როგორ შექმნა მთავარმა რუსმა ოპოზიციონერმა მედია-იმპერია სოციალურ ქსელებში
მთვარ რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის, უკვე დიდი ხანია, ფედერალური არხებისა და რადიოსადგურების ეთერში აღარ იწვევენ. ამ არხებზე მისი სახელის ხმამაღლა წარმოთქმაზეც კი უარს ამბობენ. ამჯობინებენ, რომ ასე მოიხსენიონ – „ეს პერსონაჟი“.
ამიტომაც, პოლიტიკოსს სხვა გზა აღარ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ინტერნეტ-აუდიტორიისთვის მიემართა, – მიაჩნია რუსულ „ნოვაია გაზეტას“ .
ამჟამად მისი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია აგიტაცია და ინფორმაციის გავრცელება Youtube-არხით, რომელსაც 1,7 მილიონი ხელმომწერი ჰყავს, ხოლო ნავალნის ყველა ვიდეოს ნახვების საერთო ჯამი სამასი ათას მილიონზე მეტია.
ნავალნი ერთდერთი პოლიტიკოსია, რომელიც სოციალურ ქსელებს ინფორმაციის გავრცელების რეალურ საშუალებად იყენებს.
ინტერნეტში ნავალნის აქტიური საქმიანობა 2008 წელს დაიწყო. მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილმა პოლიტიკოსმა უმსხვილესი რუსული სახელმწიფო კომპანიების აქციები შეიძინა, რის შემდეგაც სხვადასხვა კორპორატიულ დოკუმენტებზე წვდომის უფლებით ისარგებლა. ნავალნის ამოცანას წარმოადგენდა ფულის მიტაცებისა და გათეთრების სქემების გამოვლენა.
სწორედ მაშინ დაიწყო ოპოზიციონერმა საკუთარი გამოძიებების შედეგების გამოქვეყნება Live Journal-ის საკუთარ ბლოგში. რამდენიმე გამოძიებას, რომლებიც სახელმწიფო კომპანიების საქმიანობაში არსებულ უზარმაზარ დარღვევებს ავლენდა, სათანადო შედეგი არ მოჰყოლია (საგამოძიებო კომიტეტი და პროკურატურა ამ საქმეების უმრავლესობით არ დაინტერესდა), მაგრამ ნავალნიმ ის მიიღო, რაც სურდა – ინერნეტში სახელი გაითქვა.
2011 წლის ბოლოს ნავალნის ბლოგს 55 ათასი მომხმარებელი კითხულობდა, ხოლო ჟურნალმა Time-მა რუსი ოპოზიციონერი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა.
2012 წელს ალექსეი ნავალნიმ მთელი თავისი ინტერნეტ-პროექტები ერთიან სტრუქტურაში გააერთანა, რომელსაც “კორუფციასთან ბრძოლის ფონდი” დაერქვა. ფონდის მთავარი ამოცანა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისთვის თვალ-ყურის დევნება უნდა გამხდარიყო.
ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა ფონდის პირველი დიდი გამოძიება, რომელიც მაიამიში სახელმწიფო დუმის იმდროინდელი დეპუტატის პეხტინის კუთვნილ უძრავ ქონებას შეეხებოდა.
2013 წლის ზაფხულში ნავალნი პირველად მონაწილეობდა მოსკოვის მერის არჩევნების მასშტაბურ კამპანიაში. ნავალნის ბლოგი Live Journal იმ მომენტისთვის მიკრო-მედიად გადაიქცა: მასში ყოველდღიურად ქვეყნდებოდა სამი პოსტი, რომელთა მიზანი იყო, პირველ რიგში, მოსკოვში ოპოზიციონერის რეიტინგის ამაღლება და მისი მთავარი ოპონენტის – მოქმედი მერის, სერგეი სობიანინის რეიტინგის დაწევა. სწორედ მაშინ გაჩნდა ნავალნის Youtube-არხზე პირველი ვიდეოები.
საბოლოოდ იმ არჩევნებზე მან, სახელმწიფო მედია-რესურსების მხრიდან რაიმე დახმარების გარეშე, ხმების 27,24 პროცენტის მოგროვება შეძლო.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნავალნის არხი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა რუსულ Youtube-ზე. ეს, პირველ რიგში, მისი ფონდის მიერ რუსი კორუფციონერი ჩინოვნიკების შესახებ ჩატარებული მსხვილი გამოძიებების წყალობით მოხდა. მათ შორის ყველაზე მეტი ნახვა აქვს ვიდეორგოლს, რომელიც რუსი ოლიგარქების პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევთან საეჭვო კავშირების შესახებ მოგვითხრობს. ამ რგოლმა 26 მილიონი ნახვა დააგროვა.
ამჟამად ნავალნის ძირითად Youtube-არხზე კვირაში ერთხელ ჩნდება ვიდეოები, რომელთაგან თითოეული სტაბილურად აგროვებს მილიონ ნახვას.
მის სხვა არხზე, რომელსაც „ნავალნი Live“ ჰქვია, ყოველდღიურად გადის პირადაპირი ეთერები და სხვადასხვა პროგრამა გადაიცემა. როგორც ფონდის თანამშრომელი ლიუბოვ სობოლი ჰყვება, არხის უახლოეს გეგმებში შედის მთელი დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის დაწყება.
2018 წლის იანვარში პოლიტიკოსმა განაცხადა ახალი მედია-პროექტის შექმნის თაობაზე, რომელსაც „ახალი ამბები“ ეწოდება.
„ეჭვი არ მეპარება, რომ „ნავალნი LIVE“-ის ახალი ამბები რუსეთში დარჩენილი ახალი ამბების იმ უმსხვილესი მედიების ათეულში მოხვდება, რომლებსაც რაღაც სიმართლის მოყოლა მაინც შეუძლიათ“, – თქვა ოპოზიციონერმა.