საფეხბურთო დაპირისპირება მოედნის გარეთ
სომხეთის საფეხბურთო ნაკრების გარშემო სიტუაცია ასე არასდროს გამძაფრებულა, მიუხედავად იმისა, რომ მარცხი და წარუმატებლობა ადრეც ყოფილა. აქამდე არავის ახსოვს, რომ ფედერაციას წაგებებში მხოლოდ მოთამაშეები დაედანაშაულებინა; მათ კი, თავის მხრივ, არასდროს ‘გაუბედავთ’ ოპოზიციაში ჩასდგომოდნენ ფედერაციის პრეზიდენტს. მაინც რა ხდება ჩვენს ნაკრებში და მის ირგვლივ?
ის, რომ სომხეთის ეროვნული ნაკრები ევრო-2016-ის შესარჩევ ტურში დამარცხდებოდა, ჯერ კიდევ 2014-ში გახდა ცხადი, სასტარტო თამაშების დროს. სომეხი გულშემატკივარი ვერ ხედავდა სწრაფ, შემტევ, და რაც მთავარია, თავდადებულ თამაშს.
სომხეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ბერნარ შალანდი ცდილობდა, რაღაც ახალი ტაქტიკური გადაწყვეტილებებისთვის მიეგნო. თუმცა, მარცხს მარცხი მოსდევდა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუბენ აირაპეტიანმა მაშინ, 2014 წელს განაცხადა, რომ შალანდთან თანამშრომლობა გაგრძელდებოდა.
რამდენიმე თვის შემდეგ, ალბანეთთან თამაშის წაგების შემდეგ შვეიცარიელი გადადგა. მის შემცვლელად მოსულმა სარქის ოვსეპიანმაც, ასევე, ვერ უშველა სომხეთის ნაკრებს. შედეგად, სომხეთის ნაკრებს 8 წაგება და 2 ფრე ჰქონდა.
ასეთი შედეგი და სომხეთის ნაკრების ისევ დამარცხება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში, რასაკვირველია, ვერ დააკმაყოფილებდა გულშემატკივარს. საფრანგეთთან ამხანაგური თამაშის დროს, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გულშემატკივრებმა ისევ აუტეხეს სტვენა საკუთარ მოთამაშეებს.
ერევანში დანიასთან თამაშის დროს გულშემატკივართა მოძრაობამ ‘პირველი სომხური ფრონტი’ მოუწოდა ფეხბურთელებს ‘აზრზე მოსულიყვნენ’ და ‘გამოფხიზლებულიყვნენ’, თან გამოფინეს პლაკატები, რომლებზეც ნაკრების ყველა წაგება იყო წარმოდგენილი. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ალბანეთთან თამაშის შემდეგ ფანებმა ‘მწვრთნელი მოითხოვეს’.
ყოველივე ამის შემდეგ სომხეთის გულშემატკივართა ფრონტი პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას სამი მოთხოვნა წაუყენა:
1. მოეწვიათ ნაკრებში უცხოელი, მაღალი კლასის და ქარიზმული მთავარი მწვრთნელი;
2. გამოირიცხოს უარის თქმა ფეხბურთელებზე, ისეთი მიზეზებით, რაც ფეხბურთს არ უკავშირდება;
3. შემცირდეს ბილეთების ფასი.
მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა, სომხეთის გულშემატკივართა ფრონტმა მოაწყო საპროტესტო აქცია, მსვლელობა ფეხბურთის ფედერაციის შენობისკენ. აქ მათ დაკეტილი კარი და პოლიცია ელოდათ. შედეგად, მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი დაემატა: ფედერაციის პრეზიდენტ აირაპეტიანისა და აღმასკომის გადადგომა.
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ არც მეორე საპროტესტო აქცია მიიჩნა ყურადღების ღირსად. გულშემატკივრებმა კი განაცხადეს, რომ იბრძოლებდნენ, ვიდრე თავისას არ მიაღწევდნენ.
