სამუშაო ოკეანის იქით
უკვე 20 წელია, რაც წყნარი ოკეანის ნაპირზე გაშენებული „ანგელოზების ქალაქი“ დიდ და მიმზიდველ „შრომით ბაზარს“ წარმიადგენს, სადაც ფულის საშოვნელად ათასობით სომეხი ჩადის – რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ქალაქში ჩასვლის მსურველები ამერიკის ვიზის მიღებას ახერხებენ. უნდა აღინიშნოს, რომ არც ისე დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ვიზის პირობებს იცავენ და სომხეთში კანონით გათვალისწინებულ ვადებში ბრუნდებიან. შეერთებულ შტატებში მცხოვრები სომხების დიდ ნაწილს, მეტი ფულის შოვნის სურვილი აქვს. ისინი ვიზების ვადებს არღვევენ და წლების მანძილზე უკანონოდ ცხოვრობენ და მუშაობენ ამერიკაში.
უკვე სამი წელია, რაც 56 წლის ბელა მარტიროსიანი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. წარმოშობით ის ერევნიდანაა. იგი ორი ბავშვის ძიძად მუშაობს და მათსავე სახლში, მათსავე ოჯახათან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ვიზის ვადები დაარღვია და თუკი სომხეთში დაბრუნდება, შეერთებულ შტატებში აღარ შეუშვებენ.
«ჩემთვის ეს დიდი შესაძლებლობაა: შემიძლია, ნაშოვნი ფული სომხეთში, ჩემს ოჯახს გავუგზავნო. ჩემი შემოსავლის გარეშე ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან გაუჭირდებათ. სამუდამოდ აქ დარჩენას არ ვაპირებ. უბრალოდ, კიდევ ცოტას ვიმუშავებ, ფულს შევაგროვებ და შინ დავბრუნდები. სომხეთში დიდი ხნის მანძილზე ვმუშაობდი ბუღალტრად, აქ კი ძიძა ვარ. თვეში 2000 დოლარს მიხდიან. რა უნდა ვაკეთო სომხეთში იმისთვის, რათა ამდენი გამოვიმუშავო? იმავე სამუშაოს შესრულებისთვის ჩვენს ქვეყანაში 100-150 დრამს იხდიან, რაც დაახლოებით 300 დოლარია. ამდენად, სრულიად გასაგებია, თუ რომელი ვარიანტია უკეთესი», – ამბობს ბელა.
სომხეთის ბევრი მოქალაქე, ბელას მსგავსად, ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგაც რჩება შეერთებულ შტატებში და მუშაობას აგრძელებს. ისინი აქ „შავ“ სამუშაოს ასრულებენ და მათ სხვებზე ნაკლებს უხდიან. ძირითადად, ბავშვებს, ან მოხუცებს უვლიან და საცხობებსა და საკონდიტრო საამქროებში არიან დასაქმებულნი, მამაკაცებიტაქსის მძღოლებად, ავტომობილების მრეცხავებად და მშენებლობად მუშაობენ.
თავიდან ბევრი მათგანი ნათესავებთან ცხოვრობს, შემდეგ კი რამდენიმე ადამიანი ერთან ქირაობს ხოლმე საცხოვრებელს – რათა უფრო ადვილი იყოს არენდის საფასურის გადახდა, რომელიც აქ დაახლოებით 1500-2000 დოლარს შეადგენს. არალეგალური მიგრანტის ხელფასიც დაახლოებით ამდენივეს შეადგენს. სამსახურს იმ ქალაქებში პოულობენ, სადაც ბევრი სომეხია – ჰოლივუდში, გლენდეილში, ბიორბანკში, ველიში, ან პასადენაში.
45 წლის ნელი ხაჩატრიანი, რომელიც მრავალი წელი იმუშავა ერევანში პედაგოგად, ამერიკაში მცხობელი გახდა.
«სკოლაში 80 ათას დრამს (თითქმის 190 დოლარს) მიხდიდნენ. სანამ აქ ჩამოვიდოდი, დიდხანს ვყოყმანობდი. მაგრამ სომხეთში დიდი გაჭირვებით ვარჩენდი ბავშვებს. ჩემი ქმარი ავადმყოფობდა. გამიმართლა – ვიზა მომცეს და ამერიკაში ჩამოსვლა შევძელი. საცხობში ვმუშაობ და თვეში თითქმის 1600 დოლარს ვიღებ. საცხოვრებლის არენდის გადასახადს სამი ადამიანი ვიყოფთ, თავისუფალ დროს კი ბინებს ვალაგებ და ამ გზით დამატებით შემოსავალს ვიღებ. აქ მუშაობის წყალობით ბავშვების განათლებისა და ქმრის ოპერაციის დაფინანსება შევძელი. არ ვიცი, რა გვეშველებოდა, ამერიკაში რომ არ ჩამოვსულიყავი», – ამბობს ნელი, რომელიც უკვე 4 წელია, რაც გლენდეილში ცხოვრობს.
