სომხეთში სერჟ სარგსიანის მოწინააღმდეგე პარტიის წევრები დააკავეს
დაკავებულია პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ორი წევრი. ეს პარტია სერჟ სარგსიანის ხელისუფლების სათავეში, ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის სახით დარჩენის წინააღმდეგ გამოდის. პოლიციამ ოპოზიციონერები ერევნის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე დააკავა, სადაც ისინი მოქალაქეებს „მიტინგის ჩატარებასთან დაკავშირებით ათვითცნობიერებდნენ“ – ამის შესახებ „სამოქალაქო შეთანხმების“ პრეს-მდივანი იუწყება.
მან გაიხსენა, რომ ამ დღეებში დააკავეს კიდევ ორი მათი აქტივისტი, რომლებიც უკვე გაათავისუფლეს. პარტიის შეფასებით, ყველა ეს ქმედება იქითკენ არის მიმართული, რომ ხელი შეუშალონ „სამოქალაქო შეთანხმების“ მიერ ორგანიზებული მიტინგის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ის 13 აპრილს დაიწყება და 17 აპრილამდე გაგრძელდება, როდესაც პრემიერ-მინისტრის არჩევნები უნდა ჩატარდეს. პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამ მიტინგს სომხეთის მომავლისთვის გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია.
ამ დღეებში „სამოქალაქო შეთანხმების“ თავმჯდომარემ, ნიკოლ პაშინიანმა დაიწყო კამპანია „ჩემი ნაბიჯი“. თავის თანამოაზრეებთან ერთად ის მთელი ქვეყნის ყველა დიდ თემს ფეხით შემოივლის, ადამიანებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს, რათა სერჟ სარგსიანს ხელისუფლების სათავეში დარჩენის საშუალება არ მისცენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სომხეთი საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადავიდა, რომლის დროსაც პირველი პირი, პრეზიდენტი კი არა, პრემიერ-მინისტრი გახდება. 9 აპრილს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა დიდ ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩი არმენ სარგსიანი. იმავე დღეს სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელისა და იმ მომენტისთვის უკვე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურას წარადგენენ.
პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“, ოპოზიციონერი ნიკოლა პაშინიანის ხელმძღვანელობით, მოქმედების გეგმა შეიმუშავა, რათა სერჟ სარგისანს ძალაუფლების აღდგენის საშუალება არ მისცენ.
პაშინიანი დარწმუნებულია, რომ თუკი ქუჩაში ქვეყნის ათეულ ათასობით მაცხოვრებელი გამოვა, მაშინ შესაძლებელია ალყაში მოექცეს ეროვნული საკრებულოს შენობა, სადაც პრემიერ-მინისტრის არჩევნები უნდა ჩატარდეს. მისი აზრით, პარლამენტის შენობასთან შეგროვილი ბევრი ხალხი დეპუტატების მიერ ხმის მიცემაზე ზემოქმედებას მოახდენს.
ის იმ ადამიანებს, რომლებსაც ახლა ხვდება, განუმარტავს, რომ კონსტიტუცია ახალი არჩევნების ჩატარების უფლებას იძლევა, თუკი პრემიერ-მინისტრის არჩევნები რაიმე მიზეზით ორჯერ ჩაიშლება. ოპოზიციონერი დარწმუნებულია: ამგვარად შესაძლებელი იქნება ისეთი სიტუაციის შექმნა, რომლის დროსაც რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, რის შედეგადაც საპარლამენტო უმრავლესობა შეიცვლება და სერჟ სარგსიანი ძალაუფლებას დაკარგავს.
აქციასთან შეერთებისა და სარგსიანის არჩევის არდაშვების მოწოდებით დღეს პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებიც გამოვიდნენ. მათ სიმბოლური ჩირაღდნები აანთეს, და ადამიანებს მიტინგზე მოსვლისა და „თავისუფლების ჩირაღდნის ერთად ანთებისკენ მოუწოდეს“.
https://www.youtube.com/watch?v=_sjCyXccB6U
თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ნიკოლ პაშინიანი ამდენი ადამიანის შეგროვებასა და თავის მიზნის მიღწევას ვერ შეძლებს. ისინი იხსენებენ, რომ ამომრჩევლებმა სპარლამენტო არჩევნების დროს თავიანთი ხმები სწორედ იმ პარტიას მისცეს, რომელსაც სათავეში სერჟ სარგსიანი უდგას.
ფოტო: Facebook-ის გვერდიდან „გაერთიანება სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ“, hraparak.am, hetq.am