სომხეთის ეროვნული საკრებულო მსჯელობს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი გახმაურებული შესწორებების პროექტზე, რომელიც „კრიმინალურ სამყაროსთან“ კავშირისთვის პასუხისმგებლობას ამკაცრებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ამ კანონპროექტის მთავრობაში განხილვის შემდეგ მისი არსი მოკლედ, და თან რუსულ ენაზე განსაზღვრა – „ქურდი ციხეში უნდა იჯდეს“.
პარლამენტში კი „კანონიერი ქურდებისა და ავტორიტეტების შესახებ“ კანონპროექტი თავად დეპუტატებს შორის „გარჩევების“ საფუძველი გახდა.
პარლამენტის სპიკერი არარატ მირზოიანი რამდენიმე წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ერთმანეთის მაგინებელი ხალხის რჩეულების დაწყნარებას. საბოლოოდ მას სანქციების გამოყენება მოუხდა – მან რამდენიმე დეპუტატს სხდომათა დარბაზი მთელი დღით დაატოვებინა.
შესწორებების თანახმად, „კანონიერი ქურდის“ სტატუსი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საკმარისი საფუძველი გახდება.
„გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება დანაშაულებრივი იერარქიის უმაღლესი სტატუსის მინიჭების, მიღებისა და შენარჩუნებისთვის, ასევე – კრიმინალური სუბკულტურის შექმნის, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და შენარჩუნებისთვის“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა, რომელმაც პროექტი 2019 წლის სექტემბერში წარადგინა.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია იმ ადამიანებისთვისაც, ვინც სხვადასხვა პრობლემის გადასაწყვეტად „კანონიერ ქურდებს“ მიმართავს .
სომხეთის მთავრობამ პროექტი ერთხმად მიიღო. ის პარლამენტმაც პირველი მოსმენით, ხმათა უმრავლესობით მოიწონა, და არ არსებობს დაეჭვების საფუძველი, რომ მას საბოლოო მოსმენით მიიღებენ.
რაც შეეხება დეპუტატებს შორის ჩხუბს, ის არა პროექტის შინაარსს, არამედ პირად ურთიერთობებს უკავშირდებოდა. სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოჰყვა ოპოზიციური ფრაქციის „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატის გევორგ პეტროსიანის გამოსვლას, რომელმაც იუსტიციის მინისტრს შესთავაზა, არამხოლოდ „კანონიერ ქურდებთან“ ებრძოლათ, არამედ „იმ ადამიანებთან, ვისი ტიპიც შეიძლება სამი ასოთი განისაზღვროს“, – იგულისხმებოდა ჟარგონული სალანძღავი სიტყვა რუსულად.