სომხეთის ხელისუფლებასა და საპროტესტო მოძრაობას შორის მოლაპარაკებები ისევ ჩაიშალა
22:00, 27 აპრილი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა კომენტარი გააკეთა იმის თაობაზე, თუ რატომ განაცხადა უარი მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის ლიდერთან ნიკოლ პაშინიანთან შეხვედრაზე. მან აღნიშნა, რომ პაშინიანის მიერ შეთავაზებული მოლაპარაკებების ჟურნალისტების თანდასწრებით გამართვის ფორმატი პერსპექტიული არ არის.
„მოლაპარაკებები პრესპექტიულია იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები ერთმანეთს უსმენენ, მზად არიან ერთმანეთის სიტუაცია აღიქვან. შეძლებენ თუ არა ისინი მოლაპარაკებას და გამოავლენენ თუ არა მოქნილობას როგროც მომლაპარაკებლები, ეს უკვე პროცესია. მაგრამ როდესაც თავიდანვე ცხადდება, რომ წესდება ასეთია, და მეორე მხარეს რაიმე სხვა წესდების ჩამოყალიბების უფლება არ გააჩნია, ეს უკვე მოლაპარაკებები კი არა, არც ვიცი, რა არის“, – თქვა კარენ კარაპეტიანმა.
ნიკოლ პაშინიანი ისევ აცხადებს, რომ ის პრემიერ-მინისტრობის „საერთო სახალხო“ კანდიდატია, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა ქვეყნის ხელმძღვანელად ის აირჩიეს, და ხელისუფლებას სხვა არჩევანი აღარ აქვს, გარდა იმისა, რომ ამას შეეგუოს.
უკვე ცნობილია, რომ სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ დაშნაკცუტიუნმა, რომელიც პროსამთავრობო კოალიციიდან გამოვიდა, პრემიერ-მინისტრის არჩვნებზე პაშინიანისთვის ხმის მიცემაზე თანხმობა განაცხადა. სომხეთის რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის წარმომადგენელთა აზრით, „კანდიდატმა კონსენსუსის შედეგად მთავრობის შესაბამისი შემადგენლობა და მოქმედების გეგმა უნდა წარმოადგინოს“. სხვა ორ საპარლამენტო ფრაქციას „ცარუკიანსა“ და რესპუბლიკურ პარტიას ჯერ არ განუცხადებიათ, საკუთარ კანდიდატს წამოაყენებენ, თუ პაშინიანს დაუჭერენ მხარს.
რამდენიმე საათის წინ
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი უპერსპექტივოდ მიიჩნევს იმ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, რომელზეც ის საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა მიიწვია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, სპროტესტო მოძრაობის მიერ რეპუბლიკური პარტიის საწინააღმდეგოდ გამართული მიტინგის დროს, მოძრაობის ლიდერმა პაშინიანმა კარენ კარაპეტიანი ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისა და მისი მოგვარების შესახებ სამსჯელოდ 12:00 სასტუმრო „მერიოტში“ მიიწვია. ამავდროულად, მან განაცხადა, რომ შეხვედრა ჟურნალისტების თანდასწრებით უნდა გამართულიყო.
როგორც JAMnews ადრე იუწყებოდა, სომხეთის უკვე ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა სერჟ სარგსიანმა თავის გადადგომამდე ამ ფორმატით მოლაპარაკებების წარმართვაზე უარი განაცხადა. ისტორია მეორდება.
კარაპეტიანის პრეს-სამსახურმა მისი სახელით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი კარაპეტიანი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების ჟურნალისტების თანდასწრებით წარმართვა იმთავითვე იმას გულისხმობს, რომ მათი მიზანი რეალური შედეგების მიღწევა არ არის.
ამასთან დაკავშირებით კარაპეტიანს უპერსპექტივოდ მიაჩნია მონაწილეობა იმ „მოლაპარაკებაში“, რომელშიც გადაწყვეტილების ძიების ალბათობა არ მოიაზრება. მის მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ პაშინიანმა სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის წინადადება უნდა მიიღოს და შექმნილი სიტუაცია ქვეყნის სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად უნდა განიხილოს.