სომხეთში პრემიერ-მინისტრის წლიური მუშაობის შედეგებს აჯამებენ
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კარენ კარაპეტიანი პრემიერ-მინისტრად დანიშნეს. მე-14 პრემიერის მეთაურობით მთავრობის მუშაობის შესახებ ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა აზრი გამოთქვეს.
თანამდებობის დაკავებისთანავე კარენ კარაპეტიანი ხაზს უსვამდა შემდეგი ნაბიჯების მნიშვნელოვნებას: ინვესტიციების აქტივიზაციას და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სტრატეგიული ცენტრი შექმნილია, თუმცა სხვა მიმართულებებით მიღწევები არ შეინიშნება.
კარენ კარაპეტიანი 2016 წლის 13 სექტემბერს გახდა პრემიერ-მინისტრი. მაშინ JAMnews-მა გამოაქვეყნა სტატია „იმედის მომცემი პრემიერ-მინისტრი“, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პირველადაა, როდესაც მთავრობის მეთაური სომხეთის ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, თუმცა მისგან ყველა სხვადასხვას მოელის.
ახლა კი იმის შესახებ, თუ რამდენად გამართლდა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მოლოდინი.
ოპოზიცია აღნიშნავს, რომ კარაპეტიანის დაპირებები “ შევძინოთ ეკონომიკას დრაივი“ არ შესრულებულა; „ დრაივიდან მხოლოდ ღიმილი და კარენ კარაპეტიანის მთავრობის წევრების ლამაზი კოსტუმები დარჩა. ამ წლის განმავლობაში არცერთი სერიოზული ცვლილება არ მომხდარა. დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი მოქალაქე საკუთარ თავზე არ აღიქვამს რაიმე სერიოზულ წინსვლას“, – თქვა ეროვნული საკრებულოს ფრაქცია „ელკის“ დეპუტატმა ( თარგმანში „გამოსავალი“) არარატ მირზოიანმა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ კარენ კარაპეტიანი მოსახლეობას 835 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას ჰპირდებოდა, თუმცა რეალობად დასახელებული თანხის მხოლოდ 45% იქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური პროცესების განსაკუთრებული აქტივიზაცია აქამდე არ მომხდარა.
ეკონომისტ ტატულ მანასარიანის თქმით, არ არსებობს სფერო, რომელშიც სეიოზული გარღვევა შეინიშნებოდეს. პირიქით, ზოგიერთი მიმართულებით ვარდნაც აღინიშნება. კერძოდ საქმე ეხება სოფლის მეურნეობასა და მშენებლობას.
მანასარიანის თქმით, იყო სფეროები, რომლებშიც ზრდა შეინიშნებოდა, თუმცა ამ სფეროებმა ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არანაირად არ გააუმჯობესა.
მმართველი რესპუბლიკური პარტია დადებითად აფასებს კარენ კარაპეტიანის მუშაობას. პარტიის პრეს-მდივანმა ედუარდ შარმაზანოვმა თქვა, რომ მთავრობის წლიური მუშაობის შედეგების მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა 6%-ზე მეტით გაიზარდა; ასევე შეინიშნება ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდაც – ვითარდება ტურიზმის სფერო – „ჩვენი ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მაჩვენებლები შესრულებულია“, – აღნიშნა ედუარდ შარმაზანოვმა.
თავად კარენ კარაპეტიანმა მისი მთავრობის მისამართით გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების კომენტირებისას თქვა, რომ 2017 წელს სომხეთის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები – ევრაიზულ ეკონომიკურ კავშირსა და დსთ-ს ქვეყნებში საუკეთესოა. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ მთავრობამ ერთ წელიწადში ყველა მოქალაქის პრობლემების გადაჭრა ვერ შეძლო; „ თუმცა, ჩვენი წინსვლის ტენდენცია, ვფიქრობ, მოცემულ მომენტში ჩვენთვის გარკვეულწილად დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნა კარაპეტიანმა.
პოლიტტექნოლოგები აღნიშნავენ, რომ პრემიერ-მინისტრმა გასული წლის განმავლობაში სომხეთის მოსახლეობაზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. პოლიტტექნოლოგი ვიგენ კარაპეტიანი ამას იმით ხსნის, რომ პრემიერის საქციელი შოუს ელემენტებს შეიცავს – ის უბრალო ენით საუბრობს და ხალხში გავრცელებულ გამოთქმებს იყენებს, ურთიერთობაში თავისუფალია, მართავს კატერს, უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტებზე.