როგორ და რატომ წააგო სომხეთის ნაკრებმა 1:9 იტალიასთან და საკუთარი ანტირეკორდი მოხსნა
სომხეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი მარცხი განიცადა. თვრამეტ ნოემბერს ევრო-2020-ის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩზე სომხეთის ნაკრები იტალიის გუნდს გასვლით თამაშს ეთამაშებოდა და ანგარიშით 1:9 წააგო.
აქამდე 1997 წელს სომხეთის გუნდი ორჯერ დამარცხდა ანგარიშით 0:7 ჩილესა და საქართველოს ნაკრებთან.
დამარცხებების რიგი ფინეთის გუნდთან თამაშით დაიწყო, შემდეგ კი სომეხი ფეხბურთელები შინ ბერძნებთან დამარცხდნენ.
სხვათა შორის, ერევანში გამართული სომხეთი-იტალიის მატჩი ასევე მეტოქის გამარჯვებით (3:1) დასრულდა.
მთავარი მწვრთნელი მზადაა გადადგეს
დასაწყისისთვის უნდა ითქვას, რომ სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუნდს მხოლოდ 13 დღის წინათ, 6 ნოემბერს ჩაუდგა სათავეში.
„მე სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მწვრთნელი ავირჩიე… სომხეთის ნაკრებმა 2019 წელს რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ნაკრები ახალი მწვრთნელის მეთაურობით გულშემატკივრებს ისევ გაახარებს“, – თქვა მაშინ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ არტურ ვანეციანმა.
• „რევოლუცია ფეხბურთში“ – სომხეთის ფედერაციის ამბიციური გეგმები
თავად ხაშმანიანმა იტალიელებთან მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მთელ პასუხისმგებლობას თავად იღებს:
„სამწუხაროდ, ეს კატასტროფა იდეალურად ასახავს სომხეთის ნაკრების მიმდინარე სიტუაციას. როდესაც ამ თანამდებობაზე ვინიშნებოდი, ვვარაუდობდი, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. დამარცხებისთვის პასუხისმგებლობას მე ვიღებ, ეს ჩემი ბრალია“.
სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მზადაა, გადადგეს, თუკი ფეხბურთის ფედერაცია ასე გადაწყვეტს.
„თუკი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ მუშაობა უნდა გავაგრძელო, მაშინ ყველაფრის შეცვლა მომიწევს, რადგან, ჩემი აზრით, ნაკრების [სტატუსს] არაფერი შეესაბამება, აზროვნებაც კი“, – თქვა ხაშმანიანმა.
მოსაზარებები
მედიაექსპერტმა, ქსელური გამოცემა Cybersport -ის ხელმძღვანელმა ნიკოლაი პეტროსიანმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა , რომ „1:9 იტალიის მეორე შემადგენლობასთან – ეს კანონზომიერი შედეგია, რომლამდეც ტოტალური კორუფციისა და უიმედო დილეტანტიზმის სინთეზს მივყავართ“.
ის უბრალოდ განცხადებით არ შემოიფარგლა და წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც „ სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს.“ ქვემოთ სრულად ვციტირებთ ტექსტს:
• ვანეციანი, მელიკბეკიანი, ნიკოგოსიანი [ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა – JAMnews](„გმირების“ ვინაობის დასახელების დროა) და მათი სხვა მეგობრები უნდა გადადგნენ, თუკი მათ სინდისი და ღირსება აქვთ. სხვა შემთხვევაში, ეს მათ დაბეჯითებით უნდა ვთხოვოთ;
• ჩატარდეს ფედერაციაში სრული ფინანსური აუდიტი და მისი შედეგები გამოქვეყნდეს;
• ფეხბურთელები ვალდებულები არიან, დააბრუნონ პრემიები (12 ათასი ევროს ოდენობით – თითოეულს), რომელიც ბოსნია და ჰერცოგოვინასთან სრულიად მნიშვნელობას მოკლებული გამარჯვებისთვის მიიღეს, და ეს თანხა დაღუპული ჯარისკაცებისა და ოფიცრების ოჯახებს გადაურიცხონ;
• ინდუსტრიის მოწვეულმა პროფებმა ეროვნული ფეხბურთის განვითარების უახლოესი 10-12- წლიანი განვითარების გეგმა უნდა შეიმუშაონ;
• გადანაწილდეს ფედერაციის ბიუჯეტი, მინიმუმამდე შემცირდეს ნაკრებისთვის განკუთვნილი ხარჯები და მაქსიმალურად გაიზარდოს ინფრასტრუქტურისთვის, კადრებისთვის (მწვრთნელები, მენეჯერები, ექიმები და სხვა) და საბავშვო ფეხბურთისთვის გამიზნული ხარჯი.
