ჩრდილოეთ კავკასიის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი რუსი სენატორი, რაუფ არაშუკოვი 30 იანვარს პირდაპირ ფედერაციის საბჭოს (რუსეთის პარლამენტის ზედა პალატა) სხდომაზე დააკავეს. დაპატიმრებამდე სხდომა წინასწარ გამოაცხადეს პრესისთვის დახურულად, თუმცა მოგვიანებით სენატორებმა ჟურნალისტებს უამბეს, რომ არაშუკოვი გაქცევას ცდილობდა.
იმავე საღამოს სასამართლომ რუს სენატორს ორ თვით პატიმრობა მიუსაჯა.
არაშუკოვს ბრალი მკვლელობის, დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობის და მოწმეზე ზეწოლის გამო წაუყენეს. მკვლელობა, სულ ცოტა, ორია. 2010 წლის მარტში ახალგაზრდული საზოგადოებრივი მოძრაობის „ადიგე-ჰასეს“ ლიდერი, 36 წლის ასლან ჟუკოვი დაცხრილეს, ხოლო იმავე წლის მაისში ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ფრალ შებზუხოვი მოკლეს. გარდა ამისა, იუწყებიან, რომ სენატორს შეამოწმებენ კიდევ, მინიმუმ, ორ მკვლელობაში თანამონაწილეობის თაობაზე, რომლებიც 2003 და 2006 წლებში მოხდა.
არაშუკოვი ბარლს არ აღიარებს.
რაუფ არაშუკოვთან ერთად იმავე დღეს დააკავეს მისი მამაც – რაულ არაშუკოვი, კომპანია „გაზპრომ მეჟრეგიონგაზის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი (მედია მას „გაზის მეფეს“ უწოდებს). არაშუკოვ უფროსს დაახლოებით 30 მილიარდი რუბლის (460 მილიონი დოლარი) ოდენობის ბუნებრივი აირის მოპარვა ედება ბრალად. გამოძიების ვერსიით, არაშუკოვი და სხვა პირები ბუნებრივ აირს სინამდვილეში არარსებულ მომხმარებლებს აწვდიდნენ, შემდეგ კი იტაცებდნენ მას და უკვე ნამდვილ ადამიანებზე ნაღდ ფულად ყიდდნენ.
პარლამენტარობიდან დამნაშავეობამდე
ბრალდების მიუხედავად, არაშუკოვი ჯერჯერობით სენატორად რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი დაპატიმრება – რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის მოქმედ წევრებს შორის პირველია. თუმცა, საბჭოს ყოფილი წევრები უცოდველები სულაც არ არიან – უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რუსეთში სხვადასხვა მკვლელობის ბრალდებით 12 ყოფილი სენატორია მსჯავრდებული.
სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ საბჭოს ჩრდილი არც არუფ არაშუკოვის შემთხვევამ უნდა მიაყენოს: მის მიერ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტები კიდეც რომ დადასტურდეს, ის ამას მაინც იმ მომენტში სჩადიოდა, როდესაც ჯერ კიდევ სენატორი არ იყო. რუსმა ოპოზიციონერმა დმიტრი გუდკოვმა არაშუკოვის დაპატიმრებისა და ფედერაციის საბჭოს ყოფილი წევრების შესახებ ტვიტერზე გაკეთებულ კომენტარში დაწერა:
„ბოლო ათი წლის განმავლობაში ფედერაციის საბჭოს 10 წევრია მსჯავრდებული. მკვლელობით და გაუპატიურებით დაწყებული, სროლისა და ქურდობის ჩათვლით. კიდევ ოთხი სენატორი იძებნება. ასე რომ, ფედერაციის საბჭოში არსებული 170 ადგილის გათვალისიწინებით, ყველა მეათე სენატორი – სისხლის სამართლის დამნაშავეა. რუსეთის საუკეთესო ადამიანები“!