საქართველო და რუსეთი - მიიღებენ თუ არა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას
ა
ფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხზე რუტინად ქცეული ჟენევის მოლაპარაკებები ამჯერად არამხოლოდ საქართველოშია აქტიური განხილვის თემა, არამედ – რუსეთშიც.
ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა გაზეთ „ კომერსანტს“ განუცხადა, რომ 2018 წლის 27-28 მარტს ჟენევაში მორიგ შეხვედრაზე, შესაძლოა, “დიდი ხნის ნანატრ გარღვევას მიაღწიონ“ – ხელი მოეწერება ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადებას, რომელსაც მოლაპარაკებების ყველა მონაწილე მოაწერს ხელს, კერძოდ კი: საქართველო, რუსეთი, აშშ, აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებები, ასევე კონსულტაციების თანათავმჯდომარეები – ევროკავშირი, გაერო და ეუთო.
კარასინმა თქვა, რომ ამ მოსალოდნელ დეკლარაციაში აფხაზეთისა და ოსეთის სტატუსს არ შეეხებიან და ჟენევის დისკუსიის მონაწილეები „უბრალოდ განაცხადებენ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობისას ძალის გამოყენებაზე უარს ამბობენ“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თითქმის მაშინვე გააკეთა საპასუხო განცხადება. მან საზოგადოებრივ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ „არაფრის ხელმოწერა არ მოხდება, და იგეგმება მოლაპარაკებები განცხადების ტექსტთან დაკავშირებით“.
იმის მოლოდინში, მოეწერება რაიმეს ხელი, თუ განცხადება გაკეთდება, მიმდინარე პროცესებისა და მათი წინა ისტორიის თაობაზე კომენტარების მისაღებად JAMnews-მა რამდენიმე ქართველ ექსპერტს თხოვნით მიმართა. ექსპერტების პასუხები ორ მთავარ თემად დაჯგუფდა:
რა ინტერესები აქვს საქართველოს?
რა ინტერესები აქვს რუსეთს?
შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ – რა ინტერესები აქვს საქართველოს?
სერგი კაპანაძე, პარლამენტის დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო“:
„ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ ამ თემაზე ხელი არაფერს არ უნდა მოაწეროს. 2010 წელს ჩვენ უკვე ავიღეთ ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. 2013 წელს ასეთივე ვალდებულება მიიღო საქართველოს პარლამენტმაც და ახლა იურიდიულად ვალდებულია, რომ ის შეასრულოს. ახლა ლაპარაკი მხოლოდ იმაზეა, რომ ანალოგიური ვალდებულება რუსეთმაც აიღოს.
რა აზრი აქვს სოხუმთან და ცხინვალთან თავდასხმის არგანხორციელების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას? თუნდაც მათი სტატუსის საკითხიც რომ გვერდზე გადავდოთ – რა, გვეშინია, რომ ისინი თავს დაგვესხმებიან? საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საფრთხეს ოკუპანტი წარმოადგენს. სწორედ რუსეთმა უნდა გასცეს გარანტია – თუნდაც ისეთი, როგორც საქართველომ – ცალმხრივი ვალდებულებების შესახებ განაცხადოს“.
პაატა ზაქარეიშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი:
„ასეთ შეთანხმებას ხელი უნდა მოეწეროს, მაგრამ მთავარი ისაა, თუ როგორ და ვისთან. სამწუხაროდ, ამჟამად ამ საკითხის განვითარების ვერანაირ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რუსეთის მხრიდან გაკეთებული იმ უცნაური განცხადების გარდა.
საქართველომ ერთმანეთისგან უნდა განასხვავოს ორი მიდგომა: ვინმეს წინაშე დათმობაზე წასვლა კი არ არის საჭირო, არამედ საკუთარი თავისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა. მათ შორის არის – აფხაზეთის და ოსეთის მხარეებთან მოლაპარაკებები, და იმის გარკვევა, თუ რა სჭირდებათ მათ. რუსეთს კი უნდა უთხრან, რომ განზე „გაიწიოს“.
თანახმა ვარ, რომ არც ისე მარტივია ეს ყველაფერი. ერთი მხრივ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი, მეორე მხრივ – ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები. მაგრამ, თუკი საქართველო-რუსეთის დონეზე არაფერი გამოვა, იქნებ საქართველო-აფხაზეთის ან საქართველო-ოსეთის დონეზე მაინც მივაღწიოთ თუნდაც რაიმე პროგრესს.
რას იგებს საქართველო დროის გაწელვით, ან იმით, რომ არაფერი ხდება? იქნებ ღირდეს ჩვენს პოლიტიკას გადავხედოთ, და რაიმე ისეთი მიმართულება ავირჩიოთ, რომელიც აფხაზეთისა და ოსეთის საზოგადოებებისთვის მისაღები აღმოჩნდება, და ნაბიჯების გადადგმა ამ წერტილიდან გავაგრძელოთ“.