ორთვიანი დუმილის შემდეგ ფედერაციამ, როგორც იქნა, ყურადღება მიაქცია მომხდარს. რუბენ აირაპეტიანმა გადაწყვიტა, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სიტუაცია შეეფასებინა და პასუხი გაეცა იმ კითხვებზე, რაც ყველა ფეხბურთის მოყვარულს აღელვებს.
მან მოსლოდნელზე მეტი გახსნილობა და გულწრფელობა გამოავლინა, და თქვა, რომ თურმე ეჭვობს ნაკრების რამდენიმე წევრის ‘მოღალატეობაზე’. ლაპარაკი იყო სომხეთ-ალბანეთის ავბედით თამაშზე, როდესაც სომეხმა ფეხბურთელებმა საკუთარ მოედანზე სამარცხვინოდ დაასრულეს ევრო-2016.
‘ღალატი უნდა აღმოიფხვრას. ალბანეთთან თამაში ჩვენთვის მარცხი და დიდი გაწბილება იყო. დამნაშავეები უნდა ვამხილოთ, თორემ ვერაფერს მივაღწევთ’, – გაბრაზებულმა განაცხადა მან.
აირაპეტიანმა ფეხბურთელთების ცუდი თამაში ახსნა მათი ქედმაღლობით, თამაშის სურვილის არქონით და თან მეტი მიღწევის მოპოვების სურვილით.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს აირაპეტიანის განცხადება უპასუხოდ არ დაუტოვებიათ. 9 მოთამაშემ მომხდარის საკუთარი ვერსია წარმოადგინა. მათ გააბათილეს ყველა ბრალდება, რაც ალბანეთთან თამაშს უკავშირდებოდა, და ირწმუნებოდნენ, რომ ერთმანეთს ენდობიან და გუნდში მოღალატეების ძებნა შედეგს ვერ მოიტანს.
‘იმ წლების განმავლობაში, რაც ნაკრების შემადგენლობაში გავატარეთ, ყოველთვის მისი ერთგულები ვიყავით და ყველაფერს ნაკრების ინტერესებისათვის ვაკეთებდით. გუნდში ყოველთვის იყო და რჩება მეგობრობისა და თანხმობის ატმოსფერო. ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა ძველებურად თბილი და მეგობრულია’, – ირწმუნებოდნენ მოთამაშეები.
რუბენ აირაპეტიანის გულწრფელობის შემდეგ გულშემატკივართა მხოლოდ ერთმა მოძრაობამ, კერძოდ, ‘Red Eagles’-მა თქვა, რომ ‘საფეხბურთო სირცხვილისათვის პასუხი არავის უგია’. მათ განაცხადეს, რომ ითხოვენ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას.
მალე აირაპეტიანთან შეხვედრა შედგა. სწორედ ამ შეხვედრაზე გასცა პასუხი ფედერაციის პრეზიდენტმა გულშემატკივართა მოთხოვნებს:
1. სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია მესამედ მიმართავს ‘ნანტის’ მწვრთნელ მიშელ ტერ-ზაქარიანს, რომ იგი სათავეში ჩაუდგეს ეროვნულ ნაკრებს;
2. სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს მოლაპარაკებებს საზღვარგარეთ მოთამაშე დავით იურჩენკოსთან, რადგან ჩვენს ნაკრებს სერიოზული პრობლემები აქვს კარის დაცვასთან დაკავშირებით;
3. ბილეთების ფასის შემცირებაზე მიმდინარეობს მსჯელობა, მომდევნო ტურამდე ეს პრობლემა გადაიჭრება;
4. აირაპეტიანი გადადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაკრები დამარცხდება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში.
რაც უფრო სწრაფად დალაგდება ეს ურთიერთობები, მით მეტად წაადგება ეს ნაკრებს და საშუალებას მისცემს, ყურადღება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშებისკენ მიმართოს.