როგორ ცხოვრობენ საქართველოში აივ-ინფიცირებულები
პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
შიდსის გამომწვევი აივ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს გამოვლინდა. მას შემდეგ მედიცინა მნიშვნელოვნად წავიდა წინ – თანამედროვე მედიკამენტების დახმარებით, აივ ინფექცია ქრონიკულ და მართვად დაავადებად გადაიქცა. მაგრამ, ბევრად ნელა მიდის პროგრესი აივ ინფიცირებულების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების კუთხით – სტიგმა და დისკრიმინაცია მათთვის ისევ გადაულახავ პრობლემად რჩება.
აივ ინფექციას დღემდე სიკვდილთან აიგივებენ. ბევრმა დღესაც არ იცის, როგორ გადადის აივ ინფექცია და ინფიცირებულებთან ელემენტარულ საყოფაცხოვრებო კონტაქტსაც კი ერიდება.
JAMnews ესაუბრა ადამიანებს, რომლებიც წლებია ცხოვრობენ აივ ინფექციის დიაგნოზით, ან აქვთ უშუალო შეხება ინფიცირებულებთან:
თამუნა, 34 წლის:
“2008 წლის ნოემბერი იყო, როდესაც გავიგე, რომ აივ ინფიცირებული ვიყავი. მაშინ ქალთა კოლონიაში სასჯელს ვიხდიდი. ანალიზის პასუხი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელმა, კახა კეპულაძემ შემომიტანა. ახლაც მახსოვს ის დღე. შოკი იყო. კახა მელაპარაკებოდა, მაგრამ სიტყვები აღარ მესმოდა. კადრებად ვხედავდი განვლილ ცხოვრებას – გავბრაზდი ყველაზე და ყველაფერზე, მთელ სამყაროზე – ვთქვი, რომ ღმერთმა საერთოდ დაივიწყა ჩემი არსებობა.
ექიმმა მითხრა, რომ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იყო და შემეძლო არავისთვის მეთქვა, მაგრამ არ დამიმალავს. ან როგორ უნდა დამემალა, როცა ვმეგობრობდი ადამიანებთან და მათთან საერთო მაკრატელი და პინცეტი მქონდა. გადავწყვიტე, ყველასთვის მეთქვა.
• თანამედროვე ნარკოპოლიტიკა: რას გვასწავლის პორტუგალიის მაგალითი?
• მოძებნე შენი თავი ჯანდაცვის ახალ პროგრამაში. გაიგე, რა დაზღვევით ისარგებლებ
• წითელა – უმეცრების ეპიდემია?
• “ბრაზი მომდის, ბოღმისგან ვიგუდები”. სამუშაო ადგილზე დაშავებული მუშების ისტორიები
მაშინ ქალთა კოლონიაში 1800 ქალი იყო. ბევრთან ვმეგობრობდი და კარგი ურთიერთობა მქონდა. მას შემდეგ, რაც ღიად ვთქვი, რომ აივ ინფიცირებული ვიყავი, ჩემს გვერდით თითზე ჩამოსათვლელი ადამიანიღა დარჩა. ვხედავდი, როგორ მშორდებოდნენ უახლოესი მეგობრები და როგორი უცხო ვხდებოდი მათთვის.
პატიმრებზე რა უნდა ვთქვა, როცა ექიმების მხრიდანაც კი დისკრიმინაციას განვიცდიდი. ციხის სტომატოლოგმა უარი მითხრა მომსახურებაზე. ერთხელ ციხის ექიმს ვიტამინი ვთხოვე და ამრეზით მითხრა, შორს დადექი, ვირუსი არ გადამედოსო. თბილისში სულ ორი გინეკოლოგი ვიცი დღემდე, რომლებიც აივ-ინფიცირებულების მიღებაზე უარს არ ამბობენ: პაატა ჟორჟოლიანი და ეკა გაგუა.
ადამიანისთვის ყველაზე რთული ამ დიაგნოზის მიღებაა. დედაჩემსაც ძალიან გაუჭირდა. როცა ვუთხარი, რომ იმუნოდეფიციტი მქონდა, ვერ მიხვდა, ეს რას ნიშნავდა. შემდეგ ავუხსენი, რომ ეს იყო ის დააავდება, რომელიც შიდსს იწვევდა. ისტერიკაში ჩავარდა. აინტერესებდა, საიდან და როგორ უნდა დამმართნოდა ეს დაავადება.