სომხებით დასახლებულ ქალაქებში არის კვარტლები, სადაც ყველა ფირნიშის ტექსტი სომხურ ენაზეა შესრულებული, ქუჩაში სომხურად საუბრობენ და მაღაზიებშიც სომხურად პასუხობენ კლიენტებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ცნობილი კვარტალი LittleArmenia, რომელიც ჰოლივუდის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ამ უბნის ჩრდილოეთ საზღვარზე ჰოლივუდის პროსპექტი გადის, ცენტრალურ ნაწილს სანსეტ ბულვარი ესაზღვრება, LittleArmenia-ს სამხრეთით კი ქალაქი სანტა-მონიკა მდებარეობს.
არაოფიციალური მონაცემებით, შეერთებულ შტატებში 1,5-2 მილიონი სომეხი ცხოვრობს – მ.შ. ის ადამიანებიც, რომლებიც 90-იან წლებში გადასახლდნენ სომხეთიდან ამერიკაში. ყველაზე მეტი სომეხი კალიფორნიის შტატში ცხოვრობს, რომელსაც „ამერიკულ სომხეთს“ უწოდებენ.
ჰორენ არამუნი კეშინიანი პროზაიკოსი და დრამატურგია, რომელიც გლენდეილში ცხოვრობს. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასული სომხები ყველა სახის შავ სამუშაოს ასრულებენ. განსაკუთრებით უჭირთ ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რომლებიც ფიზიკურ შრომას არ არიან მიჩვეულნი.
«აქ ერთი საათის შრომის მინიმალური ანაზღაურება 9 დოლარით განისაზღვრება, მათ კი 4-5 დოლარს უხდიან. მაგრამ ეს ყველა შემთხვევაში მეტია იმაზე, რასაც სომხეთში მომუშავე ექიმი, ან პედაგოგი იღებს. მთავარი კი ისაა, რომ აქ მომუშავე ადამიანები იქ დატოვებულ ოჯახებს არჩენენ. ბევრი ადამიანი კარგ საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს იქმნის ამერიკაში და სამშობლოში აღარ ბრუნდება », ამბობს არამუნი. თავად ის ირანში დაიბადა და იქვე გაიზარდა. 1969 წელს ოჯახთან ერთად სომხეთში გადავიდა საცხოვრებლად, 1980 წლიდან კი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დანგრევისა და რკინის ფარდის ჩამოვარდნის შემდეგ ადამიანებმა ქვეყნიდან გასვლის საშუალება მიიღეს და უფრო საიმედო ქვეყნების ძიება დაიწყეს.
«სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა უკმაყოფილებას იწვევდა, რის გამოც 90-იან წლებში ემიგრაცია დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში დაფიქსირდა ამერიკაში ჩასული მიგრანტების დიდი ნაკადი, რომელიც დღემდე არ წყდება. ადამიანები 20 წლის მანძილზე მუშაობენ სომხეთში, სადაც დიდი გაჭირვებით შოულობენ პურის ფულს, შემდეგ კი ჩამოდიან ამერიკაში, ხედავენ იმას, თუ რას მიაღწიეს 15-20 წლის წინ ჩამოსულმა სომხებმა და ხვდებიან, რომ მუშაობა აქაც რთულია, მაგრამ წარმატების მიღწევა შესაძლებელია.
ჩამოსულები ხვდებიან, რომ ამერიკა მართლაც შესაძლებლობების ქვეყანაა. ისინი ამერიკაში ისეთი საქმეებით არიან დაკავებულნი, რომელსაც სამშობლოში ხელს არ მოჰკიდებდნენ, იმიტომ რომ ამ სამუშაოებს პერსპექტივა არ ექნებოდა სომხეთში. აქ კი ადამიანები, რომლებიც შავი სამუშაოს შესრულებით იწყებენ მოღვაწეობას, სერიოზულ კარიერულ წარმატებას აღწევენ ხოლმე. ასე რომ შემთხვევითი არაა ის, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელიც სომხეთიდან 20 წლის წინ ჩამოვიდა, გლენდეილის მერი ხდება. ამჟამად გლენდეილის მერიის საბჭოში სამი სომეხია. აღარაფერს ვამბობ მთელ ამერიკაზე», – ამბობს არამუნი
სომხების ნაწილი ამერიკაში „მწვანე ბარათის“ გათამაშების წყალობით გადადის. კონგრესის გადაწყვეტილებით, ყოველწლიური ლატარეის ფარგლებში 50 ათასი ვიზა თამაშდება, რომლებიც მფლობელებს შეერთებულ შტატებში განუსაზღვრელი ვადით ცხოვრების უფლებას აძლევს. გამარჯვებულებს კენჭისყრის საშუალებით ადგენენ. გათამაშებაში იმ ქვეყნების მოქალაქეები მონაწილეობენ, რომლებიც შეერთებული შტატებში ჩასული მიგრანტების სიმცირით გამოირჩევიან. 2015 წლის კენჭისყრაში სომხეთის 56 ათასი მოქალაქე მონაწილეობდა. გათამაშებაში 2000-მა ადამიანმა გაიმარჯვა.
