რუსეთის პრემიერი, დმიტრი მედვედევი რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავის შესახებ საუბრობს
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა, რომელსაც მაშინ პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, გაზეთ „კომერსანტს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა.
ომის გარდაუვალობის შესახებ
არა, არანაირი გარდაუვალობა არ იყო. და ჩემი შეფასებებიც ძველებურია: რომ არა სააკაშვილისა და მისი ხელქვეითების უპასუხისმგებლო, ამორალური, დანაშაულებრივი ქმედებები, არანაირი ომი არ მოხდებოდა.
კონფლიქტის სათავეების შესახებ
რასაკვირველია, პრობლემის საფუძველი ის არის, რაც 1990-იან წლებში ხდებოდა, ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც 1990-იან წლებში თბილისის ხელისუფლება იღებდა, და რაც არ მიიღეს არც აფხაზეთში, და არც სამხრეთ ოსეთში. ამის შედეგად კონფლიქტი წარმოიშვა, და სამშვიდობო ჯარები შეიყვანეს.
მაგრამ 2008 წლამდე შესაძლებელი იყო მთელი ამ ნეგატიური პროცესების, გამოსვლების, ძალადობის გამოვლენის, სპონტანურად აღმოცენებული ძალადობის ბალანსირებაც კი.
2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით აგრესიას მწვანე შუქი აუნთო, და მოხდა ის, რაც მოხდა. ეს გარადაუვალი არ იყო. ეს, რასაკვირველია, სააკაშვილის და მისი გარემოცვის სუბიექტური არჩევანი გახლდათ.
მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობების შესახებ
როგორც კი პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას შევუდექი, მან განაცხადა, რომ ურთიერთობების აღდგენა სურდა, რომ მეგობრობის იმედი აქვს – მოკლედ, ბევრი სასიამოვნო სიტყვა წარმოთქვა. მე ეს ყველაფერი მოვისმინე და ვუთხარი“, – გსურთ ურთიერთობების განვითარება – მოდით, განვავითაროთ. სადღაც 2008 წლის ივლისის დასაწყისში მან ჩვენთან კავშირი გაწყვიტა. ვფიქრობ, იმ დროისთვის თავის მფარველებთან სრულმასშტაბიანი კონსულტაციები უკვე ჩატარებული ჰქონდა. ამ შემთხვევაში ხომ პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებზეა საუბარი.
როგორ ხდებოდა სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება
ბოლო დრო ვფიქრობდი, და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ამ ორი წარმონაქმნისთვის ამაზე უკეთესი რამის შეთავაზება, ვიდრე მათი დამოუკიდებლობის აღიარებაა, ალბათ შეუძლებელი იყო. მე პირველ რიგში იმით ვხელმძღვანელობდი, რომ სამომავლოდ მყარი მშვიდობა შემენარჩუნებინა და ამიერკავკასიაში სტაბილურობა დამყარებულიყო. და ეს, ჩემი აზრით, ერთადერთი შესაძლო ნაბიჯი იყო.
რამდენიმე ხანში მე მთავრობის მეთაურს, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს მოველაპარაკე და ამასთან დაკავშირებით მანაც მხარი დამიჭირა.
რატომ შეჩერდა რუსეთის ჯარი
მისი მიზანი საქართველოს განადგურება ან სააკაშვილის დასჯა იყო. მე ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი, როდესაც თავშეკავების გამოვლენის გადაწყვეტილება მივიღე და მომავალი მოქმედებების ფორსირება არ მოვახდინეთ.
საბოლოო ჯამში ამან შესაძლებლობა მოგვცა სიტუაცია არამხოლოდ საქართველოში დაგვეწყნარებინა, არამედ საკმაოდ მშვიდი ურთიერთობა დაგვემყარებინა ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთანაც.
უკრაინასა და საქართველოს შორის განსხვავებების შესახებ
ეს განსხვავებული სიტუაციებია. იქ უკვე სხვა ადამიანები მუშაობენ: ჩვენი პარტნიორები სულ სხვა პოზიციას იკავებენ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს უბრალოდ პრინციპულად სხვადასხვა ისტორიაა. თუმცა, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის მხარის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რაც უკრაინაში მომხდარ მოვლენებზეც ვრცელდება, ჩვენს პარტნიორებს მეტი კომუნიკაბელურობა რომ გამოევლინათ, და ისრები პირდაპირ რუსეთის ფედერაციისკენ არ მიემართათ. ამასთანავე – მეტი დაბალანსებულობა, როგორც ეს, მაგალითად, 2008 წელს მოხდა, სიტუაცია ბევრად უბრალოდ წარიმართებოდა.
საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ
ნატოს გაფართოება – ეს რუსეთის ფედერაციისთვის ნამდვილი საფრთხეა. დიახ, ეს ნამდვილი გამოწვევაა.
არცთუ დიდი ხნის წინ მორიგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის თაობაზე, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ელოდებიან და მიიღებენ. როგორ შეიძლება ამის კომენტირება? ეს სრულიად უპასუხისმგებლო პოზიციაა. ეს უბრალოდ საფრთხეა მსოფლიოსთვის. ყველას გვესმის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული დაძაბულობა არსებობს, და რომ საქართველო მიმდებარე ტერიტორიებს, ანუ ჩვენი თვალსზრისით სახელმწიფოებს, საკუთარ ტერიტორიებად განიხილავს. გამოდის რომ, არსებობს დაურეგულირებელი ტერიტორიული კონფლიქტი, იმის მიუხედავად, თუ რა პოზიცია გვიკავია ჩვენ. და ასეთ ქვეყანას, ასეთ სახელმწიფოს მიიღებენ სამხედრო ბლოკში? გვესმის, ეს რა საშიშროებას გვიქადის?
შესაძლოა, ამან პოტენციურ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. ეს ეჭვგარეშეა, რადგან ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნებია, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობები გვაქვს, და ქვეყნები, სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განლაგებული. ჩვენ გვესმის, რომ თუკი სხვა ქვეყანა მათ საკუთარ ტერიტორიებად განიხილავს, ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ნატოს ხელმძღვანელობას ეყოფა კეთილგონიერება, რომ ამ მიმართულებით არაფერი მოიმოქმედოს.