რუსეთში შვიდ ახალგაზრდას მრავალწლიანი სასჯელები ტერორისტული ორგანიზაციის შექმნისთვის შეუფარდეს
გაზიარება
გაზიარება
რუსეთის ქალაქ პენზას სასამართლომ ე. წ. “ორგანიზაცია ქსელის” გახმაურებულ საქმეზე განაჩენი გამოიტანა. რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “ნოვაია გაზეტას” ინფორმაციით, შვიდ ბრალდებულ ახალგაზრდას სასამართლომ ექვსიდან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ტერორისტული ორგანიზაციის შექმნასა და მასში მონაწილეობისთვის.
ყველაზე დიდი სასჯელი 27 წლის დიმიტრი პჩელინცევმა და 23 წლის ილია შაკურსკიმ მიიღეს – 18 და 16 წელი მკაცრი რეჟიმის ციხეში.
მათ მხარდასაჭერად სასამართლოში რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა, მათ შორის უფლებადამცველები ლევ პონომარეოვი და ალექსანდრ კრილენკოვა.
ყველაზე მძიმე სასჯელი ილია შაკურსკიმ და დიმიტრი პჩელინცევმა მიიღეს. ილიამ – 16 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, დიმიტრიმ (უკანა პლანზე) – 18 წელი. ფოტო: ვლად დოკშინი/«Новая газета»
“ქსელის” საქმე
გამოძიების ვერსიით, იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრები შეიარაღებული აჯანყებას და ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ რუსეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დროს.
გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ “ქსელის” ქვედანაყოფები მოქმედებდნენ პენზაში, სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვსა და ბელარუსში.
გამოძიება ერთადერთი მოწმის – პენზის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტის, იგორ ზორინის ჩვენებას ეყრდნობა, რომელიც, როგორც მედიამ გაარკვია, მანამდე ნარკოტიკებზე იყო დაკავებული.
დაკავებულებს მემარცხენე იდეებით გატაცება აერთიანებთ – ზოგი მათგანი თავს ანარქისტად ან ანტიფაშისტად მიიჩნევს. ასევე – ინტერესი აირსოფტის მიმართ (ტაქტიკური გუნდური თამაში მსუბუქი პნევმატური იარაღის გამოყენებით). მაგრამ, ნათესავების და ადვოკატების თქმით, ბევრი მათგანი ერთმანეთთან რაიმე ურთიერთობა არ ჰქონია.
აირსოფტის ვარჯიშები და ლაშქრობები რუსეთის სპეცსამსახურებმა შეიარაღებული წინააღმდეგობის მომზადებად ჩათვალეს.
ამასთან, დაკავებულებს არ წაუყენეს ბრალდება ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში.
ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ დაპატიმრებიდან პირველივე დღეებში ისინი აწამეს და ამ გზით აღიარებითი ჩვენებები დააწერინეს.
ყველა მათგანი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ორგანიზაცია “ქსელი” არ არსებობდა.