საქართველოში გრიპის ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა
გაზიარება
გაზიარება
საქართველოში გრიპის ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ გარდაცვლილებს H1N1 ვირუსი ჰქონდათ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მედიასთან განაცხადა, რომ ორივე მკურნალობის დაგვიანებული შემთხვევა იყო:
„სამწუხაროდ, ორი გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს, მოზრდილის, საავადმყოფოებში. ორივე გახლდათ დაგვიანებული შემთხვევა და ორივე გახლდათ თანმდევი ანუ თანმხლები მძიმე ქრონიკული დაავადებებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
“ცირკულირებს ორი ტიპის გრიპის ვირუსი – ა და ბ. პრევმონირებს ბ ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით უფრო მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს ვიდრე ა-ს H1N1 ან ა-ს H3N5,” – თქვა მან.
გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ბ ტიპის ვირუსის ცირკულაცია, დაახლოებით, სამჯერ მეტია. მან განაცხადა, რომ თანდათან მზარდია დინამიკა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში ფიქრობენ, რომ მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში კიდევ იქნება ზრდა, ამიტომ, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ყველა იმ პრევენციული ღონისძიებების გატარება, რა რეკომენდაციებსაც ისინი ამ დროს იძლევიან.
„დღევანდელი მონაცემებით, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე მძიმე შემთხვევები სტაციონარებში შედარებით ნაკლებია, ვიდრე ამ დროისთვის იყო შარშან“, – აღნიშნაამირან გამყრელიძემ.
გრიპი ვირუსული ინფექციაა. ადამიანის გრიპის ვირუსები ყოველწლიურად, სეზონურად აქტიურდებიან. გრიპის ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალ რისკ-ჯგუფებში მყოფი ადამიანებისთვის: ბავშვები, მოხუცები, იმუნოკომპრომეტირებული ადამიანები, სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.