სამხრეთი ოსეთი ალანია ხდება
ფოტო: ნელი გაბარაევა
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ინიციატივა რესპუბლიკის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მის გეგმებს შორის, და ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარემ, დომენტი კულუმბეგოვმა 23 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო ‘რესისთვის’ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
რესპუბლიკის სახელის შეცვლის ინიციატივით თიბილოვი გასული წლის მიწურულს გამოვიდა. ამ საკითხს პრეზიდენტი გასულ კვირასაც შეეხო, როდესაც საზოგადოების წინაშე ყოველწლიური საგანგებო მიმართვით წარდგა: ‘ჩვენ იმის მოწმენი ვართ, რომ გარეშე ძალები, ფაქტობრივად, ცდილობენ ჩვენთვის ეთნიკური ისტორიის წართმევას, ჩვენი კი საკუთარი უმოქმედობით, უნებურად ხელს ვუწყობთ ამ პროცესს’, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება კონსტიტუციის სრული დაცვით, რეფერენდუმის საფუძველზე იქნება მიღებული.
მთავრობის თავმჯდომარე დომენტი კულუმბეგოვი, რომელსაც ამ საკითხის საფუძვლიანი შესწავლა და კონკრეტული წინადადებების წარდგენა დაევალა, აღნიშნავს, რომ სამუშაო აქტიურ ფაზაშია და მალე დასრულდება. პრემიერმა საზოგადოებას შეახსენა, რომ ინიციატივა სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში საყოველთაო მხარდაჭერით სარგებლობს და უკვე მრავალჯერ განიხილეს – ოსურ მედიაშიც და სხვადასხვა სადისკუსიო სივრცეშიც.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვითი მედიისა და ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ გობოზოვის თქმით, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ თანამოქალაქეები ერთხმად მიესალმებიან პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის წინადადებას რესპუბლიკისთვის ‘სამხრეთი ოსეთი-ალანიის’ დარქმევასთან დაკავშირებით. ჩინოვნიკი აღნიშნავს, რომ, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურების დაცვაა საჭირო.
‘ რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება, იმიტომ, რომ სახელის გადარქმევის საკითხი კონსტიტუციით რეგულირდება. პარლამენტისა და მოსახლეობის წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ ეს პროცედურა 2017 წლის აპრილამდე, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩატარდება. დიდი ალბათობით, რეფერენდუმი 2016 წელს გაიმართება.
რომელი ჯობს – ‘ალანიის რესპუბლიკა’, თუ ‘სამხრეთი ალანიის რესპუბლიკა’? იქნებ, ჩრდილოელი მოძმე რესპუბლიკის მსგავსად, ორივე სახელი დაერქვას? ან იქნებ ყველაფერი ძველებურად დარჩეს? სახელის გადარქმევის საკითხი სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ მთავარ სასაუბრო თემად იქცა.
ამის შესახებ პოლიტიკოსებიც მჯელობენ და სოციალური ქსელების რიგითი მომხმარებლებიც, რომლებიც ამ ინიციატივის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების არგუმენტებს აქტიურად განიხილავენ.
სახელის შეცვლის მომხრეთა არგუმენტები:
1. ოსები ალანების გენეტიკური შთამომავლები არიან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელის შეცვლა ისტორიული სამართლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს
სვეტლანა თედეევა, იურისტი: ‘ვფიქრობ, რომ ჩვენ, როგორც ნამდვილმა ალანებმა, ჩვენს სახელმწიფოს ალანია უნდა დავარქვათ. ისეთი ძეგლები და სხვა ბევრი რამ უნდა შევქმნათ, რაც ალანების სახელს წარმოაჩენს. ჩვენი დიადი წინაპრების სახელი უნდა დავირქვათ. ვფიქრობ, ეს სწორი და ბრძნული გადაწყვეტილება იქნება, რომელსაც ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქეები მოიწონებენ’.
