პრემიერმა ეს ამბავი ხალხს წინასწარ ჩაწერილი სატელევიზიო მიმართვით შეატყობინა. ღარიბაშვილის გამოსვლას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, შესაბამისად, კითხვების დასმის საშუალება არ იყო.
თავის 5-წუთიან მიმართვის დასაწყისში მან მიღწეულ „ისტორიულ შედეგებზე“ ისაუბრა, თუმცა გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.
„ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად“, – განაცხადა მან.
ღარიბაშვილის თქმით, თანამდებობა მისთვის თვისთმიზანი არ არის. „თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო. მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა“, – განაცხადა მან.
საქართველოს კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრის გადადგომას მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტა მოჰყვება. არსებული პროცედურის თანახმად, პრეზიდენტი ფორმალურად წამოაყენებს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერობის კანდიდატს, რომელიც ამის შემდეგ შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად თავის მხრივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად, რასაც სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი 2013 წლის ნოემბერში გახდა, როდესაც მან ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. მანამდე ერთი წლის განმავლობაში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ის პოლიტიკაში ივანიშვილთან ერთად 2011 წლის ბოლოს ჩაერთო, მას შემდეგ,რაც რვა წლის განმავლობაში მასთან მუშაობდა.