სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. 11 მარტიდან დაავადების უკვე 20 შემთხვევა დარეგისტრირდა, ერთ-ერთ ინფიცირებულს პნევმონია განუვითარდა. კარანტინში 200 ადამიანამდე იმყოფება.
ვირუსზე ტესტი ჩააბარეს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა მეუღლემ ანა აკოპიანმა. საქმე ისაა, რომ ახლახან ბრაზილიაში ვიზიტისას ანა აკოპიანმა ამ ქვეყნის პრეზიდენტის ცოლი გადაკოცნა. შეხვედრის შემდეგ გამოცემა O Dia-მ, სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმა კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა – და მან დადებითი შედეგი აჩვენა.
მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტესტის პასუხი მაინც უარყოფითი იყო. თუმცა, ნიკოლ ფაშინიანმა და ანა აკოპიანმა მაინც გადაწყვიტეს, რომ ყველა აუცილებელი პროცედურა გაევლოთ და ტესტის პასუხების მიღებამდე თვითიზოლაციაში ყოფილიყვნენ.
14 მარტს საღამოსთვის უკვე იუწყებიან, რომ ისინი ჯანმრთელები არიან.