2. სახელის შეცვლა რესპუბლიკის სტატუსს აამაღლებს
ჯუსოევი, საზოგადოებრივი მოძრაობა ‘შენი არჩევანი, ოსეთო!’–ს ლიდერი: ‘ალანებსა და მათ მემკვიდრეობას მთელ მსოფლიოში იცნობენ, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ სწორედ ოსები არიან მათი შთამომავლები. ეს სახელი ჩვენ სახელმწიფოს საერთაშორისო საზოგადოების თვალში ერთგვარ სტატუსს და წონას შემატებს’.
3. ‘ალანიის’ დარქმევა ინგუშებს უნდა დავასწროთ
‘ინგუშეთში უკვე დაიწყეს ქუჩებისა და მოედნებისთვის ოსეთის ისტორიასთან დაკავშირებული სახელების დარქმევა. რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ინგუშეთის დედაქალაქისთვის ‘მაგასი’ დაერქმია. ეს სახელი ალანურ ქალაქს ერქვა. ‘ალანთა კარის’ შემდეგ ისინი ‘ალანიის მოედნის’ აგებასაც გეგმავენ, ქუჩებს კი ალანური ტოპონიმები უნდა დაარქვან. თუმცა, ასეთი თამაშები კარგს არაფერს მოიტანს. პოლიტიკოსებმა ისტორიული სპეკულაციებისგან თავი უნდა შეიკავონ’, – JAMnews-თან საუბრისას განაცხადა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა.
რობერტ გაგლოითი: სრულიად ოსეთის მოძრაობა ‘სთირ ნიხასის’ (დიდი საბჭო) თანათავმჯდომარე: ‘ამ იდეას სრულად ვუჭერ მხარს. ამას მანამდეც ვამბობდი, ვიდრე ინგუშები საკუთარ დედაქალაქს ‘მაგასს’ დაარქმევდნენ. თუკი რესპუბლიკა ახლავე არ გადაიქმევს სახელს, უახლოეს მომავალში ინგუშეთში კიდევ გამოჩნდება ‘ალანთა კარის’ მსგავსი ტოპონიმები. ინგუშეთი ცდილობს, ისტორია წაგვართვას. ამის დაშვება არ შეიძლება’.
4. ქართული კონტექსტის მოშორება
გავრცელებული მოსაზრებით, სიტყვა Осетия მომდინარეობს ქართული სიტყვიდან ‘ოსი’.
ალბინა ტოტოევი, ფეისბუკის მომხმარებელი: ‘თითქოს, უარს ვამბობთ ყველაფერ ქართულზე! და მაინც ‘ოსეთი-ალანია’? არ შეიძლება, უბრალოდ ‘ალანია’ ერქვას?’
5. რუსეთის ფედერაციის ნაწილი რომ გავხდეთ
ალბათ, ეს მიზეზი პირველი უნდა ყოფილიყო ჩამოთვლილი არგუმენტებიდან, რადგან ამ საკითხზე საუბრისას პრეზიდენტმა თიბილოვმა თავიდანვე აღნიშნა, რომ ამ პროექტის მიზანია რუსეთთან შეერთება: ‘გთავაზობთ, ჩვენს სახელმწიფოს ‘სამხრეთი ოსეთი-ალანიის რესპუბლიკა’ დაერქვას. ამ სახელით მშვიდად ვიცხოვრებთ და ვიმუშავებთ იმ იმედით, რომ დადგება ისტორიული მომენტი, როდესაც ოსეთის (უკვე ალანიის) ორი ნაწილი გაერთიანდება და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ერთიანი ოსეთი შევა’.
იური გაბარაევი _ კულტურის, რელიგიისა და მასმედიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე: ‘თუკი ერთ ხალხად მივიჩნევთ თავს, სახელებიც მსგავსი უნდა გვქონდეს. ‘სამხრეთი ოსეთი-ალანიის რესპუბლიკა’ ასე უნდა ერქვას ჩვენს სახელმწიფოს. სახელი ჩრდილოეთ ოსეთის სახელწოდების მიხედვით უნდა შევარჩიოთ’.
