საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. სად არის გამოსავალი? ექსპერტების მოსაზრებები
საქართველოში გრძელდება კრიზისი, რომელიც დაიწყო 14 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის დეპუტატთა მიზეზით პარლამენტში ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლისთვის მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.
მას შემდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში არ წყდება სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები.
• რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის
• ოპოზიცია მიტინგებს უკვე საქართველოს რეგიონებში იწყებს
ხელისუფლებას, რომელიც დათმობაზე წასვლას არ აპირებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას კვლავ ძველი, შერეული სისტემით (პროპორციული და მაჟორიტარული) აპირებს, ოპოზიციამ კომპრომისული, ე.წ. „გერმანული მოდელი“ შესთავაზა.
თუმცა, ხელისუფლება არც ამ დათმობაზეა თანახმა და ამბობს, რომ ეს მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუთავსებელია.
• რას ნიშნავს „გერმანული მოდელი“. მოკლედ და გასაგებად
• პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: დარტყმები ოლიგარქზე ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან
დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრაც უშედეგოდ დასრულდა.
ამ სამი კვირის განმავლობაში პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ორჯერ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
ერთ დღეს სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობას რკინის მესერიც კი შემოავლეს, რომ საკანონმდებლო ორგანო მოპიკეტეებისგან დაეცვათ.
• მუსიკა და ცეკვა თბილისში მიმდინარე პროტესტზე. ვიდეო
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში არ ცხრება სახელისუფლებო უწყებების, მაჟორიტარი დეპუტატების ოფისების პიკეტირება. გასულ კვირას, დაპირისპირებაში ახალი დეტალი გაჩნდა – ამჯერად იმ ადგილებში, სადაც ოპოზიციის პროტესტი მიმდინარეობს, პროსახელისუფლებო ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები ჩნდებიან და პროტესტის მონაწილეებს ფიზიკურად უპირისპირდებიან.
ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ეს ხელისუფლების მიერ მართული პროცესია (ახალგაზრდული ჯგუფების შემადგენლობაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების შვილებიც აქტიურობენ). ოპოზიცია ამ ჯგუფებს „ტიტუშკებს“ უწოდებს.
თბილისის პარალელურად, ოპოზიცია პროტესტის რეგიონებში გადატანას აპირებს – 6 დეკემბერს ქუთაისში მასშტაბური აქცია იგეგმება.
არის თუ არა პოლიტიკური კრიზისი ის, რაც ახლა საქართველოში ხდება? რატომ აღმოჩნდა ხელისუფლება ამ სიტუაციაში? სად არის გამოსავალი?
ამ კითხვებით JAMnews-მა ექსპერტებს მიმართა:
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი:
ის, რაც ახლა ხდება, ცალსახად პოლიტიკური კრიზისია -ერთ მხარეს დგას მხოლოდ მმართველი პარტია, მეორე მხარეს კი ყველა სხვა პარტია, მიუხედავად იმისა, თუ რა პლატფორმაზე არიან ისინი.
ფაქტობრივად, ეს არის პირველი პოლიტიკური კრიზისი ამ ხელისუფლებისთვის, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. შეთანხმებისთვის სივრცე აღარ დარჩა. ჩიხია.
„ქართული ოცნება“ არაფრის დათმობას არ აპირებს, რადგან მისი მთავარი მიზანი მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებაა და ამის გარანტიას ის მაჟორიტარული სისტემაში ხედავს. ამიტომ, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რადაც უნდა დაუჯდეს, 2020 წლისთვის ეს სისტემა არ შეცვალოს.
ძნელი სათქმელია პროცესები როგორ განვითარდება, რადგან ხელისუფლებისთვის წითელი ხაზი აღარ არსებობს. და ეს არის ყველაზე საშიში. ისინი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წავლენ და უკვე მიდიან კიდეც – ვხედავთ, ყოველ დღე სულ როგორ იძაბება ვითარება.
აქედან გამომდინარე, ოპოზიციის მცდელობას ე.წ. „გერმანული მოდელის“ ინიცირებასთან დაკავშირებით, შედეგი არ ექნება.
