სომხეთის პრეზიდენტი: სამხედრო ურთიერთობები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს შორის პრიორიტეტულია
გაზიარება
გაზიარება
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში, ჯერ კიდევ 2000 წელს მიღებულია განცხადება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებს შორის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები პრიორიტეტს წარმოადგენს არაწევრ ქვეყნებთან არსებულ ურთიერთობებსა და კონტაქტებთან შედარებით“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პრინციპის დარღვევა ხელს არ შეუწყობს ორგანიზაციის ავტორიტეტის ამაღლებას, საჭიროა შეთანხმებების სრულად დაცვა და შესრულება, და არა – სიტუაციიდან გამომდინარე თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება.
არსებითად, ორგანიზაცია, რომელიც წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნევლყოფისთვის უნდა იყოს მოწოდებული, თვის ფუნქციას არ ასრულებს: კერძოდ, არ გაუწევია თანადგომა, როდესაც ყირგიზეთში რევოლუცია ხდებოდა, და ამ ქვეყნის პრეზიდენტმა 2010 წელს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართა. ასევე, არანაირად არ გამოვლენილა ორგანიზაციის როლი არც ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის პერიოდში – როგორც 2015 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, ისე 2016 წლის აპრილის მოვლენების დროს.
„კუხო“ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1992 წელს შეიქმნა, სსრკ-ს დაშლისთანავე. აბრივიატურა ასე იკითხება – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია. საქართველომ, აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა ძალიან სწრაფად დატოვეს მისი რიგები, და ახლა ამ ორგანიზაციაში ექვსი წევრი-ქვეყანაა: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.