რესპუბლიკის სახელის შეცვლის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები
1. ალანია სხვა ქვეყანა იყო და აღარ არსებობს
‘ალანია იმაზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ის ოსეთი, რომელიც წინაპრებისგან დაგვრჩა. ალანიაში შედიოდა ახლანდელი ჩერქეზეთი, ადიღეა, ბალყარეთი, ყარაჩაი, დიდი ჩეჩნეთი, ინგუშეთი, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეების დიდი ნაწილი, სამხრეთ კავკასიის ნაწილი. სამწუხაროდ, წინაპრებისგან მხოლოდ ოსეთი დაგვრჩა. მოდით, ეს ქვეყანა შევინარჩუნოთ! პათეტიკისა და ყოველგვარი „ალანიის“ გარეშე! იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ _ ალანია, დიდი ხანია, რაც აღარ არსებობს’, – წერს სოციალური ქსელების ერთ-ერთი მომხმარებელი.
2. არასწორია რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევა მხოლოდ იმის გამო, რომ ინგუშებმა „ალანთა კარი“ აიშენეს
ბათრაძ ძუწათი, პარტია ‘ოსეთი – თავისუფლების მოედანი’-ს პოლიტსაბჭოს წევრი: ‘ასეთი რეაქცია უნ და გვქონდეს იმაზე, რომ იქ ‘ალანთა კარი’ ააგეს? ამის გამო გადავარქვათ სახელი სახელმწიფოს? ცხადია, წინააღმდეგი არ ვარ, რომ ‘ალანია“ გვერქვას – ალანები ჩვენი წინაპრები არიან. თუმცა, სახელის გადარქმევა ამ კონტექსტით არ უნდა ხდებოდეს.ინიციატივა ხალხისგან უნდა მოდიოდეს, საზოგადოებამ უნდა განიხილოს ეს საკითხი და მხოლოდ პრეზიდენტის სურვილი არ უნდა იყოს’.
3. სახელის გადარქმევის ინიციატივა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა უფრო
როლანდ ქელეხსაევი, ექსპერტი სამხრეთ ოსეთის საკითხებში:’სახელმწიფოს სახელის შეცვლა ძვირი სიამოვნებაა. საჭირო იქნება რეფერენდუმის ჩატარება, პასპორტებისა და სახელმწიფო ბეჭდების გამოცვლა, ორგანიზაციების ხელახალი რეგისტრირება და ა.შ. ალბათ აჯობებს, ეს საკითხი სამომავლოდ გადავდოთ და ფინანსური რესურსები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას მოვახმაროთ’.
ალან ჯუსოევი: ‘რეფერენდუმის ჩატარება იქნება საჭირო, რაც დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული. ამას გარდა, კითხვარები,ბეჭედი, პასპორტები, ნომრები, მართვის მოწმობები და ბევრი სხვა დოკუმენტი უნდა შეიცვალოს. და ეს ყველაფერი არჩევნების წინა წელს უნდა მოხდეს. არდა, სახელმწიფოს სახელი ჩვენი საზოგადოების სასწრაფოდ გადასაწყვეტი პრობლემების ათეულშიც კი არ შედის.
ხელისუფლებამ უკვე დაიწყო სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის მიზანია ოსების ისტორიის პოპულარიზაცია. ამ ჯგუფში ფილოლოგები, ისტორიკოსები, არქეოლოგები და პოლიტოლოგები გაერთიანდნენ. მათ ღონისძიებათა მთელი კომპლექსის ჩატარება მოუწევთ, რათა რესპუბლიკის მოსახლეობა ქვეყნის სახელის შეცვლისთვის მოამზადონ და მათ დიადი ალანების ისტორია შეახსენონ’.