თუმცა, ოპოზიციას ამის მეტი არც არაფერი დარჩენია. ის გზა, რაც ოპოზიციას აქვს არჩეული – კრიზისი კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივის შეთავაზებით განმუხტოს, ერთადერთი სწორი გზაა და ამაში რაც შეიძლება მეტად უნდა ჩართოს საერთაშორისო საზოგადოება.
თუმცა, დღეს არ ჩანს, რომ ხელისუფლება რამეს დათმობს, რაც ძალიან სახიფათოა. დროზე უნდა მოეგონ გონს.
თორნიკე შარაშენიძე – პოლიტოლოგი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი:
„ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნისას არაფერი გაუკეთებია და ერთადერთი შანსი იყო, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება მაინც შეესრულებინა.
ის ფაქტი, რომ პროპორციული პირადად ივანიშვილის დაპირება იყო, კიდევ უფრო ართულებს ვითარებას. ის რაც ხდება ცალსახად პოლიტიკური კრიზისია, რომლის აღიარება ხელისუფლებას არ უნდა. პირიქით, ყოველდღიური ქმედებებით უფრო ამძაფრებს ამ კრიზისს – ბოლო დღეებში „ტიტუშკებიც“ კი გამოიყვანეს.
ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს. მოლოდინი, რომ რამეს დათმობენ, არარეალისტურია. თუმცა, თუ ასე გააგრძელებენ, თავადვე მოუღებენ ბოლოს საკუთარ თავს – მმართველი პარტია დაიშლება, მით უმეტეს, რომ ეს პროცესი დაწყებულია [პროპორციული წესის ჩაგდების გამო მმართველი გუნდი 13 დეპუტატმა დატოვა პროტესტის ნიშნად_ JAMnews].
ძალაუფლების შენარჩუნებისთვის „ქართული ოცნება““ ვა-ბანკზე მიდის, რაც ძალიან ცუდის მოლოდინს ქმნის. ახლა მნიშვნელოვანია, როგორ იმოქმედებს საზოგადოება და ეყოფა თუ არა ოპოზიციას მოთმინება, რომ ბოლომდე მშვიდად, მშვიდობიანი პროტესტით არ მისცეს ხელისუფლებას მანიპულირების საშუალება.
სიტუაციაში, როდესაც ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა.
არჩილ გამზარდია – საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი:
ივანიშვილმა საზოგადოებისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა, რაც ცალსახად იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში სახელისუფლებო კრიზისია. ამას ემატება ისიც, რომ ბოლოს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით ხელისუფლების ნდობა 25 პროცენტზე ნაკლებია. ანუ „ქართული ოცნების“ გუნდს რეალურად არა აქვს გადაწყვეტილების მიღების მანდატი.
თუმცა, ამ ეტაპზე ხელისუფლება ახერხებს ასე თუ ისე მართოს სიტუაცია და არ გაექცეს სადავეები, მაგრამ სადამდე გაგრძელდება ეს, ძნელი სათქმელია.
მეორე მხრივ, პრობლემაა ოპოზიციაშიც. არც ოპოზიციას აქვს საზოგადოების ნდობა, რომ პროცესების მართვა წაართვას ხელისუფლებას. ცხადია, მშვიდობიან მეთოდებს ვგულისხმობ.
ახლა მთავარია, რომ ოპოზიცია დაჯდეს და მოძებნოს გამოსავალი, როგორ გაუჩინოს საზოგადოებას ნდობა. თუმცა, არსებული რეალობის გათვალისწინებით ესეც შეუძლებელი ჩანს.
ამდენად, საზოგადოება, რომელიც არც ხელისუფლებას ენდობა და არც ოპოზიციას, რთულ მდგომარეობაშია.
ახლა ჩვენი, საზოგადოების ნომერ პირველი ამოცანაა, რომ ეს კრიზისი დაიძლიოს და დაიძლიოს პირველ რიგში იმ მიმართულებით, რომ ხელისუფლებას ერთპარტიული მმართველობის გაგრძელების საშუალება არ მიეცეს.
ხელისუფლება თუ მოახერხებს ერთპიროვნული მმართველობის შენარჩუნებას და საზოგადოების აზრის იგნორირებას, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება.