სომეხი გენერალი ჯარისკაცების საჭმლის მოპარვაშია ეჭვმიტანილი
სომეხმა სამართალდამცავებმა სკანდალური კორუფციული სქემა გამოააშკარავეს. ცნობილ სომეხ გენერალსა და დეპუტატს, ყარაბაღის ომის ვეტერანს მანველ გრიგორიანს ბრალად იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა და შენახვა და ასევე ჯარისკაცებისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების მითვისება ედება .
სომხეთის გენერალურმა პროკურორმა უკვე დააყენა შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც გრიგორიანს სადეპუტატო ხელშეუხებლობა უნდა გაუქმდეს.
მანველ გრიგორიანი სომხეთში საკმაოდ ცნობილი ადამიანია. პარლამენტში ის ყოფილი მმართველი გუნდის – რესპუბლიკური პარტიის სიით მოხვდა. ის ასევე ყარაბაღის ომის ვეტერანებით დაკომპლექტებულ მოხალისეთა კავშირს „ერკრაპას“ ხელმძღვანელობს. თავად გრიგორიანიც ყარაბაღის ომის მონაწილეა.
გრიგორიანის კერძო სახლსა და აგარაკზე ჩატარებული ჩხრეკისას სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩინა. გარდა ამისა, გენერლის სახლში სამართალდამცავებმა ჯარისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება – კონსერვები, პირადი ჰიგიენის ნივთები, ქვედა საცვლები იპოვეს.
2016 წლის აპრილში, როდესაც ყარაბაღში საომარმა მოქმედებებმა იფეთქა, ჰუმანიტარული დახმარება ჯარისკაცებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გროვდებოდა. შემოწირულობები გაიღეს არა მარტო საზოგადოებრივმა და კომერციულმა ორგანიზაციებმა, არამედ რიგითმა მოქალაქეებმა და სოციალურად დაუცველებმაც კი. სწორედ ამ დახმარების ნაწილი იპოვეს სამართალდამცავებმა გრიგორიანის სახლში.
ეროვნული უშიშროების სამსახურის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში სომხეთის მოქალაქეებმა იხილეს ასევე სკოლის მოსწავლეების წერილები, სადაც ისინი ჯარისკაცებისადმი მხარდაჭერას გამოხატავდნენ.
დეპუტატის სახლებში ასევე აღმოჩნდა ავტოპარკები ათობით მანქანით, მათ შორის რარიტეტულებიც; უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მრავალრიცხოვანი დოკუმენტები.
ასევ აღმოჩნდა, რომ დეპუტატს ჰქონდა საკუთარი ზოოპარკიც – ვეფხვებით, დათვებით და სირაქლემებით. ამ ცხოველებს სწორედ ჯარისკაცების განკუთვნილი ულუფებით კვებავდნენ.
ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუატატ გრიგორიანისთვის ხელშეუხებლობის ჩამორთმევასა და მისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე იმსჯელებენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა მანველ გრიგორიანის საქმეს დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში ყველაზე მსხვილი კორუფციული სკანდალი უწოდა.
„არც მე და არც სომხეთის საზოგადოებას არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი გამოაშკარავდეს და პასუხისგებაში მიეცეს, მათი წოდებებისა და სტატუსების მიუხედავად. ეს საქმე ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული“.
დაკავების შემდეგ გენერალ გრიგორიანს ეროვნული საკრებულოს ვიცე-სპიკერი ედუარდ შერმაზანოვი და ფრაქცია „ სომხეთის რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ვაგრამ ბაღდასარიანი შეხვდნენ. შარმაზანოვმა განაცხადა, რომ თუკი გენერალი დამნაშავეა, მან პასუხი უნდა აგოს:
„ჩემთვის მოულოდნელი იყო რაც ვნახე. სიტყვები არ მყოფნის. ჩემი აზრით, ნანახი არც ერთ ნორმალურ ადამიანს გულგრილს არ დატოვებს. თუკი გამოძიება გრიგორიანის ბრალს დაამტკიცებს, მან კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. ამგვარ საკითხებში არავითარ დამსახურება არ არის მნიშვნელოვანი, არც არანაირი თანამდებობა და არც პოლიტიკური ორიენტაცია. კანონის წინაშე ყველა თანასწორია“.