ხომ იცით, საქართველოში ასეთი სტერეოტიპია გავრცელებული: ადამიანი, რომელსაც შიდსი აქვს, ან ნარკომომხმარებელია და ან სექსმუშაკი – რა უნდა მეპასუხა? არც მე ვიცოდი საიდან დავინფიცირდი. მეც ბევრს ვფიქრობდი ამაზე.
წლები და დღეები აღვიდგინე მეხსიერებაში. სულ ორი რამ მახსენდებოდა: ციხეში ყოფნის დროს ბრმანაწლავის ოპერაცია გავიკეთე, ერთხელ კი კბილის ექიმთან ვიყავი. ორივე ეს ოპერაცია საპატიმროს გარეთ გამიკეთეს. გადაჭრით მაინც არ შემიძლია თქმა, სად დავვინფიცირდი.
სამსახურის შოვნაც ძალიან გამიჭირდა. როცა იგებდნენ, რომ სასჯელი მქონდა მოხდილი, პირველი, რასაც მეკითხებოდნენ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. არავისთვის დამიმალავს. ღიად ვამბობდი, რომ აივ ინფიცირებული ვიყავი. ამის შემდეგ ჩემთვის ყველა კარი იკეტებოდა.
ახლა სოციალური მუშაკი ვარ და აივ ინფიცირებულებს ვეხმარები. არტთერაპიის კურსსაც გავდივარ. ვქარგავ, ვხატავ, დეკორატიულ ბალიშებს ვაკეთებ და ეს ძალიან მშველის. ვმკურნალობ, წამლებს ვიღებ და ვიცი, რომ ეს წამლები სიცოცხლის ბოლომდე უნდა დავლიო. ახლა ჩემს სისხლში ვირუსი აღარ არის.
ვცხოვრობ ისევე, როგორც ყველა სხვა. უბრალოდ, თავს მუდმივად ვაკონტროლებ და ხშირად ვიკეთებ ანალიზებს.
ჩემს სტატუსს არ ვმალავ. მინდა ყველასთვის მაგალითი ვიყო და აივ ინფიცირებულ ქალებს ვუთხრა, რომ მათ ჯანმრთელი შვილების გაჩენა შეუძლიათ და ეს ბედნიერება არ მოიკლონ. მე სამი შვილი მყავს. ორი დაინფიცირების შემდეგ გავაჩინე და ორივე ჯანმრთელია”.
არტთერაპიის კურსზე თამუნა და მისი მეგობრები ასეთ სათამაშოებს აკეთებენ
ტარიელი, 39 წლის:
“აივ ინფიცირებული რომ ვიყავი, 2015 წლის ბოლოს გავიგე. მანამდე რამდენიმე თვე ცუდად ვიყავი: გავხდი, მალე ვიღლებოდი, ვვოფლიანდებოდი. თითქმის 6 თვის განმავლობაში ვმკურნალობდი, მაგრამ უშედეგოდ. ყველაფერზე ვიფიქრე, აივ-ის გარდა. ახალი წლის წინა დღე იყო, ანალიზი რომ გავიკეთე.
ძნელია აღვწერო, რა დამემართა, როცა მითხრეს, რომ პასუხი დადებითი იყო. ადგილზე გავთავდი. ძალიან შემეშინდა. არ დავმალავ, ვიტირე კიდეც. ჯოჯოხეთი გამოვიარე. 2 თვე დამჭირდა, რომ ამ დიაგნოზს ფსიქოლოგიურად შევგუებოდი და მდგომარეობიდან გამოვსულიყავი.
არავინ მყავდა ახლობელი, ნაცნობი, ვინც დამარიგებდა და ინფორმაციას მომცემდა.
ბათუმში ვცხოვრობ და იქ არც აივ ინფიცირებულთა ორგანიზაცია იყო, სადაც მივიდოდი და რჩევებს მომცემდნენ. როცა ძალა მოვიკრიბე, ინტერნეტით მოვიძიე ინფორმაცია. რუსული ჯგუფი აღმოვაჩინე, სადაც აივ ინფიცირებულები იყვნენ.
ისინი მიზიარებდნენ საკუთარი გამოცდილებას, მომცეს რჩევები, დამარიგეს, დამამშვიდეს… ასეთ დროს ძალიან გჭირდება ამავე დაავადების მქონე ადამიანისგან გამხნევება. ასეთი სათემო ორგანიზაცია ბათუმშიც რომ ყოფილიყო, ალბათ, ასე არ გამიჭირდებოდა.
ახლა ვმკურნალობ. წამლები სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვსვა. რა თქმა უნდა, ცხოვრების წესი შემეცვალა. კარგი თამადა და მსმელი ადამიანი ვიყავი. ახლა აღარ ვსვამ. სხვა მხრივ, ვცხოვრობ ისე, როგორც ყველა სხვა ადამიანი. არ ვმალავ, რომ აივ დადებითი ვარ. ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩემი დიაგნოზის შესახებ არ იცის, დედაჩემია.
ისედაც ავადმყოფობს და არ მინდა ინერვიულოს. თანამშრომლებისთვის და მეგობრებისთვის არაფერი დამიმალავს. პირველი ერთი წელი, როცა ვერ ვმუშაობდი და ძალიან მიჭირდა, მეგობრები მეხმარებოდნენ, მორალურადაც და ფინანსურადაც. ის მძიმე პერიოდი ამ მხარდაჭერამ გადამატანინა. გარდა ამისა, ყველას ვეუბნები, რომ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.
მე დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ დავინფიცირდი და იქნებ ჩემი შეცდომა სხვებმა გაითვალისწინონ. ყველას, ვინც ახლა იგებს, რომ აივ ინფიცირებულია და ჩემსავით შოკიდან ვერ გამოდის, მინდა ვუთხრა: ნუ გეშინიათ, აივ-ი სასიკვდილო განაჩენი არ არის”.
ზაზა, 32 წლის:
“7 წელი შესრულდა, რაც ჩემი დიაგნოზი გავიგე. რა გზით შემხვდა ვირუსი, დღესაც არ ვიცი და სულ ამაზე ვფიქრობ: მქონდა დაუცველი სქესობრივი კავშირებიც, სტომატოლოგთანაც დავდიოდი.
ოჯახის წევრების მხრიდანაც კი დისკრიმინაციის მსხვერპლი გავხდი: ჩემთან ფიზიკურ კონტაქტს გაურბოდნენ და ცალკე ჭიქა და თეფში გამომიყვეს. კარგა ხანს ვერ ვარწმუნებდი, რომ აივ-ი შეხებით, ჩახუტებით და კოცნით არ გადადის. მყავდა მეგობარი გოგონა და როდესაც ჩემი დიაგნოზი ვუთხარი, ჩემთან კონტაქტი გაწყვიტა.
ახლა ვმკურნალობ და თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ჩემი დიაგნოზის შესახებ ღიად არ ვლაპარაკობ – სანამ საზოგადოების ცნობიერების დონე ასეთი დაბალია, ალბათ, არც ვიტყვი”.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:
ის ერთ-ერთი პირველი ექიმია, რომელმაც საქართველოში აივ ინფიცირებულების მკურნალობა დაიწყო:
“მახსოვს, 1996 წელი იყო, ჩემი ერთი პაციენტი გარდაიცვალა და პანაშვიდზე კაციშვილი არ მოვიდა. მახსოვს შემთხვევა, როცა ავადმყოფს სახლი გადაუწვეს. ექიმები არ თანხმდებოდნენ ინფიცირებულთა მკურნალობას. დაახლოებით 15 წლის წინ, თბილისში იყო ერთადერთი გინეკოლოგი, რომელიც აივ ინფიცირებულ ქალებს იღებდა.
დღეს ასეთი რამეები აღარ ხდება, განსაკუთრებული დევნა და შევიწროება არ არის, მაგრამ სტიგმა და დისკრიმინაცია აივ ინფიცირებულებისთვის დღემდე გადაულახავ პრობლემად რჩება. საზოგადოება ძალიან არატოლერანტულია მათ მიმართ”.
606 ახალი შემთხვევა 2018 წელს
აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7 ათას 400-ს უტოლდება. მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს და ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია. თუმცა შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, 7 ათასი უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.
2018 წლის სტატისტიკა
საქართველოში 2018 წლის 27 ნოემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში სულ რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 7368 შემთხვევა.
