"ოლიმპიადა 2018" რუსეთის გარეშე. როგორ შეიტყო მსოფლიომ რუსულ სპორტში დოპინგის შესახებ
5 დეკემბერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ნაკრები ფხენჩხანში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს.
კომიტეტის განცხადებით, ცალკეულ რუს „სუფთა“ სპორტსმენებს, რომლებიც დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილები არ არიან, ოლიმპიადაზე ასპარეზობა შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ ნეიტრალური – ოლიმპიური დროშის ქვეშ.
ქვეყანა რუსეთი ოლიმპიადაზე არ დაიშვება. ოლიმპიადაზე არ შესრულდება რუსეთის ჰიმნი და არ დაიშვება ამ ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკა. რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს ასევე შეუჩერდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრობა, ხოლო ამ ქვეყნის ვიცე-პრემიერს სპორტის საკითხებში ვიტალი მუტკოს და მის მოადგილეს სიცოცხლის განმავლობაში ყველანაირ ოლიმპიადაზე დასწრება აეკრძალათ.
ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ რუსეთში წლების განმავლობაში მოქმედებდა დოპინგის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რისი აღიარებაც რუსეთს დღეს არ უნდა.
დოპინგსკანდალის ისტორია
1980 წელი – მოსკოვის ოლიმპიადამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსკოვის ანტიდოპინგურმა ლაბორატორიამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აკრედიტაცია და სინჯების ანალიზის ჩატარების უფლება მიიღო.
2005 წელი – ლაბორატორიის ხელმძღვანელად დაინიშნა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი გრიგორი როდჩენკოვი. 2014 წლის ოლიმპიური თამაშების დროს რუსეთის ანტიდოპინგურმა ცენტრმა (მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ახალი სახელწოდება) სოჭში გახსნა სპეციალური ლაბორატორია, რომელსაც ასევე როდჩენკოვი ხელმძღვანელობდა.
2015 წელი, 11 ნოემბერი – როდჩენკოვი ანტიდოპინგური ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საერთაშორისო ანტიდოპინგურმა სააგენტომ ის რუსი ოლიმპიელების ათასობით დოპინგ-სინჯის განზრახ განადგურებაში დაადანაშაულა.
გადადგომიდან ორი თვის შემდეგ როდჩენკოვმა რუსეთი დატოვა. როგორც თავად ამბობს, ქვეყნიდან ის „პირადი უსაფრთხოების გამო“ წავიდა.
მისი გამგზავრებიდან მალევე, 2016 წლის თებერვალში მოულოდნელად და საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა როდჩენკოვის ორი ახალგაზრდა კოლეგა, ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობების პირები – ვიაჩესლავ სინევი (50 წლის) და ნიკიტა კამაევი (51 წლის). რუსეთის მედია წერდა, რომ კამაევი ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო სინევის სიკვდილის მიზეზი დღემდე უცნობია.
მოგვიანებით როდჩენკოვი ამბობდა, რომ რუსეთიდან გამგზავრებამდე მას ემუქრებოდნენ, – წერს New York Times-ი.
2016 წელს გრიგორი როდჩენკოვმა The New York Times-ის კორესპონდენტებთან საუბარში განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადის დროს რუსეთის სპორტული ხელმძღვანელობის მიერ შემუშავდა სისტემა, რომლის მიხედვითაც რუსი სპორტსმენები დოპინგს იყენებდნენ, მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორია კი ამას შეგნებულად მალავდა.
როგორ მზადდებოდა „გამარჯვების კოქტეილი“
როდჩენკოვის თქმით, მრავალწლიანი გამოკვლევების შედეგად, მან სამი აკრძალული ნივთიერებისგან შემდგარი კოქტეილი გამოიგონა, რომელსაც ათობით რუს სპორტსმენს აძლევდა. სოჭის ლაბორატორიაში ღამ-ღამობით საგანგებოდ განსწავლული ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში რუსი ოლიმპიელების „ჭუჭყიანი“ (დოპინგის კვალის შემცველი) შარდის ნიმუშებს რამდენიმე თვით ადრე აღებული „სუფთა“ ნიმუშებით ცვლიდნენ.
