სტალინი დაღესტანში ბრუნდება
„ნოვაია გაზეტას“ პუბლიკაციის მიხედვით
ქალაქ კასპიისკში (ის რუსეთის შემადგენლობაში შემავალ დაღესტნის რესპუბლიკაში მდებარეობს) ქუჩისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ი. ბ, სტალინი“ გამოვიდა.
ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სახელად ისა აზიევმა, საზოგადოებრივი მოსმენის დროს განაცხადა, რომ „ის ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ცდილობს“, რადგან ამ ქუჩას სტალინის სახელი ადრე უკვე ერქვა.
„ჩვენი ქალაქის ყველაზე პატივსაცემმა და ავტორიტეტულმა მოქალაქეებმა თავიანთი ხელმოწერებით მხარი დაგვიჭირეს. ესენი არიან – დიდი სამამულო ომის მონაწილეები, ვეტერანთა საბჭო, უხუცესთა საბჭო, დეპუტატთა საბჭო, ჩერნობილელების კავშირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საბჭო. ადმინისტრაციაში ნაუცბათევად არ მივსულვართ, არამედ ზურგს საუკეთესო ადამიანების დიდი მხარდაჭერა გვიმაგრებდა!“ – მტკიცედ აცხადებდა თავმჯდომარე.
„ჩვენ სტალინს ვემხრობით!“ – გაისმა დარბაზიდან მოწონების შეძახილი.
პედაგოგიური ინსტიტუტის სამხედრო კათედრის ლექტორმა მუსა აბრაკოვმა გამოთქვა აზრი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ასევე ისურვებდა, რომ კასპიისკში მდებარე ქუჩას სახელი შეეცვალოს:
„ჩვენი პრეზიდენტი ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი ხმას არ იღებს. მას ლაპარაკი არ შეუძლია: „მოდით, სტალინის სახელით რუსი ხალხის პატრიოტიზმი ავამაღლოთო, – ამას ვერ იტყვის, რადგან მთელი მსოფლიო წინ აღუდგება. ის თავისი საქციელით მიგვანიშნებს: „მიდით, ბიჭებო, მიდით! პატრიოტული გრძნობები აამაღლეთ, შეუცვალეთ სახელი“.
ეს პრეზიდენტის ფარული იდეაა, დიდი ბიძგია, და შთაგონება! ხოლო… კლავდნენ, არ კლავდნენ, ვის კლავდნენ – ეს საკამათო საკითხია, ამას არ განვიხილავთ“.
მოსმენის ერთ-ერთმა მონაწილემ აღიარა, რომ რადგან საბჭოთა კავშირის პატრიოტი იყო, თავის ვაჟს იოსები დაარქვა.
„პეტრეს მეფობის დროს მოსახლეობის მესამედი გაწყდა. უმძიმესი რეპრესიები იყო, მაგრამ მისი სახელი ქუჩებს ჰქვია, და ყველაფერი ნორმალურადაა“, – აღშფოთებით ამბობდა მეორე გამომსვლელი ომარი გასანოვი.
ბუნიამინ იბრაგიმოვმა, ადგილობრივი ქარხნის ყოფილმა მუშაკმა, გადაწყვიტა რომ მეფის რუსეთის ისტორიაში ექსკურსი მოეწყო.
ის მოჰყვა, რომ მისი დიდი ბაბუის ძმა რუსეთის არმიაში მსახურობდა, მაგრამ მრავალრიცხოვანი ჯილდოებისა და მაღალი თანამდებობების მიუხედავად, 1920 წელს ის მაინც დაიჭირეს და დახვრიტეს. „მაგრამ მაშინ ასეთი ატმოსფერო იყო“.
„ისევ თავისიანებმა დაასმინეს, თავისიანებმა დაწერეს. რეპრესიებს სტალინი კი არ აწყობდა, არამედ – ადგილობრივი ადამიანები. სტალინს არ შეეძლო მთელი საბჭოთა კავშირი მოეცვა და რეპრესირება მოეხდინა. ასეთი სიტუაცია იყო, კლასობრივი ბრძოლა“, – განაცხადა ვეტერანმა.
როგორ იქნა, სიტყვა შამილ რასულოვს გადაეცა – ერთადერთ ადამიანს, რომელსაც საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა სურდა. დარბაზში ხმაური ატყდა. „შენ რის წინააღმდეგ ხარ? – აგრესიულად ჰკითხა მას მოსმენის ერთმა ძალიან ფიცხმა მონაწილემ.
ახალგაზრდაა, ისტორია არ იცის,- შემწყნარებლურად გაამართლა ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთმა პენსიონერმა ქალმა.
—მე ჩემი და ჩემი სადარბაზოს აზრის გამოსათქმელად მოვედი! მოგვიწევს სიარული და საბუთების ცვლა. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი საქმეებით დავკავდეთ, უნდა ვიაროთ და სახელები ვცვალოთ — უპასუხა ახალგაზრდა კაცმა. მას მეზობელიც დაეთანხმა.
—თქვენ რომელ ქუჩაზე დაიბადეთ? — აგრძელებდა დაკითხვას ფიცხი მოქალაქე.
— მშვიდობის, 14.
—დაჯექი! ადამიანებს უნდა ჰკითხოთ! ჩვენი პრეზიდენტი ამისკენ მიისწრაფის… სტალინის ნაკვალევს მიჰყვება! ის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს. და თქვენ ხელში ავტომატი გჭერიათ? ჯარში მსახურობდით? ა? შენ მოგმართავ!
„საზოგადოება ი. ბ. სტალინის“ პრეზიდენტმა აზიევმა სიტყვა ისევ აიღო და დამსწრეებს შეახსენა, რომ კავკასიაში გლობალურ საკითხებს უხუცესები წყვეტდნენ, და არა ახალგაზრდები.
„ამ საკითხშიც უხუცესებს უნდა დავუგდოთ ყური, ხნიერ ადამიანებს“. ერთსაათიანი მსჯელობის შემდეგ კასპიისკის მთავრმა არქიტექტორმა აჰმედ მახოვმა დამსწრეებს კენჭისყრის ჩატარება შესთავაზა.
28 მონაწილე ქუჩისთვის სახელის შეცვლის მომხრე იყო, ორი – წინააღმდეგი, თავი არავის შეუკავებია.