ნინო კალანდაძე, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი:
„სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენელთა ზეპირი განცხადება თუ გაიჟღერებს – ეს ნიშნავს, რომ ქართული მხარე მათ დამოუკიდებლობას ცნობს და საკუთარ სუვერენიტეტზე უარს ამბობს. იმედია, ეს საკითხი არც კი განიხილება“.
შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ – რა ინტერესები აქვს რუსეთს?
სერგი კაპანაძე, პარლამენტის დეპუტატი ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოდან“:
„ამ ისტორიაში რუსეთს ტრადიციულად ერთადერთი ინტერესი აქვს – აფხაზეთისა და ცხინვალის ლეგიტიმაცია, და ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამაზე არ უნდა წავიდეთ“.
გიორგი კანაშვილი ორგანიზაცია „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი:
„ასეთ დოკუმენტზე მუშაობა, უკვე რამდენიმე წელიწადია, მიმდინარეობს, მაგრამ კომპრომისის მიღწევა არ ხერხდება. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველო მზად არის დოკუმენტს ხელი იმ შემთხვევაში მოაწეროს, თუკი მას ხელს რუსეთიც მოაწერს. მაგრამ რუსეთი სულ აცხადებდა, რომ კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენდა. თუკი ამჯერად რაიმე დოკუმენტს ყველა მოაწერს ხელს, და მათ შორის რუსეთიც – ეს რუსეთს იმ აზრის გამყარების შესაძლებლობას მისცემს, რომ ის კონფლიქტის მხარე კი არ არის, არამედ ამ დოკუმენტს ისევე აწერს ხელს როგორც, მაგალითად, აშშ და საერთაშორისო ორგანიზაციები“.
თორნიკე შარაშენიძე – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი:
„რუსეთი – წამყვანი მოთამაშეა. კავკასიაში მისი სამხედრო ბაზებია დისლოცირებული, მოსკოვს რეგიონზე ზემოქმედების ბერკეტები აქვს. ამიტომ რუსეთს გარდაქმნები არ სჭირდება, არსებული სტატუს-კვოს პირობებში თავს სრულიად კომფორტულად გრძნობს“.
პაატა ზაქარეიშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი:
„მე რუსეთი არ მაინტერესებს. მე საქართველოს მოქალაქე ვარ და მხოლოდ საქართველო მაინტერესებს და მაღელვებს. მაგრამ, თუკი ჩვენს ინტერესებზე მხოლოდ იმიტომ ვიტყვით უარს, რომ ის რუსეთისას ემთხვევა – ეს დაუშვებელი და დანაშაულებრივიც კია. სჯობს, საკუთარი ინტერესებით დავკავდეთ.
ოსებთან და აფხაზებთან მოლაპარაკებების გამართვა ჩვენს ინტერესებშია? და თუ ამაზე მხოლოდ იმის გამო ვამბობთ უარს, რომ ეს რუსეთს სურს – მაშინ კიდევ ერთი ათი წლით ყველაფერი ძველებურად დავტოვოთ, მაგრამ იმაზე ვინ აგებს პასუხს, რომ ეს ხალხი სულ უფრო მეტად შორდება საქართველოს?“
„რასაკვირველია, რუსეთს სურს, მთელ მსოფლიოს დაანახოს, რომ ის არაფერ შუაშია, მაგრამ აფხაზებთან და ოსებთან მსჯელობის დაწყება – სულაც არ ნიშნავს იმის აღიარებას, რომ რუსეთი არაფერ შუაშია. საქართველო რუსეთთან, როგორც მტრულ სახელმწიფოსთან, ისე უნდა გააგრძელოს ლაპარაკი, მაგრამ აფხაზეთი და ცხინვალი – საქართველოს რეგიონებია, და მათ საკუთარი რეგიონებივით უნდა ველაპარაკოთ. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია იმას ამბობს, რომ საქართველომ მოლაპარაკებების ეს სხვადასხვა დონე უნდა დაინახოს“.
• საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. მას შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით არსებობს: ეს არის ჟენევის დისკუსიები და მხარეთა საგანგებო წარმომადგენლების რეგულარული შეხვედრები – თბილისის მხრიდან ეს არის ზურაბ აბაშიძე, მოსკოვის მხრიდან – გრიგორი კარასინი.
• ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების/შეთანხმების ტექსტზე მუშაობა ჟენევის მოლაპარაკებებზე ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. რამდენიმე ხნის წინათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამ მოლაპარაკებათა ფორმატის ასამაღლებლად პირადად ჩართულიყო ჟენევის მოლაპარაკებებში და რუსეთის ფედერაციას ამ მიმართულებით შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.