საქართველო: კორონავირუსით 15 ინფიცირებული. რა ვიცით მათ შესახებ? დეტალურად
[მასალა განახლებადია]
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 15 ინფიცირებულია.
141 ადამიანია კარანტინის რეჟიმში.
51 ადამიანია სტაციონარებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
შედარებით მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა. მათ ორმხრივი ფილტვების ანთება აქვთ.
• საქართველო: დამსაქმებლებს მოვუწოდებთ არ დაუშვან სამსახურში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულები
• კორონავირუსი: არავითარი ხელის ჩამორთმევა, ერთმანეთს იდაყვებითა და ფეხსაცმელებით ვესალმებით. ვიდეო
• საქართველო: ტურისტები აღარ ჩამოდიან, სასტუმროები გაკოტრების პირას არიან
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა და იგი ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეს აღმოაჩნდა.
საქართველოში გამოვლენილი თხუთმეტივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.
აქედან ორ შემთხვევაში მოქალაქეებმა ვირუსი ირანიდან შემოიტანეს. 13 შემთხვევა კი იტალიას უკავშირდება.
მხოლოდ ორ შემთხვევაში მოხდა ინფიცირებულების საზღვარზე იდენტიფიცირება, დანარჩენ შემთხვევაში ინფიცირებულებმა თავად მიმართეს კლინიკას და მათი დიდი ნაწილი მანამდე კარანტინში ან თვითიზოლაციაში არ ყოფილა.
თხუთმეტიდან არც ერთი არ არის ხანდაზმული ასაკის, რაც მაღალი რისკის ჯგუფია.
ოფიციალური ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით დაავადებულების შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge იყრის თავს.
როგორ ვრცელდებოდა ვირუსი საქართველოში და რა ვიცით ინფიცირებულების შესახებ
შემთხვევა #1
კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ინფიცირებული 50 წლის მამაკაცი სპეციალისტებმა საზღვარზევე გამოავლინეს – ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მომავალი მოქალაქე აზერბაიჯანის საზღვრიდან პირდაპირ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს. შესაბამისად, მას ქვეყნის შიგნით კონტაქტები არ ჰქონია. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევა #2
კორონავირუსის მეორე შემთხვევა 28 თებერვალს გამოვლინდა – იგი იტალიიდან ჩამოსული 31 წლის ქალია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იგი თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა, მან სამსახურში მისვლა მოასწრო. იგი “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში მუშაობს. ფილიალი მალევე დაკეტეს და დეზინფექცია ჩაუტარეს. ის ადამიანები კი, რომლებთანაც ქალს კონტაქტი ჰქონდა, კარანტინსა და თვითიზოლაციაში არიან.
შემთხვევა #3
29 თებერვალი – მესამე დადასტურებული შემთხვევა. ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც შემოვიდა ირანიდან და ჰქონდა კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. ისინი ერთად იყვნენ ირანში, თუმცა საქართველოში სხვადასხვა დროს ჩამოვიდნენ. ეს ადამიანიც, პირველის მსგავსად, აზერბაიჯანის საზღვრიდანვე წაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში.
შემთხვევა #4
მეოთხე შემთხვევა 4 მარტს გვიან საღამოს დადასტურდა (თუმცა ინფორმაცია საჯარო 5 მარტს გახდა). ამ 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა, სხვებზე მძიმეა. მას მაღალი სიცხე და ორმხრივი ფილტვების ანთება აქვს.
ამ პაციენტს გამოარჩევს ისიც, რომ მის ირგვლივ შექმნილია რთული ეპიდმდგომარეობაა – იმ ჯგუფის, წევრები რომელთან ერთადაც იგი იყო იტალიაში, ასევე ინფიცირებულები არიან და მათგან ინფექცია უკვე საქართველოს შიგნით, სხვებსაც გადაედოთ.
პაციენტი #4 თბილისში 2 მარტს გამთენიისას ჩამოვიდა ვენის რეისით, თუმცა ვენა მხოლოდ სატრანზიტო ქალაქი იყო – სინამდვილეში ის და მისი თანხმლები პირები (ოჯახის წევრები და ასევე მეგობრები) იტალიაში გატარებული რამდენიმე დღიანი შვებულებიდან მოდიოდნენ.
ჩამოსვლიდან მეორე დღეს მან თავი შეუძლოდ იგრძნო, ჰქონდა სიცხე და ორი დღე სახლში მკურნალობდა, მხოლოდ ამის შემდეგ მიაკითხა მან ინფექციურ საავადმყოფოს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში ითქვა, რომ ამ ადამიანმა მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება გამოიჩინა და იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამისთვის მას მადლობაც კი გადაუხადეს.