როდჩენკოვი ირწმუნებოდა, რომ ანტიდოპინგური წესების ამგვარი შემოვლითი სისტემა სანქცირებული იყო სპორტის სამინისტროს და პირადად ვიტალი მუტკოს მიერ, რომელიც იმ დროს სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ანტიდოპინგური ცენტრის თანამშრომლებს ამ უკანონო საქმიანობაში უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები ეხმარებოდნენ.
ამ ინტერვიუს გამოქვეყნების დღეს როდჩენკოვმა და მისმა ამერიკელმა მეგობარმა -კინოდოკუმენტალისტმა ბრაიან ფოგელმა, რომელიც როდჩენკოვს რუსეთიდან გამგზავრებაში დაეხმარა, მსოფლიოს ანტიდოპინგურ სააგენტოსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართეს – ისინი მზად იყვნენ გაეზიარებინათ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.
ამჟამად როდჩენკოვი ამერიკის ხელისუფლების დაცვის ქვეშ იმყოფება, რადგან ის მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმატორია. მისი ადგილსამყოფელი არ მჟღავნდება. რუსეთში როდჩენკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
2016 წელს, NYT-ში პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ გრიგორი როდჩენკოვის მიერ წაყენებული ბრალდებების გამოსაძიებლად კანადელი იურისტი რიჩარდ მაკლარენი მიიწვია.
მაკლარენის კომისიამ რუსი სპორტსმენების შვეიცარიაში შენახული შარდის რამდენიმე კონტეინერი შეისწავლა. ყველა კონტეინერის თავსახურის ქვედა ნაწილზე ნაკაწრები აღმოჩნდა, რაც იმის ირიბი დასტურია, რომ სინჯები შეცვლილია.
კომისიის მთავარ მიზანს წარმოადგენდა არა რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების კონკრეტული შემთხვევების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა, მართლაც რუსეთის ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით ირღვეოდა თუ არა ოლიმპიადის წესები.
გამოძიება რუსეთისთვის არცთუ სანუგეშო შედეგით დასრულდა; მაკლარენის შემაჯამებელ მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ როდჩენკოვის ბრალდებები მართალი აღმოჩნდა.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის მიმართ საკმაოდ მკაცრი სანქციები დააწესა: 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე რუსეთის პარაოლიმპიურ ნაკრებს მონაწილეობა აეკრძალა; მთელ რიგ რუს სპორტსმენებს სოჭში მოპოვებული მედლები ჩამოართვეს; ზოგიერთი სპორტსმენი კი სამუდამოდ დისკვალიფიცირებულია.
რუსეთის ხელისუფლებამ ამ უპრეცედენტო სკანდალს რამდენიმე დაბალი რანგის ჩინოვნიკის სამსახურიდან გათავისუფლებით უპასუხა.
რუსეთის ოლიმპიური ნაკრების მიერ სოჭში დოპინგის გამოყენებაზე მსჯელობის ახალი ტალღა ერთი კვირის წინ აგორდა, მას შემდეგ, რაც NYT-მა გამოაქვეყნა როდჩენკოვის პირადი დღიურები, რომლებსაც ის ანტიდოპინგური ცენტრის ხელმძღვანელობის დროს აწარმოებდა – ამ დღიურებში აღწერილია როგორ “ემზადებოდა” რუსეთის ხელისუფლება და ანტიდოპინგური ცენტრი სოჭის ოლიმპიადისთვის.
როდჩენკოვი კიდევ უფრო შორს წავიდა; ორი დღის წინ გამოქვეყნებულ კომენტარებში მან თქვა, რომ რუსი ჩინოვნიკები მხოლოდ თავიანთი სპორტსმენების დოპინგ-ტესტებს როდი აყალბებდნენ – როდჩენკოვი ირწმუნება, რომ ლაბორატორიაში უცხოელი სპორტსმენების სინჯების გაყალბებაც ხდებოდა – როდჩენკოვი ჰყვება, თუ როგორ სთხოვა მას სპორტის მინისტრის მოადგილემ, იური ნაგორნიხმა უკრაინელი ბიატლონისტი ქალის, ვიტა სემერენკოს „სუფთა“ სინჯების “ჭუჭყიანით” შეცვლა.