რუსი ბიზნესმენი ირწმუნება, რომ მას აფხაზეთში ბიზნესი წაართვეს
აფხაზეთში რუსი ბიზნესმენის საწარმოსთან დაკავშირებული ქონებრივი დავის გამო ახალი სკანდალი მწიფდება.
მიხაილ პანოვი ირწმუნება, რომ ორმა აფხაზმა მეწარმემ მას საწარმო უკანონოდ წაართვა, აფხაზეთის ხელისუფლება კი ამ რეიდერებს უჭერს მხარს. ამ დღეებში ბიზნესმენმა მოსკოვში, აფხაზეთის საელჩოს წინ უწყვეტი საპროტესტო აქცია დაიწყო.
ის ორი აფხაზი ბიზნესმენი, რომლებსაც პანოვი ადანაშაულებს – საიდ ლაკობა და რომან გერია – თავის მხრივ, რუს ბიზნესმენს ხელშეკრულების დარღვევასა და მათი საერთო საწარმოს მითვისებაში სდებენ ბრალს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სკანდალი თითქმის ორი წელიწადია გრძელდება, არც აფხაზეთისა და არც რუსეთის ხელისუფლება კონფლიქტში არ ჩარეულა.
წინა ისტორია – მიხაილ პანოვის ვერსია
რუსეთის მოქალაქე მიხაილ პანოვი ირწმუნება, რომ მან საკუთარი პლასტიკური ნაწარმის ქარხანა „СПС –Кавказ“ გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნიში 2016 წლის ზაფხულში აამოქმედა და მას მაშინვე პრობლემები შეექმნა.
პანოვმა ჩაწერა ვიდეომიმართვა, სადაც მთელ ამ ისტორიას ჰყვება და აფხაზეთის ორი მოქალაქის ვინაობას ასახელებს – საიდ ლაკობას და რომან გერიას – რომლებიც, სავარაუდოდ, მასთან მივიდნენ და შემოსავლის გაყოფა შესთავაზეს, უარის შემთხვევაში კი, ქარხნის წართმევითა და მოკვლით დაემუქრნენ.
პანოვი ამბობს, რომ მან „მფარველზე“ უარი თქვა და სწორედ ამის გამო, მალევე, საწარმო დაკარგა.
„2016 წლის 20 სექტემბერს [ლაკობა და გერია] 50 კაცამდე აგრესიული ჯგუფის თანხლებით ბანდიტურად თავს დაესხნენ ქარხნის ტერიტორიას და მუშებისა და პერსონალის მიმართ მუქარით, საწარმოს რუსი თანამშრომლები რუსეთის საზღვარზე ძალადობით გაიყვანეს, მათ უხეში ფორმით აიძულებდნენ აფხაზეთის ტერიტორიის დატოვებას“, – განუცხადა პანოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „კავკასკი უზელს“.
ბიზნესმენის სიტყვებით, 2016 წლის 20 სექტემბრის შემდეგ ის საკუთარი ქარხნის ტერიტორიაზე მოხვედრას ვერ ახერხებს – საწარმოში მოხვედრის მისი ყველა მცდელობა რეიდერების მიერ იყო აღკვეთილი, ამ ყველაფერს კი ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა ახლდა თან.
წინა ისტორია – აფხაზი ბიზნესმენების, საიდ ლაკობასა და რომან გერიას ვერსია
როგორც საიდ ლაკობამ “ეხო კავკაზას” განუცხადა, მიხაილ პანოვთან მას იმთავითვე მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა.
„მე და რომა გერია მას საზღვარზე შევხვდით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხედით და მილების დამამზადებელი ქარხნის მშენებლობაზე შევთანხმდით. ეს 2010 წელს იყო. მე ასეთი პირობა წავუყენე, რომ მილების ქარხანას მთლიანად ჩვენ თავზე ვიღებდით, მიწის გამოყოფასთან და საბუთების გაფორმებასთან დაკავშირებულ ყველა ადმინისტრაციულ საკითხს გადავჭრიდით – მაგრამ წავუყენეთ პირობა, რომ ქარხანაში ადგილობრივი მოსახლეობა იმუშავებდა.