სომეხმა ფეხბურთელმა, შვედური კლუბის „ლინჩიოპუნგ სიტის“ ნახევარმცველმა ლევონ პაჩაჯიანმა ასევე გამოთქვა ეროვნული ნაკრების უკანასკნელი თამაშით საკუთარი უკმაყოფილება.
აი, რა დაწერა მან საკუთარ Facebook-გვერდზე:
„არ შეიძლება ამ დონის თამაშებზე ექსპერიმენტების ჩატარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 99% -ით სარწმუნოა, რომ ეს არ იმუშავებს! ნუთუ პირველი ტაიმის შემდეგ ვერ დაინახეთ, რომ გუნდი ამ ილეთს აშკარად არ იღებდა?! ახლა მთელი ერი შერცხვენილი ვართ!
ახლა რიგ-რიგობით გაეცით ამას პასუხი და მორიგეობით გადადექით! ფეხბურთელებს რას ვეტყვი? თამაში ლიდერის გარეშე… კარგი, უკვე ამდენი გითამაშიათ, ნუთუ თქვენ შორის ერთი ძლიერი ბიჭი არ აღმოჩნდა, რომელიც მიხვდებოდა, რა ხდება და გეტყოდათ, რა და როგორ? კარგი, დღეს მწვრთნელი არ გვყავს, და რა, ამიტომ 9 გოლი უნდა გაგვიტანონ?”
ვინ არის ხაშმანიანი
აბრაამ ხაშმანიანი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 6 ნოემბერს დაინიშნა. მისი კონტრაქტის ვადა 2020 წლის 30 ნოემბრამდეა. ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ ჯერჯერობით არ არის.
სხვათა შორის, მისი წინამორბედი არმენ გიულბუდაგიანცი სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან 18 ნოემბერს გადადგა.
მისი თქმით, მიზეზი ის გახდა, რომ სომხეთის ნაკრებმა ევრო-2020-ის ფინალურ ნაწილამდე ვერ მიაღწია.
რაც შეეხება ხაშმანიანს, ის ოდესღაც ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სომეხ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. ხაშმანიანი სსრკ-ს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს.
ის საბჭოთა კავშირის პირველობაში სომხეთის წამყვანი კლუბების „არარატის“(ერევანი) და „კოტაიკი“(აბოვიანი) სახელით მონაწილეობდა.
თუმცა, ხაშმანიანს უფრო მეტი წარმატება ჰქონდა როგორც მწვრთნელს. საფეხბურთო წრეებში ამბობენ, რომ მას კლუბების „ფსკერიდან“ ამოყვანა შეუძლია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო ერევნის „ალშაკერტმა“ ქვეყნის ჩემპიონატი და საერთაშორისო ევროპულ ტურნირებში შეძლო მონაწილეობა.
ხაშმანიანის სამწვრთნელო მიღწევები:
• სომხეთის ორგზის ჩემპიონი (2015-2016, 2016-2017)
• სომხეთის თასის მფლობელი (2018/2019)
• სომხეთის სუპერთასის მფლობელი (2016).