2011 წელს 59 წლის აიკ პეტროსიანის ოთსხულიანმა ოჯახმა „მწვანე ბარათი“ მოიგო და გლენდეილში გადავიდა საცხოვრებლად.
«თუკი ამერიკაში მუშაობ და ნაბიჯს დგამ, მეორე ნაბიჯს წინ მიყავხარ. ადამიანები საკუთარი შრომით იქმნიან ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს. პირველი ხუთი წლის მანძილზე ათასნაირი სამუშაო გამოვიცვალე. სიმტკიცე და მოთმინებაა საჭირო იმისთვის, რომ აქ ნორმალურად მოეწყო. მაგრამ ახლა ბევრად უკეთესად ვცხოვრობთ და არ ვნანობ, რომ აქ გადმოვედი. აქედან ვეხმარები ჩემი დისა და ძმის ოჯახებს, რომლებიც სომხეთში დარჩნენ», – ამბობს აიკი. იგი ტვირთების გადამზიდ კომპანიაში მძღოლად მუშაობს.
„მწვანე ბარათის“ გათამაშებაში გამარჯვებული ბევრს სომეხს ახალ საცხოვრებელ გარემოსთან შეგუება უჭირს. მათ შორისაა არამ მანველიანის ოჯახიც, რომელმაც სამუდამო ვიზა 2015 წელს მოიგო.
«ჩამოსვლის დღიდან ვცდილობ მივხვდე, თუ რას წარმოვადგენ აქ. კარგი სამსახურის, გარემოცვისა და ნათესავების დატოვება მარტივი არ არის. ბოლოსდაბოლოს, არაა მარტივი ახალი ცხოვრების დაწყება ახალ რეალობაში, როდესაც უკვე 40 წლის ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ. სომხეთში სპორტულ მწვრთნელად ვმუშაობდი, აქ კი მაგ საქმეში ცოტას იხდიან. აქ სხვა საქმეებით ვარ დაკავებული. მიჭირს ადაპტირება, მაგრამ აქედან მაინც არ წავალ – თუნდაც ჩემი შვილების გამო. მათ აქ კარგად ცხოვრების პერსპექტივა აქვთ», – ამბობს მანველიანი
2010 წელს შეერთებულ შტატებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ იმ პერიოდში გლენდეილში ცხოვრობდა 170 ათასი სომეხი, რაც ამ ქალაქის მოსახლეობის 90%-ს შეადგენდა. სომხების გარდა აქ მექსიკელები, კორეელები, იაპონელები, ჩინელები ირანელები და სირიიდან და ერაყიდან ჩამოსული ემიგრანტები ცხოვრობენ.
ჰორენ არამუნი ამბობს, რომ ქალაქში სომხური დიასპორა დიდი გავლენით სარგებლობს. თავის თანამემამულეებზე საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ სომხები საოცარი შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან, არ მოსწონთ ნაქირავებ საცხოვრებლებში ცხოვრება და მენტალიტეტი აიძულებთ, საკუთარი სახლები იყიდონ.
«ერთხელ ჩვენმა ფოსტალიონმა თქვა, საოცარია, რომ როდესაც ერთი სომეხი ჩამოდის და სახლს ყიდულობს, თავის გარშემო ყველაფერს არემონტებს და უვლის და საბოლოოდ მთელი ქუჩა იცვლებაო. რამდენი სომხური სახლი გაჩნდა ბოლო 20 წლის მანძილზე! უცნაური ხალხი ვართ – ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ჩვენს შრომას არ აფასებს. სომხეთში ოლიგარქია მეფობს», – ამბობს მწერალი.
შეკითხვას, თუ რატომ არ ბრუნდება სამშობლოში იმ სომხების უმრავლესობა, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ, არამუნიმ ასეთი პასუხი გასცა: « იმიტომ რომ სამშობლოში პერსპექტივას ვერ ხედავენ, აქ კი არის შუქი, რომელიც მათ იზიდავთ. ბოლოსდაბოლოს, სომხეთში კარგი პირობები რომ იყოს, აქ რატომ ჩამოვიდოდნენ? ავადმყოფები, ხომ არ არიან, მასე მოიქცნენ?!».