობენ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 26.07.2016