აქედან: 6422 – მამაკაცია, 2176 – ქალი;
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა;
სულ რეგისტრირებული პაციენტებიდან შიდსი განუვითარდა 4441 პაციენტს, 1781 გარდაიცვალა;
ინფიცირებულთა უმრავლესობას აივ-ინფექცია ჰეტეროსექსუალური კონტაქტით გადაედო (49 პროცენტი). იკლო ინექციურ ნარკომომხმარებლებს შორის ვირუსის გავრცელებამ (36 პროცენტი მაშინ, როდესაც ორი წლის წინ იყო 40 პროცენტი). მესამე ადგილზეა ჰომოსექსუალური კავშირით ვირუსის გადაცემა (12 პროცენტი)
2017 წლის მონაცემები
2017 წლის 9 ნოემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 6664 შემთხვევა. აქედან 4973 – მამაკაცია, ხოლო 1691 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
შიდსი განუვითარდა 3648 პაციენტს, აქედან 1339 გარდაიცვალა.
2017 წელს გამოვლინდა 533 ახალი შემთხვევა. ანტირეტროვირუსულ (არვ) მკურნალობას გადის 3994 ადამიანი, აქედან 465 აფხაზეთიდანაა.
ყველაზე მეტი აივ ინფიცირებული ადამიანი თბილისში (2307), სამეგრელოში (861), იმერეთსა (854) და აჭარაში (767) ცხოვრობს, ყველაზე ცოტა კი – რაჭა-ლეჩხუმში (13).
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემებით, დაავადებულთა 43,1 პროცენტი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია, 44,4 პროცენტი დაავადდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად, 9,7 პროცენტი – ჰომო და ბისექსუალური კონტაქტით, 1,5 პროცენტი დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით – ანუ ვირუსი ორსულობის დროს დედიდან შვილზე გადავიდა (საქართველოში 103 აივ ინფიცირებული ბავშვია), ხოლო 0,5 პროცენტი სისხლის გადასხმით.
რა არის აივ ინფექცია?
აივ – ი ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსის აბრევიატურაა. ვირუსი გასული საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს. მისი ეპიდემია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1981 წლიდან დაიწყო, შემდეგ კი დანარჩენ მსოფლიოშიც გავრცელდა. ვარაუდობენ, რომ ვირუსმა აშშ-ში აფრიკიდან შეაღწია. აივ ვირუსის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ ადამიანის იმუნიტეტი სუსტდება. პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში შეუმჩნევლად მიმდინარეობს. აივ ვირუსით დაინფიცირება არ ნიშნავს, რომ ადამიანს შიდსი აქვს. შიდსი (შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომი) აივ-ით დაინფიცირების შედეგად გამოწვეული ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანის იმუნური სისტემა უკვე იმდენადაა დასუსტებული, რომ ზოგჯერ ელემენტარულ სურდოსთან გამკლავებაც უჭირს. შიდსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითარდება, როცა აივ ინფიცირებული ადამიანი არ მკურნალობს.
დღეს აივ-ი სასიკვდილო განაჩენი აღარ არის. მართალია, ჯერჯერობით არ არსებობს ორგანიზმიდან ვირუსის საბოლოოდ განდევნის შესაძლებლობა, თუმცა ხდება მისი გამრავლებისა და იმუნიტეტის დასუსტების პროცესის შეჩერება – ვირუსი ორგანიზმში რჩება, მაგრამ ის მას ვეღარ აზიანებს.
სწორი მკურნალობის შედეგად, ადამიანები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ ათწლეულების განმავლობაში, მანამდე, ვიდრე მათი სიკვდილის მიზეზი რომელიმე სხვა დაავადება, ან უბედური შემთხვევა არ გახდება.
რაც უფრო ადრეულ ეტაპზე იქნება დასმული აივ-ის დიაგნოზი, მით უფრო ეფექტიანია მკურნალობა. მკურნალობა გულისხმობს დღეში ერთხელ ან ორჯერ რამდენიმე აბის მიღებას. თანამედროვე წამლებს გვერდითი ეფექტი თითქმის არა აქვთ.
დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვის: აივ ინფიცირებულმა მომავალმა დედამ ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში საჭირო მედიკამენტები რომ მიიღოს, ბავშვი აივ-ით არ დაინფიცირდება.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ თანამედროვე მკურნალობა ხელს უწყობს დაავადების პრევენციას: მკურნალობის შედეგად სისხლში ვირუსის რაოდენობა მინიმუმდე მცირდება და ასეთი ადამიანი ინფექციის გადაცემის წყარო აღარ არის.
