საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ევროპის ორგზის ჩემპიონს სცემა
სკანდალური აღმოჩნდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ჭიდაობაში – ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ევროპის ორგზის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს თავში რკინის საგანი ჩაარტყა. თანაც ეს ყველაფერი ჩემპიონატის მსვლელობისას, მაყურებლის თანდასწრებით მოხდა.
დათუნაშვილი გეგეშიძის გადადგომას ითხოვს. თავად გეგეშიძე კი, აცხადებს, რომ “წაგებით გაღიზიანებული სპორტსმენის უსაფუძვლო მოთხოვნის გამო თანამდებობის დატოვებას არ აპირებს” .
________________________
საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში სპორტის სასახლეში 10 იანვარს დაიწყო.
ახალგაზრდა სპორტსმენებთან ერთად, შიდა კონკურენციაში მსოფლიოს და ევროპის მოქმედმა ჩემპიონებიც იღებდნენ მონაწილეობა.
ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ბრძოლა 11 იანვარს გაიმართა – ერთმანეთს ორი ტიტულოვანი სპორტსმენი – ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი (2016, 2017 წწ) ზურაბ დათუნაშვილი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი შეხვდნენ.
ამ დაპირისპირებაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული – გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობის შანსს მოიპოვებდა.
შეხვედრის დასრულებამდე წამები იყო დარჩენილი, როდესაც ზურაბ დათუნაშვილი ერთ-ერთ მსაჯთან საქმის გასარჩევად მივიდა. მან ჩათვალა, რომ მსაჯებმა დაჩაგრეს. დათუნაშვილმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირებაში სპორტსმენის ძმა და მწვრთნელებიც ჩაერივნენ. კამათი მხოლოდ სიტყვიერი იყო და სიტუაციაც თითქოს განიმუხტა, თუმცა ცოტა ხანში მოვლენების ეპიცენტრმა ხალიჩის მიღმა, დასავლეთ ტრიბუნასთან გადაინაცვლა. რამდენიმე წამში ტრიბუნაზე ისეთი ჩხუბი ატყდა, ვინ ვის ურტყამდა, ვერავინ გაარჩევდა.
კადრებში, რომელიც “რუსთავი2” თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, რომ ჩხუბში სხვებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. თანაც არა გამშველებლის, არამედ ერთ-ერთი აგრესორის როლში. ვიდეოზე დაფიქსირებულია როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძეს რაღაც საგანს დათუნაშვილს თავში. შემდეგ დასისხლიანებული დათუნაშვილის სახეც ჩანს. ზოგი ამბობს, რომ საგანი გეგეშიძის ხელში რკინის ჯაჭვი იყო, სხვები ამტკიცებენ, რომ ხელკეტი. ერთ-ერთი ვერსიით, მას საეკლესიო ფსკვნილი ეჭირა.
ამ ინციდენტის შემდეგ დათუნაშვილმა ფეისბუკზე პოსტი დაწერა, სადაც ფედერაციის პრეზიდენტი ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. სპორტსმენი ასევე ნაკრებში არსებულ არაჯანსაღ გარემოსა და კორუფციაზეც საუბრობს.
სამართალდამცავებმა ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყეს. დაიკითხნენ ჟურნალისტები, მედპერსონალი, მაყურებლების ნაწილი, თუმცა ამ დრომდე არ დაკითხულან საქმის მთავარი ფიგურანტები.
სპორტსმენებს გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურთ. მათ შორის, არც დაზარალებულ ზურაბ დათუნაშვილს. დათუნაშვილი ამბობს, რომ ის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას და არა სამართლებრივ დასჯას ითხოვს.
დათუნაშვილი აქცენტს გეგეშიძის “არავაჟკაცურ” საქციელზე აკეთებს და არა მის მიერ კანონის დარღვევაზე.
დაკითხვაზე არ მივიდა არც გეგეშიძე, მიზეზად მან თავისი ადვოკატის ავადმყოფობა დაასახელა.
საქმეში ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთნენ. ისინი გეგეშიძის დასჯას ითხოვენ. ამ მოთხოვნით უკვე რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა.
თავად გეგა გეგეშიძე გადადგომას არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კადრები, ის უარყოფს, რომ ინციდენტში მონაწილეობდა და დათუნაშვილს ჯაჭვი თუ ხელკეტი ჩაარტყა თავში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სკანდალში ეხვევა.
მისი სახელი დაკავშირებულია 2016 წლის 22 მაისს შუალედური საპარლამენტო არჩევნებისას სოფელ კორცხელში (სამეგრელო) მომხდარ ძალადობასთან.
არჩევნების დღეს კორცხელში თბილისიდან რამდენიმე სპორტსმენი ჩავიდა, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მაშინ ამბობდა, რომ სპორტსმენებისგან შემდგარი “ზონდერ-ჯგუფების”რეკრუტირებას სწორედ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ახდენდა. კორცხელის ინციდენტში უშუალოდ მონაწილეობდა ფედერაციის პრეზიდენტის ძმა ვლადიმერ გეგეშიძე.
ოპოზიცია აცხადებს, რომ გეგეშიძე, რომელიც შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო, ხელისუფლების “ზონდერია”, რომელიც შავ საქმეებს ასრულებს, ამიტომაც ხელისუფლება მისი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გათავისუფლებას არ ჩქარობს.