ფაშინიანის და ალიევის პირველი ოფიციალური შეხვედრის შეჯამება
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პირველი ოფიციალური შეხვედრა ვენაში გაიმართა.
როგორ მიმდინარეობდა შეხვედრა
ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირველი 40 წუთი შუამავლების – ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების თანდასწრებით მიმდინარეობდა.
შეხვედრა პირადად ფაშინიანსა და ალიევს შორის ორ საათს გაგრძელდა. შემდეგ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებებს კვლავ შეუერთდნენ.
ამ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის რაიმე განცხადება არ გაკეთებულა. ილჰამ ალიევი ვენის სასტუმრო „ბრისტოლიდან“ ისე გაემგზავრა, რომ ჟურნალისტების შეკითხვებისთვის პასუხი არ გაუცია. ნიკოლ ფაშინიანი მხოლოდ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის შეკითხვას გამოეხმაურა.
„შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა“, – მოკლედ უპასუხა მან ჟურნალისტს.
მას დაგეგმილ შეხვედრაზე ეჩქარებოდა – ფაშინიანს ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი ელოდებოდა.
ოდნავ მოგვიანებით ეუთოს მინსკი ჯგუფის ფრანგმა თანათავმჯდომარემ სტეფან ვისკონტიმ ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრას „ხანგრძლივი, შინაარსიანი და ეფექტური“ უწოდა.
მან ასევე განაცხადა, რომ შუამავლები უკვე მალევე, ახალ შეხვედრას ელოდებიან.
სომხეთის პრემიერის მიერ მოლაპარაკებების შეფასება
29 მარტს საღამოს ნიკოლ ფაშინიანი ავსტრიის სომხურ თემს შეხვდა და განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებებს დადებითად აფასებს. მისი თქმით, პირველად მოხდა, რომ მოლაპარაკებების მონაწილე მხარეები მისი გამარჯვებულის სტატუსით დასრულებაზე არ ფიქრობდნენ. ისინი ერთმანეთის მოსაზრებებს ყურს უგდებდნენ, აფასებდნენ იმას, თუ რა იყო სასარგებლო მეორე მხარის პოზიციებში, თუმცა საკუთარ პოზიციაზე რჩებოდნენ.
მოლაპარაკებების შეფასება აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ
ამავდროულად, ილჰამ ალიევმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ შეხვედრამ პოზიტიურ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა და მხარეებს საკუთარი პოზიციების განმარტების საშუალება მისცა. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ფორმატი უცვლელი დარჩა. ქვეყნების ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის და უშუალო ურთერთობის მექანიზმების დახვეწის აუცილებლობა კვლავ დაადასტურეს.
ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრების ისტორია
აქამდე ფაშინიანი და ალიევი არაფორმალურ ვითარებაში ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ. თუმცა,ამ დაუგეგმავი შეხვედრების დროს მხარეებმა გამყოფ ზოლზე უფრო მშვიდი ვითარების დამყარების თაობაზე შეთანხმება შეძლეს.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, რომ ასევე შეემუშავებინათ მექანიზმები და კონფლიქტის მხარეების შესაბამის სტრუქტურებს შორის ოპერატიული კავშირი დაემყარებინათ.
თუმცა, მაშინ სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მის შეხვედრებს მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას ვერ დაარქმევდა, მათ მხოლოდ საკუთარი პოზიციები დააზუსტეს და მოლაპარაკებების პროცესის საგანი დააკონკრეტეს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმაც მოასწრეს რამდენიმე შეხვედრის ჩატარება, რა დროსაც ხალხების მშვიდობისთვის მზადების აუცილებლობის თაობაზე ეუთოს განცხადება გაისმა.
შეხვედრის წინ შექმნილი სიტუაცია
ნიკოლ ფაშინიანმა მოლაპარაკებების შესახებ საკუთარი პოზიცია პრემიერად მისი არჩევისთანავე გამოხატა.
ამ პოზიციის არსი ისაა, რომ მთიანი ყარაბაღი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს. ამას აზერბაიჯანის მხარე არ ეთანხმება, თუმცა 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული დოკუმენტს ხელს ყარაბაღის მხარეც აწერდა, რაც მოლაპარაკებების პროცესის პირველ ეტაპზე მის მონაწილეობაზე მეტყველებს.
მოლაპარაკებების შუამავლებმა, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ახლახან გაკეთებული განცხადებით მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის შეცვლის ცალმხრივად მოთხოვნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
თანათავმჯდომარეების ამ განცხადების საპასუხოდ, სომხეთის პრემიერმა საკუთარი მიდგომის უცვლელობა დაადასტურა:
„საქმე ისაა, რომ დღესდღეობით მოლაპარაკებების მაგიდასთან არცახის ლეგიტიმური, უფლებამოსილი წარმომადგენელი არ არის… არაერთხელ მითქვამს, რომ სომხეთის პრემიერს ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნია… და ეს არც კაპრიზია და არც წინაპირობა, არამედ – ლეგიტიმურობის საკითხია. სხვათა შორის, აბსურდულია ყველა კომენტარი იმის თაობაზე, თითქოს სომხეთის რესპუბლიკა ან პრემიერ-მინისტრი ამით პასუხისმგებლობას იხსნიან… სომხეთის რესპუბლიკა იყო, არის და იქნება არცხის უსაფრთხოების მთავარი გარანტი და მშვიდობიან პროცესში მონაწილეობას გააგრძელებს“.
მანამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება სომხეთის თავდაცვის მინისტრისგან გაისმა. დავიდ ტონოიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში, სომხეთი მზადაა, თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდეს:
„იცვლება ფსიქოლოგია, იცვლება მიდგომები, რადგან თავდაცვაში მყოფი ჯარი ყოველთვის მარცხდება. ჩვენ თავდაცვით პოზიციებზე დარჩენას არ ვაპირებთ“, – თქვა მაშინ მინისტრმა.