აივ/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში უფასოა. მას საქართველოს მთავრობასთან ერთად გლობალური ფონდი აფინანსებს.
გლობალური ფონდი აფინანსებს ზიანის შემცირების პროგრამებსაც. “ზიანის შემცირების ქსელის” ფარგლებში ამჟამად საქართველოს 11 ქალაქში 14 ცენტრი მუშაობს. იქ სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ ინექციურ ნარკომომხმარებლებს, ერთ-ერთი სერვისია უფასო შპრიცების პროგრამა – ნარკომომხმარებლებს ამარაგებენ ერთჯერადი შპრიცებით, რათა მათ არ მოიხმარონ სხვისი ნახმარი შპრიცი.
აივ/შიდსის გადაცემის სამი გზა არსებობს:
1. დაუცველი სექსუალური კავშირი;
2. სისხლით (არასტერილური სამედიცინო ხელსაწყოები, ნემსი, ინფიცირებული სისხლის გადასხმა);
3. ვერტიკალური – ინფიცირებული დედიდან შვილზე;
აივ/შიდსი არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით, ხელის ჩამორთმევით, კოცნით, ჩახუტებით, საერთო აბაზანა-ტუალეტის გამოყენებით და დაცული სექსით.
საქართველოში გამოვლენილი ბოლო ტენდენციები
1. ბოლო 2 კვლევა აჩვენებს, რომ აივ/შიდსის გავრცელება ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში არ იზრდება და ის ერთ დონეზეა ლოკალიზებული. როგორც ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის შიდსის პროგრამის მენეჯერი, მაკა გოგია აცხადებს, ეს გარკვეულწილად ნარკომომხმარებლებისთვის უფასო შპრიცების დარიგების შედეგია.
2. გაიზარდა აივ-ის ჰეტეროსექსუალური გზით – ქალიდან კაცზე სქესობრივი აქტის დროს გადაცემის შემთხვევები.
3. აივ-ით ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია ისეთ რთულად ხელმისაწვდომ ჯგუფში, როგორიცაა ის მამაკაცები, რომელთაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან.
მთავარი გამოწვევები
1. გვიანი დიაგნოსტიკა. ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი მარი ჩოხელი ამბობს, რომ “ის 103 ბავშვი არ დაიბადებოდა აივ ვირუსით, მათ დედებს დროულად რომ გამოევლინათ ინფექცია”.
2. მოსახლეობის არაინფორმირებულობა, რაც იწვევს ერთი მხრივ, ვირუსის გავრცელებას და მეორე მხრივ, ინფიცირებულების სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას.
3. საქართველოს ტოვებს გლობალური ფონდი, რომელიც საქართველოში შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის პროგრამებს აფინანსებს. ფონდი ქვეყნიდან ეტაპობრივად გადის (2022 წლამდე დარჩება), რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამები ადრე თუ გვიან მთლიანად თავის თავზე უნდა აიღოს. ამ ეტაპზე სახელმწიფო ნაწილობრივ აფინანსებს მედიკამენტების შესყიდვას, თუმცა ამ დრომდე გარკვეული არ არის, დაააფინასებს თუ არა ის ზიანის შემცირების პროგრამებს.
4. საქართველოში მოქმედი მკაცრი ნარკოპოლიტიკა. სპეციალისტები ამბობენ, რომ გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლის შემდეგ სახელმწიფოს გაუჭირდება ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელება, რადგან სახელმწიფოს, რომელიც ნარკომომხმარებლების მიმართ რეპრესიულ პოლიტიკას ახორციელებს, ბენეფიციარები არ ენდობიან – “ზოგადად, დღევანდელი ნარკოპოლიტიკა ხელისშემშლელი ფაქტორია იმისთვის, რომ ზიანის შემცირების პროგრამა ლეგალურად და გამართულად ფუნქციონირებდეს, – ამბობს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის შიდსის პროგრამის მენეჯერი, მაკა გოგია, – მაგალითად, დღეს გლობალური ფონდი შპრიცებს ანონიმურად ურიგებს ნარკომომხმარებლებს, მაგრამ თუ სახელმწიფო გახდება ამ პროგრამის დამფინანსებელი, შეძლებს კი ის ანონიმურ პირებზე ხარჯის გაწევას? ხოლო თუ პროგრამა ანონიმური არ იქნება, ნარკომომხმარებელი იქ აღარ მივა”.