რუსეთში ინტერნეტის იზოლაციის სწავლებებმა აეროპორტების მუშაობა შეაფერხა
რუსეთში ინტერნეტის მასშტაბური შეფერხება მოხდა, რომელმაც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, ბევრ აეროპორტში, რამდენიმე რუსული ავიაკომპანიის მუშაობის პარალიზება გამოიწვია. მუშაობა შეწყვიტა მგზავრთა და ბარგის რეგისტრაციის სისტემებმა, ასევე, ბილეთების დაჯავშნისა და შესყიდვის სერვისებმა. ავიაკომპანიებს მგზავრებისა და ბარგის რეგისტრაცია ხელით უწევდათ.
ამ შეფერხებას უკავშირებენ რუსული ინტერნეტის იზოლაციასთან დაკავშირებულ სწავლებებს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ატარებს.
სწავლებები გათვალისწინებულია კანონით სუვერენული რუნეტის შესახებ, რომელმაც დიდი კამათი და პროტესტი გამოიწვია.
_____________________________________________________________________________________
• რუსულ „სუვერენულ ინტერნეტსა“ და მის ავტორებზე კრიმინალური კონტექსტით
• ინტერპოლმა პირველად დააკავა რუსი „ინტერნეტ-ტროლი“
• საქართველოს ხელისუფლება Facebook-ზე ასობით ყალბ გვერდთან აღმოჩნდა კავშირში
_____________________________________________________________________________________
რა არის რუსული „სუვერენული ინტერნეტი“?
2019 წლის მარტში, მოსკოვში, ჩატარდა თავისუფალი ინტერნეტის მხარდამჭერი მიტინგი, რომელზეც 15 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ კანონს სუვერენული რუნეტის შესახებ და ამბობდნენ, რომ მისი შედეგი იქნება რუსეთის იზოლაცია მსოფლიო ინტერნეტიდან და ისეთი კომპანიების სერვისებისგან, როგორიც არის Google.
მაგრამ 2019 წლის 1 ნოემბერს, კანონი „სუვერენული რუნეტის“ შესახებ ძალაში შევიდა. მის მიზნად გამოცხადდა რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მსოფლიო ინტერნეტიდან მისი გამორთვის შემთხვევაში.
კანონი გულისხმობს სახელისუფლებო ორგანოების კონტროლის გაძლიერებას კავშირგაბმულობის ოპერატორებსა და ტრაფიკზე. კანონის თანახმად, სწავლება, რომელშიც ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ კავშირგაბმულობის ქსელების მფლობელებმა, ინტერნეტ კომპანიებმა და ბაზრის სხვა მოთამაშეებმა, უნდა ჩატარდეს მინიმუმ წელიწადში ერთხელ.
და აი, ის 2019 წლის 23 დეკემბერს ჩატარდა.
„ბოლოს უბრალოდ ყველა დალევს“, ანუ რისთვის არის საჭირო „სუვერენული რუნეტის“ სწავლებები
როგორც რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ წერს, „ინტერნეტში კიბერუსაფრთხოების“ სწავლებაში მონაწილეობდნენ უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაცვის ფედერალური სამსახური და ეროვნული გვარდია, ასევე, ენერგეტიკის სამინისტრო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოები.
ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ რიგითი მომხმარებლები ვერ შეამჩნევდნენ სწავლებას, რომლის დროსაც საფრთხეებზე მუშაობა მოხდებოდა მხოლოდ „სპეციალურად განსაზღვრულ სეგმენტებზე, სტენდებსა და სასწავლო მოედნებზე“.
______________________________________________________________________________________
კომენტარი
არაკომერციული ორგანიზაცია „ინტერნეტის დაცვის საზოგადოების“ დირექტორი,
მიხაილ კლიმარევი
„ეს სწავლება იყო მხოლოდ იმიტაცია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათი გეგმა წინასწარ არ იყო გამოქვეყნებული, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. ასეთი სწავლებები შეიძლება გამოიყურებოდეს მხოლოდ ასე – შეიკრიბებიან აბსოლუტურად არაკომპეტენტური პირები, გადაკოცნიან ერთმანეთს და იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, რომლებშიც ვერ ერკვევიან, ესაა ყველაფერი.
რა შეიძლება იყოს ამ სწავლებების მოსალოდნელი შედეგი? ვფიქრობ, რომ ბოლოს ისინი ყველანი უბრალოდ დალევენ“.