პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გაგიკ ცარუკიანი ერევნის უხუცესთა საბჭოს მომავალ არჩევნებზე ამომრჩევლების მოსყიდვას არ აპირებს. ცარუკიანმა განაცხადა, რომ მზად არის ყველაზე მკაცრი სასჯელისთვის, თუკი ის ქრთამის დარიგებაში იქნება შემჩნეული.
„რატომ უნდა დავარიგო ფული? იმისთვის, რომ ჩემი კანდიდატი – ნაირა ზოგრაბიანი მერად ვაქციო, და ამით ფული ვიშოვო? მზად ვარ საკუთარი სახსრები გავიღო იმისთვის, რომ მან პროექტები განახორციელოს. მათ შორის – ნაგვის გატანის პრობლემა გადაწყვიტოს“, – განაცხადა ცარუკიანმა.
წინასაარჩევნო პერიოდში, ის სომხეთის სხვა მოქალაქეების მსგავსად, ქველმოქმედებასაც ვერ გასწევს. წინა არჩევნების დროს პარტია „აყვავებულ სომხეთს“ სხვადასხვა დონეზე ბევრი იმაში ადანაშაულებდა, რომ ის მეცენატობის სახელით ხმებს ყიდულობდა.
ოლიგარქის განცხადებები ზუსტად მას შემდეგ გაისმა, რაც სომხეთის ეროვნულმა საკრებულომ ერთხმად მიიღო მთავრობის მიერ შეთავაზებული კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც წინასაარჩევნო ქრთამების კრიმინალიზაციას ეხებოდა. ამიერიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არამხოლოდ მათ დაეკისრებათ, ვინც ქრთამებს არიგებს, არამედ – მათაც, ვინც იღებს.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ისეთი „უზადო“ არჩევნების ჩატარებას აპირებს, რომლის სამართლიანობა ეჭვს არავის აღუძრავს.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 23 სექტემბერს დაგეგმილი უხუცესთა საბჭოს არჩევნების წინ სომხეთის პარლამენტის მიერ ნაჩქარევად იქნა მიღებული.