საქართველო, ხაზზეა "112"
ფოტო : გიორგი ზედგინიძე
პირველი, რასაც “მფრინავი თეფშის” ფორმის ამ შენობაში გაიგონებ, თითქოს თბილისის თავზე მოწკრიალე – დაუსრულებელი სატელეფონო ზარებია. და იქვე მონოტონური კითხვები: “რა მოხდა? თქვენი სახელი და გვარი? თუ შეიძლება არ გათიშოთ”.
ათიოდე წუთს ვიცდიდი, ვიდრე გათავისუფლდებოდა ოპერატორი, რომელიც ინტერვიუს მოცემაზე დამთანხმდა – ამ ათ წუთში მან 20 ზარს უპასუხა. ძირითადად “სასწრაფო დახმარებას” ითხოვდნენ, თუმცა ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც მხოლოდ საუბარი უნდოდათ.
26 წლის ნინო (ოპერატორის გვარის საჯაროდ დასახელება არ შეიძლება-რედაქტორის შენიშვნა), ყოველდღიურად 350-400 ზარს პასუხობს. ის ექსტრემალური დახმარების სამსახურის ოპერატორია. მისი მთავარი დანიშნულებაა – მიიღოს ზარები და მაშინვე გაუწიოს ადამიანებს დახმარება, ან “სასწრაფო დახმარების” გამოძახებით, ან სახანძრო სამსახურის, ხშირად კი – პოლიციისაც.
ნინო ამბობს, რომ ოპერატორის საქმე თავიდან პრიმიტიული ეგონა. თუმცა, რეალობა ბევრად რთული და საინტერესო აღმოჩნდა.
“ოპერატორობის გარდა, ჩვენ კიდევ ფსიქოლოგებიც ვართ. მუდმივად ექსტრემალურ სიტუაციაში ვმუშაობთ, ადამიანები ხომ მხოლოდ მაშინ გვიკავშირედებიან, თუკი რაიმე შეემთხვევათ. ზოგიერთი ისე ნერვიულობს, დალაგებულად ვერც კი გვიყვება მომხდარის შესახებ. ასეთ დროს ოპერატორს მობილიზება მართებს და მან ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ადამიანს დროულად აღმოუჩინონ სათანადო დახმარება”.
საქართველოს ექსტრემალური დახმარების სამსახურში იმ შემთხვევაშიც კი შესაძლებელია დარეკვა, თუ ადამინს ტელეფონის ანგარიში გამოლეული აქვს, ან თუკი საერთოდ არ აქვს სიმ-ბარათი.
“112”-ის სხვა ოპერატორი, ნიკა, გვიყვება ორ ამბავს, რომლებითაც ამაყობს, რადგან ადამიანების გადარჩენა შეძლო.
ერთხელ რეკავდა 9 წლის გოგონა, რომელიც გაჭედილ ლიფტში ჩაიკეტა, მობილური ტელეფონის ანგარიში გამოლეული ჰქონდა, და მშობლებს ვერ უკავშირდებოდა.
ნიკას მეორე ისტორია მთაში დაკარგულ მწყემსზეა. “შემოვიდა ზარი, ოღონდ დამრეკავმა ისიც კი არ იცოდა, ვის დაუკავშირდა. უბრალოდ, ალბათ გაგონილი ჰქონდა ჩვენი ნომერი. როგორც გაირკვა, ეს იყო მწყემსი, რომელმაც საქონელი საძოვარზე გარეკა და ცუდად გახდა. იმ ადგილას კი მობილური კავშირი არ იყო, და ვერავის ურეკავდა. საბედნიეროდ, დროულად მოვახერხეთ სამშველო ოპერაციის ორგანიზება და ყველაფერი კარგად დასრულდა”, – ჰყვება ნიკა.
2015 წელს “112”-ზე 75 ათასზე მეტი ზარი შევიდა. უმეტესად დამრეკავებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.
ცვლის ოპერატორი ეკა “112”-ზე მისი დაარსების დღიდან მუშაობს. მისი თქმით, ემოციურად ყველაზე რთულია, როდესაც დახმარებას ბავშვები ითხოვენ. ისინი, უფრო ხშირად, სწორად ვერ აფასებენ საშიშროების ხარისხს, ზოგჯერ ძალიან უნდა მოინდომო, რომ კავშირი არ გაწყვიტონ.
ზოგი ბავშვი ნამდვილი გმირივით იქცევა, – ამბობს ეკა. მაგალითად, 11 წლის დეა მგელაძე. გოგონა სახლში ბებიასთან ერთად იყო მარტო. ბებია უეცრად ცუდად გახდა და გონება დაკარგა. დეამ მაშინვე “112” აკრიფა და დაწვრილებით აუხსნა სიტუაცია ოპერატორს. მისი წყალობით, “სასწრაფოს” ბრიგადა ადგილზე მომზადებული მივიდა, და ბებია გადაარჩინეს.
ერთ-ერთ მთავარ აქტუალურ პრობლემად რჩება – “ტყუილი ზარები”. ბოლო 4 წლის განმავლობაში “112”-ის სამსახურმა 32 მილიონ 800 ათასი ზარი მიიღო, და მათგან მხოლოდ 7 მილიონი იყო საქმიანი ზარი. დანარჩენი ზარების ავტორები ან ერთობოდნენ, ანდა უბრალოდ ლაპარაკი სურდათ, ზოგიერთი რაიმე სიმღერის ჩართვასაც კი ითხოვდა.
2014 წლიდან მსგავსი ზარების ავტორების მიმართ უკვე დაწესებულია სანქციები და ჯარიმები.