საქართველომ აფხაზებსა და ოსებს „უკეთესი მომავლისკენ ნაბიჯი" შესთავაზა. რას ფიქრობენ ისინი ამ წინადადებაზე?
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – ასე ეწოდება საქართველოს ხელისუფლების ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაციის კონკრეტულ პროგრამას გვთავაზობს.
ინიციატივა ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ოსეთის მაცხოვრებლებისთვის მთელ რიგ წინადადებებს გულისხმობს; ეს წინადადებები ეხება ვაჭრობას, ეკონომიკური საქმიანობისა და განათლების მიღების შესაძლებლობას, – თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, როდესაც 4 აპრილს თბილისში ამ პროგრამას წარადგენდა.
„ჩვენი მიზანია – გამყოფ ზოლებს მიღმა საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობებისთვის ხელის შეწყობა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის დოკუმენტი სამ მთავარ პუნქტს შეიცავს:
• გამყოფი ზოლების იქით ვაჭრობის გაფართოება, გამარტივება და ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
• როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების გაჩენა;
• ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებისთვის მარტივად ხელმისაწვდომს გახდის იმ უპირატესობებს, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან დაახლოების შედეგად დაიწყეს სარგებლობა. ეს არის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა, ევროპის ქვეყნებთან უბაჟო ვაჭრობა და სხვა.
ინიციატივის სრული ტექსტი ორი დოკუმენტის სახით გამოქვეყნებულია საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე.
პირველი ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში შეთავაზებულ წინადადებებს შეეხება, მეორე – განათლების საკითხებს.
ძირითადი დეტალები თითოეულ დოკუმენტთან დაკავშირებით
პირველი დოკუმენტი: „გამყოფი ზოლების გასწვრივ ვაჭრობის ხელშეწყობა“
ითვალისწინებს:
• აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთა იდენტიფიკაციას პირადი ნომრით, ანუ მოქალაქეობის მითითების გარეშე. ასე შესაძლებელია იურიდიულ პირად დარეგისტრირება, ასევე გრანტების მიღება, ბანკების მომსახურებით სარგებლობა და განათლების მიღება.
• საგანგებო ეკონომიკური სივრცის შექმნა. პირველ რიგში საუბარია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხზე, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს.
განიხილება ამგვარი სივრცის შექმნა სოფელ ერგნეთთანაც, სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სადაც ოდესღაც ცნობილი ბაზრობა ფუნქციონირებდა.
აქ განლაგდება სავაჭრო ობიექტები, ავტობაზრობები, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ფილიალები. აქ აფხაზეთისა და ოსეთის მაცხოვრებლები საკუთარი ბიზნესის რეგისტრირებას და პროდუქციის გაყიდვას შეძლებენ.
• გადასახადების გადამხდელის სპეციალური სტატუსი. ეს სტატუსი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში წარმოებული პროდუქციის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მიწოდებისას, ანდა ქართული პროდუქციის აფხაზეთსა და ოსეთში გატანისას საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის საშუალებას იძლევა.
თუმცა, ეს სტატუსი, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის გავლით, საქართველოში იმ პროდუქციის შეტანას კრძალავს, რომელიც ამ რეგიონებში არ არის წარმოებული, ასევე – აქციზური საქონლის შეტანას.
ეს რეჟიმი ასევე იძლევა ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქტის ექსპორტირების საშუალებასაც.
• აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში წარმოებული საქონლის ნეიტრალური მარკირება – მხოლოდ ქალაქისა და მწარმოებლის მისამართის მითითებით, სახელმწიფოს მითითების გარეშე.
• ბიზნესის განვითარებისთვის სპეციალური საგრანტო პროგრამები.
მეორე დოკუმენტი: „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთი ოსეთის მაცხოვრებლებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობების განვითარება“.
ითვალისწინებს:
• მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფა. დოკუმენტი იცავს იმ ეთნიკური ქართველების უფლებებს, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ და ამჟამად მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალებას მოკლებულნი არიან.
• აფხაზური ენის დაცვა და განვითარება. ამ მიზნით, საქართველოში უკვე შექმნილია სახელმწიფო პროგრამა.
• „ინდივიდუალური ნომრის“ საშუალებით საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობა, რაც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ ითვალისწინებს.
• აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სტუდენტებისთვის კვოტები სახელმწიფო გრანტების მიღებაზე. ეს ნიშნავს გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარების შესაძლებლობას (მშობლიური ენა კი – აფხაზურად და ოსურად), ასევე ეროვნული უმცირესობებისთვის მოქმედი 4+1 სისტემით სარგებლობას (ერთი წელიწადი ქართული ენის შესასწავლად, პლუს 4 წელი ბაკალავრიატი).
ასევე შეიქმნება საგანგებო მოსამზადებელი საფეხური უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩასაბარებლად.
