ჩერნობილი უკრაინისთვის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროდ გადაიქცევა
ჩერნობილი – უკრაინის ქალაქი და კაცობრიობის ისტორიაში ატომური ენერგეტიკის სფეროში მომხდარი ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიის ადგილი მალე ისევ უზარმაზარი რაოდენობის ენერგიის წარმოქმნის ადგილად იქცევა. ამჯერად – ეკოლოგიურად სუფთა, მზის ენერგიის.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური საბჭოთა კავშირში ყველაზე დიდი იყო და ქვეყნის ელექტროენერგიის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს უზრუნველყოფდა. 1986 წლის აპრილში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი რეაქტორი აფეთქდა, რამაც რადიაციის უზარმაზარი გამოსხივება გამოიწვია. ტრაგედიის შედეგად ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან 100 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოხდა, ხოლო ტერიტორია იზოლირებული გახდა.
დაბინძურდა 200 ათასზე მეტი კილომეტრი, მათ შორის 70 პროცენტი – ბელარუსის, რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე. ტრაგედიის რეალური შედეგები და მისგან დაზარალებულთა რაოდენობა დღემდე უცნობია.
პრიპიატი – ჩერნობილის ატომურ-ელექტრონული სადგურიდან ორ კილომეტრში მდებარე ქალაქი. ავარიის შემდეგ მისი მთლიანად ევაკუირება მოხდა. ახლა იქ მხოლოდ ნახევრად დანგრეულ სახლებს, ცარიელ კაფეებსა და მაღაზიებს, ასევე მიტოვებულ გასართობ პარკს თუ ნახავთ. დიდი ქალაქი, რომელშიც ოდესღაც 50 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად დაცარიელებულია.
მაგრამ გაჩნდა სპეციალისტების ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა, ეცადა, რომ ეს მიტოვებული, საშიში ტერიტორიები სასარგებლო გაეხადა, გვიამბობს Bloomberg.
უკრაინული კომპანია Solar Chernobyl – უკრაინელი ბიზნესმენის ევგენი ვარიაგინის Rodina Energy Company-სა და ჰამბურგული Enerparc AG -ის ერთობლივი პროექტია. ზედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ოდესღაც ჩერნობილის ატომური სადგური მდებარეობდა, Solar Chernobyl-მა 1,6 ჰექტარი მიწა, თვეში სულ რაღაც 450 დოლარად აიღო იჯარით. იქ კომპანიამ თითქმის ოთხი ათასი ფოტოგალვანური პანელი დადგა, რომლებიც მზის ენერგიას მოიპოვებენ.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მოპოვება – უკრაინისთვის რუსეთიდან გაზისა და ქვა-ნახშირის მიწოდების შეზღუდვის გეგმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. იულია კოვალივმა, უკრაინის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში უკრაინის ამოცანაა, ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსში განახლებადი წყაროების წილი 11 პროცენტამდე გაზარდოს.
უკვე დღეს, უკრაინა, ფოტოელექტრონული სადგურების სიმძლავრის ტემპების ზრდის მიხედვით, ევროპაში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. პროექტის Solar Chernobyl წყალობით, მზის ენერგიის მომპოვებელი სადგურების საერთო სიმძლავრე ორჯერ უნდა გაიზარდოს.
ეს დაახლოებით 200 ათასი საშინაო მეურნეობის ენერგიით უზრუნველსაყოფად იქნება საკმარისი.
„რეალობა ისაა, რომ ეს დიდი ტერიტორიები მრავალი თაობისთვის მიტოვებული იქნება. შესაძლოა, მილიონი წლითაც კი და ამავდროულად, სხვა მიწები, რომლებიც შეიძლება საძოვრებად ან მინდვრებად გამოდგეს, მზის პანელების დასადგამ ადგილად უნდა იქცეს? ეს ხომ არაგონივრულია. ადამიანის საქმიანობით დაზიანებული ტერიტორია ისევ ადამიანს მოემსახურება. ჩვენთვის ეს პროექტი – სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. ის იმსახურებს, რომ ცხოვრებაში განხორციელდეს“, – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ევგენი ვარიაგინი.