შემთხვევა #5, #6, #7, #8, #9
5 მარტს საღამოს, ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ ხუთი დადებითი პასუხი მოვიდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, ამ ხუთივე ადამიანმა ნომერ მეოთხე პაციენტთან ერთად იმოგზაურა იტალიაში. ისინი საქართველოში ერთად ვენის რეისით 2 მარტს გამთენიისას ჩამოვიდნენ. ვინაიდან არ ჰქონდათ სიმპტომები, ისინი წავიდნენ სახლში და არც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ რამდენიმე დღე.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, პირობითად ნომერ მეხუთე პაციენტმა, იტალიიდან დაბრუნების შემდეგ არათუ თვითიზოლაციის წესი არ დაიცვა, არამედ საკმაოდ ბევრ ადამიანს ეკონტაქტა ჩამოსვლიდან მეორე დღესვე. უკვე გამოვლენილია ორი ადამიანი, რომელსაც ვირუსი სწორედ ამ პირისგან გადაედო.
ცნობილია, რომ პაციენტი #5 ერთ-ერთი მსხვილი ფარმაცევტული ფირმის ხელმძღვანელია. ამ ფირმის ოფისი თბილისის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ცენტრის “ევექსის” სათაო ოფისში (არა თავად ჰოსპიტალში) ფუნქციონირებს.
ორშაბათს, 2 მარტს, ანუ ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე საათში ეს ადამიანი სამსახურში მივიდა, სადაც მთელი დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდა თანამშრომლებს და ჩაატარა რამდენიმე შეხვედრაც.
მას შემდეგ, რაც ამ ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა, დაიკეტა “ევექსის” სათაო ოფისი, სადაც ჩატარდა დეზინფექცია. კლარანტინსა და თვითიზოლაციაში მოექცა რამდენიმე ათეული ადამიანი, ვისთანაც ამ პირს კონტაქტი ჰქონდა.
ჩამოსვლის შემდეგ, თვითიზოლაციაში არ ყოფილან არც ამ კლასტერის სხვა წევრები – დანარჩენი ოთხი ადამიანი.
შემთხვევა #10
7 მარტი. ეს არის კორონავირუსით ინფიცირებული პირველი საჯაროდ იდენტიფიცირებული პაციენტი, რომელმაც თავად დაწერა ფეისბუკზე, რომ ვირუსი აქვს. იგი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი – ნიკოლოზ გამყრელიძეა, რომელსაც კორონავირუსი საკუთარი თანამშრომლისგან – #5 პაციენტისგან გადაედო.
ნოკოლოზ გამყრელიძე თავადაც მედიკოსია. იგი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) დირექტორია და იმავე შენობაში მუშაობს, სადაც #5 პაციენტი.
გამყრელიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მის თანამშრომელს ვირუსი გამოუვლინდა, ის თვითიზოლაციაში იმყოფება და პირველივე სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ ექიმებს მიმართა. მისი თქმით, ასევე გამოვლენილია კონტაქტები, რომლებთანაც ნიკოლოზ გაყრელიძეს ჰქონდა ურთიერთობა – ისინი იზოლირებულები არიან.
შემთხვევა # 11, #12, #13
7 მარტს ცნობილი გახდა კიდევ სამი შემთხვევის შესახებ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამივე შემთხვევა დაკავშირებულია იტალიაში მოგზაურობასთან ან იტალიიდან ჩამოსულ ადამიანთან კონტაქტთან. ამ სამიდან ერთ-ერთი საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოშია.
შემთხვევა #14
9 მარტი. თბილისის ინფექციურ კლინიკაში სახლიდან შემოვიდა ვირუსის ნიშნებით მამაკაცი, რომელსაც კლინიკურად დაუდასტურდა ინფექცია. მას არსად უმოგზაურია – კორონავირუსი მას ასევე #5 პაციენტისგან გადაედო.
შემთხვევა #15
ეს პაციენტი, რომელსაც ასევე 9 მარტს დაუდასტურდა ვირუსი, ჩამოვიდა ესპანეთიდან, თუმცა ასევე ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან. ამიტომ, ამ ეტაპზე გაურკვეველია, ეს შემთხვევა ესპანეთიდანაა შემოტანილი თუ იტალიიდან. ამ პაციენტმაც კლინიკას ბინიდან მიაკითხა და მანამდე ის თვითიზოლაციაში არ ყოფილა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოთხი მთავარი რეკომენდაცია:
• ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან (განსაკუთრებით კი, იტალიიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან) უნდა დარჩეს თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში.
• ხელების ხშირი დაბანა და პირადი ჰიგიენის დაცვა.
• მინიმუმ 1.5 მეტრიანი დისტანციის დაცვა სხვა ადამიანებთან კონტაქტის დროს.
• შეძლებისდაგვარად ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან თავის შეკავება.
[მასალის თავდაპირველ ვარიანტში შევიდა შესწორებები. თავდაპირველ ვარიანტში ეწერა, რომ ევექსის შენობაში #4 პაციენტი მუშაობდა, რაც მცდარი ინფორმაციაა]