• დასავლეთის ქვეყნების საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ქართველი და აფხაზი ექსპერტების აზრი:
თორნიკე შარაშენიძე – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამის ხელმძღვანელი:
„ეს დოკუმენტი არ იმუშავებს. სასაცილოა აფხაზებისა და ოსებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთავაზება, რომელსაც ნორმალურად ჩვენი მოსახლეობაც კი ვერ იყენებს. როდის იქნება, რომ აფხაზური და ოსური პროდუქციის სტანდარტები ევროპულამდე მიაღწევს?
კონცეფცია კარგია, ქართულმა მხარემ თავი კონსტრუქციულ და მშვიდობისმოყვარე ქვეყნად წარმოაჩინა. თუმცა, ის ვერ შეძლებს საინფორმაციო ბლოკადის გარღვევას, რათა ოსებსა და აფხაზებს დაანახოს, თუ როგორია საქართველო სინამდვილეში. ამისთვის ისინი სამთავრობო ინიციატივებით არ უნდა აავსო. თუ გინდა, რომ შეგიყვარონ, შენი კულტურა და შემოქმედება უნდა უჩვენო. აზრადაც არავის მოსვლია, რომ პოპულარული ქართული სერიალები მაინც გადაეთარგმნათ და youtube-ზე დაედოთ“.
პაატა ზაქარეიშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი:
„ეს დოკუმენტი უნაკლოა – თუმცა უშედეგო. მიზეზი ისაა, თუ როგორ არის ის „შეფუთული“.
2005 წელს სააკაშვილის მთავრობას ბევრი კარგი იდეა ჰქონდა, მაგრამ „შეფუთვა“ ასეთი იყო: „ჩვენ გთავაზობთ“. და არანაირი წინასწარი მოლაპარაკებები მათთან, მაგრამ ადამიანებისთვის მიუღებელია, როდესაც მათ ეუბნები: „მე შენ ამას გაძლევ“. ეს აფხაზებსა და ოსებს აიძულებს, რომ ამ პროექტებში მონაწილეობაზე უარი თქვან.
პროექტში წარმოდგენილი იდეები თანდათანობით უნდა განხორციელებულიყო, ყოველგვარი საჯარო განცხადებების გარეშე“.
აფხაზი ჟურნალისტი და რედაქტორი ინალ ჰაშიგი:
“საქართველოს მთავრობისთვის მთავარ ღირებულებას ადამიანი, მისი უფლებები და ღირსება წარმოადგენს“, – ნათქვამია დოკუმენტის პრეამბულაში. თუმცა, დოკუმენტისთვის ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია იმის დასანახად, რომ ეს „ფასეულობა“ ფრიად შეზღუდული ცნებაა. აფხაზებისა და ოსებისთვის სავარაუდო შეღავათების ვრცელი ჩამონათვალი ასე თუ ისე საქართველოს იურისდიქციასთან არის მიბმული.
ანუ, თუკი პირობითად, ლუქსემბურგთან გინდა ვაჭრობის დაწყება – შენი საქონელი, შემოთავაზებული პროცედურის თანახმად, აფხაზური კი არა, ქართული აღმოჩნდება, რადგან ყველა თანმხლები დოკუმენტი ქართული იქნება.
სინამდვილეში ეს ახალი ინიციატივა აფხაზ მეწარმეს არავითარ დამოუკიდებლობასა და რეალურ თავისუფლებას არ აძლევს. ყველაფერი, რასაც საქართველო აფხაზ ბიზნესმენს სთავაზობს – ეს საქართველოს ეკონომიკური სივრცის ნაწილად ქცევაა, და სხვა არაფერი.
აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის დანარჩენ მსოფლიოსთან ბიზნესის დამოუკიდებლად წარმართვას ქართული ინიციატივის არც ერთი პუნქტი არ ითვალისწინებს. თუმცა, ასეთი მიზანი არც ყოფილა.
ნამდვილი სამშვიდობო ინიციატივისთვის საკმარისი იქნებოდა რამდენიმე მოკლე თეზისი:
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ გაუქმება;
- სატრანსპორტო კომუნიკაციებზე ბლოკის მოხსნა – პირველ რიგში, საზღვაო პორტსა და სოხუმის აეროპორტზე.
- აფხაზი მეწარმეებისთვის, საქართველოსთან ყოველგვარი მიბმის გარეშე, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის წარმართვის საშუალების მიცემა.
აი, ეს სამი პუნქტი, რომლებიც საქართველოს ბიუჯეტს არაფერი არ დაუჯდებოდა, საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ აფხაზებს ქართველების მხრიდან მათთან შერიგების გულწრფელი სურვილი დაეჯერებინათ. ეს კი, რასაც ამჟამად თბილისი სთავაზობს – უბრალოდ მანევრებია”.
სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას „მორიგი PR-აქცია“ უწოდა. განცხადებაში ნათქვამია: „ეს არის საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე საქართველოს, როგორც კონსტრუქციული მთავრობისა და მშვიდობის მოყვარე ქვეყნად წარმოჩენის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა“.
სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ნამდვილად რეალისტური გადაწყვეტილება იქნებოდა „საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული პასუხისმგებლობის მქონე დოკუმენტის ხელმოწერაზე თანხმობა, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა, და ასევე – სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდის გამო, საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება“.