გრიგორიანის დაცვაზე უარი თქვა მისმა ადვოკატმაც. გრანტ ანანიანმა თავისი გადაწყვეტილება Facebook-ის გვერდზე იმით ახსნა, რომ საქმეში ახალი, მისთვის უცნობი მტკიცებულებები გაჩნდა:
„პრემიერ-მინისტრის გამოსვლის, ასევე ეროვნული უშიშროების სამსახურის მიერ ვიდეოკადრების გამოქვეყნების შემდეგ გაოცებული დავრჩი, რომ იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვის ბრალდების გარდა, საქმეში სხვა გარემოებებიც არსებობს, რომელთა შესახებ არაფერი ვიცოდი”.
თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არცრუნ ოვანესიანმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით არმიის საჭიროებისთვის წარმოებული პროდუქტები მოხალისეთა კავშირს – „ერკრაპას“ სრულიად კანონიერად და გამჭვირვალედ გადაეცა, თუმცა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ეს პროდუქტები დანიშნულების ადგილამდე არ მიიტანა:
„აპრილის ომის დღეებში და შემდეგაც არცახში [მთიანი ყარაბაღის სომხური სახელწოდება_JAMnews] იყვნენ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც თავდაცვის არმიის მხრიდან ოფიციალურად მარაგდებოდნენ. საუბარია (სამხედრო) ფორმაზე, სურსათსა და სხვა ნივთებზე“.
არცრუნ ოვანესიანმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო ვერ გააკონტროლებდა, თუ როგორ გაანაწილა მოხალისეთა კავშირმა გადაცემული საქონელი და პროდუქტები.
„ერკრაპა“ მხოლოდ ანგარიში უნდა წარმოედგინა, თუ ვის რამდენი დახმარება დაურიგა. გამოდის, რომ ეს ორგანიზაცია ანგარიშებს აყალბებდა”.
ამ სკანდალის ფონზე გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა ქალაქ ეჩმიაძინის მერმა კარენ გრიგორიანმა. კარენი მანველ გრიგორიანის ვაჟია. მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:
„მე – კარენ გრიგორიანი საკუთარი ნებით გადავდექი“.
სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ეროვნული უშიშროების სამსახურის მიერ გადაღებულ ვიდეოსა და გენერალთან დაკავშირებულ მთელს ამ სკანდალს.
თითქმის ყველა წერს, რომ “გავრცელებულმა ინფორმაციამ შოკში ჩააგდო” . ისინი დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ. აი, ზოგი ფეისბუკ-სტატუსის თარგმანი:
„ზიზღისგან მართლა ცუდად გავხდი… აი, როგორ ნადგურდებოდა ამ არსებების მიერ პატარა ქვეყანა, რომელიც 30 წელიწადია საომარ მდგომარეობაშია. სწორედ ასეთებს გაურბოდა სომხეთიდან ასობით ადამიანი. მათ ქურდობას, განუკითხაობას, ანგარიშსწორებას. საომარი დროის კანონებით, ამგვარი საქციელისთვის ადგილზე ხვრეტენ… სამაგიეროს გადახდის დრო დადგა. და რაც მეტს გაგვიძალიანდებით, მით უარესი თქვენთვის. ვითხოვთ ბანკეტის გაგრძელებას – ჩხრეკა რესპუბლიკური პარტიის სხვა წევრების მისამართებზეც უნდა ჩატარდეს“.
„მანველ გრიგორიანი, რასაკვირველია, სამუზეუმო ექსპონატია სახელად „ძაღლის შვილები და მათი მოდგმა“. მაგრამ ეს ხომ ყველამ იცოდა? დიახ, ყველამ იცოდა. და ახლაც, ქუჩებში რომ იკითხო, ნებისმიერი დაგისახელებს 5-10 ისეთ სახელს, ვისი ადგილიც იმავე მუზეუმშია“.