პანოვი დათანხმდა. თქვა, რომ შეკითხვები არ ჰქონდა და გვითხრა, რომ ყველაფერს ჯენტლმენურ ურთიერთობებზე ავაგებდით. ჩვენ დავთანხმდით“.
თუმცა, როგორც ლაკობა და გერია ამბობენ, მას შემდეგ, რაც მათ შეთანხმების თავიანთი ნაწილი შეასრულეს, მიწის გამოყოფას მიაღწიეს და ყველა საბუთი პანოვის სახელზე გააფორმეს – რუსმა ბიზნესმენმა საკუთარი წილი ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა და სამსახურში აიყვანა „თავისი ხალხი“, რომლებიც მოსკოვიდან ჩამოიყვანა.
აფხაზეთის ხელისუფლების კომენტარი
არც აფხაზეთისა და არც რუსეთის ხელისუფლებას ამ კონფლიქტის შესახებ სერიოზული კომენტარი არ გაუკეთებია.
5 მარტს მიხაილ პანოვი აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრს, ადგურ არძინბას შეხვდა. როგორც იუწყებიან, მინისტრი მას საქმის დაწვრილებით შესწავლას დაჰპირდა.
გენერალური პროკურატურის კანონის აღსრულების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ბესლან ტარკილი ადასტურებს, რომ მიხაილ პანოვმა მას არაერთხელ მიმართა განცხადებით იმის თაობაზე, რომ ლაკობა და გერია მის ქარხანას მუშაობის საშუალებას არ აძლევენ და თავად მას მოკვლით ემუქრებიან.
ტარკილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მისი საჩივარი შემოწმდა და არ დადასტურდა. ამიტომ, „ლაკობასა და გერიას ქმედებებში დანაშაულის ნიშნების შემცველობის არარსებობის გამო“, პანოვს სისიხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე უარი ეთქვა.
ტარკილმა ასევე აღნიშნა, რომ „წარმოქმნილი უთანხმოების გადასაწყვეტად არც ერთ მხარეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს“. ამავდროულად, მისი თქმით, ეს დავა აფხაზეთის საარბიტრაჟო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
მოვლენების განვითარება
რუს ბიზნესმენს მიაჩნია, რომ აფხაზეთის ხელისუფლება არაობიექტურია და პრობლემის გადაწყვეტას აჭიანურებს. ამიტომ, მან აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა გადაწყვიტა და 2 მარტიდან „СПС Кавказ“-ის თანამშრომლებთან ერთად მოსკოვში, აფხაზეთის საელჩოსთან უვადო საპროტესტო აქციას მართავს.
„ჩვენ აქ რიგრიგობით ვიმყოფებით, ეს თითო ადამიანის პიკეტია. მესაკუთრის, საწარმოს გენერალური დირექტორის, მიხაილ პანოვის მისსავე საკუთრებაზე კანონიერი უფლებების აღდგენას მოვითხოვთ“, – უთხრა „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს საწარმოს გენერალური დირექტორის ნდობით აღჭურვილმა პირმა ილია პანოვმა.
საელჩოს შენობის პირდაპირ დგას ავტომობილი ბანერით „დაპყრობილია მორიგი რუსული საწარმო „СПС Кавказ“ – ვინ იქნება შემდეგი?”
„ის ადგილი, სადაც ავტომობილი დგას, ფასიან სადგომს ეკუთვნის. გადახდილი გვაქვს და აქ მანამდე ვიდგებით, ვიდრე ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ. შეთანხმებული უვადო მიტინგი 50 ადამიანის მონაწილეობით, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება“, – განაცხადა ილია პანოვმა.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო