როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში - ნაღდი ფულით თუ ბარათით?
– სად შევინახო ფული? თან წამოვიღო თუ სასტუმროში დავტოვო?
– დატოვე.
– და სეიფი რომ გახსნას ვინმემ ან დამლაგებელმა აიღოს?
– მაშინ წამოიღე.
– მთელი ფული თან ვატარო? რომ დავკარგო?
– ნაწილი დატოვე, ნაწილი – წამოიღე.
– კი წამოვიღებდი ბარათს, მაგრამ მეშინია, უცებ არ გაჭედოს და უფულოდ არ დავრჩე. თანაც, მესაზღვრემ რომ მკითხოს, ფული რამდენი გაქვსო, ხომ უნდა ვაჩვენო “ქეში”…
ეს კითხვები თუ თავად არ დაგისვამთ, სხვებისგან მაინც ხშირად გექნებათ მოსმენილი. აი, მათზე ცალსახა პასუხები კი – ნაკლებად. ახლა, მას შემდეგ, რაც ევროპაში მოგზაურობა უვიზო გახდა, ეს დილემა კიდევ უფრო აქტუალურია.
მე პირადად ყოველი მოგზაურობის წინ სულ ამ კითხვა-პასუხის ორომტრიალში ვარ. ამიტომ, გადავწყვიტე ერთხელ და სამუდამოდ, კომპეტენტური პასუხები მომეძებნა.
თავიდანვე გეტყვით, რომ პატარა ამ კვლევისას, რომელიც ჩავატარე, ერთი რამ ცხადად გამოიკვეთა – თანხის უმეტესი ნაწილი ევროპაში მოგზაურობისას ბარათით უნდა წაიღოთ. თან სასურველია ერთდროულად რამდენიმე პლასტიკური ბარათი იქონიოთ. ამგვარად თქვენი ფინანსები გაცილებით დაცულია და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგანაც დაზღვეული იქნებით. რაც შეეხება დიდ საკომისიოს, კონვერტაციის მაღალ კურსსა და „ბარათი არ მუშაობს“ თემებს, აღმოჩნდა, რომ მათი თავიდან აცილება ნამდვილად შესაძლებელია. მივყვეთ თანმიმდევრობით.
მესაზღვრეს ნაღდი ფული უნდა ვაჩვენო?
მოგზაურობა საზღვრის გადაკვეთით იწყება. ევროპაში უვიზოდ კი მივდივართ, მაგრამ მესაზღვრეს უფლება აქვს გვკითხოს, მიგვაქვს თუ არა საკმარისო თანხა, რომელიც მოგზაურობისთვის დაგვჭირდება. ამიტომ ევროკავშირის ქვეყნებში სასაზღვრო კონტროლის გავლისას ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბუთი თან აუცილებლად უნდა ვიქონიოთ. უმეტეს შემთხვევაში მესაზღვრე მას საერთოდ არ ითხოვს, თუმცა თუ იგი ჩვენი თანხის ოდენობით დაინტერესდება, ვალდებულები ვართ, დავარწმუნოთ, რომ ფული ნამდვილად გვაქვს.
ამისთვის ამონაწერი და ცნობა ბანკიდან აღარ მოგვეთხოვება. საკმარისია, ვაჩვენოთ ქეში, ან მოქმედი საბანკო ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა ან მასპინძლის საგარანტიო წერილი, რომ ხარჯებს ის გაიღებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე გვითხრეს, ნაღდი ფულის ქონის არანაირი ვალდებულება არ გვაქვს და თუ მესაზღვრე ბარათზე არსებული თანხით დაინტერესდება, შეუძლია მისი ოდენობა თავად გადაამოწმოს, ან ის თქვენვე, ინტერენტ ან მობაილბანკით აჩვენოთ. მთავარი ისაა, რომ თანხა იმდენი გქონდეთ, რამდენიც საჭიროა: ევროკავშირში ეს ოდენობა სასტუმროს ხარჯის გარდა, დღიურად, სულ მცირე, 50 ევროს შეადგენს, ანუ იმდენი 50 ევრო უნდა გქონდეთ, რამდენი დღითაც მიემგზავრებით.
რომელი პლასტიკური ბარათის წაღება შემიძლია ევროპაში?
ევროპაში VISA-სა და MasterCard – ის ყველა ტიპის ბარათის, ასევე American Express-ის წაღება და გამოყენება შეგიძლიათ. გამოგადგებათ “პროკრედიტ ბანკის” ფეი სტიკერიც. თი-ბი-სიში გვითხრეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ VISA ან MasterCard ბარათს წაიღებთ. ერთადერთი განსხვავება ამ შემთხვევაში დღიური განაღდების ლიმიტებია: სხვადასხვა სტატუსის ბარათს ლიმიტიც განსხვავებული აქვს და რაც უფრო მაღალია ეს სტატუსი, მით უფრო მაღალია ლიმიტიც. სავარაუდოდ, ევროპაში დღეში ათასობით და მით უმეტეს ათიათასობით ევროს ნაკლებად გაანაღდებთ, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის, გამგზავრებამდე თქვენს ბანკში ამ ლიმიტის ოდენობა მაინც გადაამოწმეთ.
მაგალითად, თი-ბი-სი ბანკის სტანდარტული სახელფასო ბარათით, VISA ELECTRON-ით სარგებლობისას, 24 საათის განმავლობაში ბარათიდან 2000 ლარის ეკვივალენტი ევროს გატანა შეგიძლია, რაც ამჟამინდელი კურსით 730 ევროა.
როგორ ავარიდო თავი დიდ საკომისიოსა და კონვერტაციის მაღალ კურსს?
ბევრი ჩემი ნაცნობ-მეგობრისგან მსმენია, რომ ევროპაში ბარათით გადახდისას თანხა მაღალი კურსით დაუკონვერტირდა, დიდი საკომისიო ჩამოეჭრა და ამიტომ „მაინც ქეშად წაღება ჯობია“. სინამდვილეში კი, უბრალოდ, მარტივი წესების ცოდნაა საჭირო.
კონვერტაციის მაღალი კურსი მაშინ გაზარალებთ, როცა ბარათზე თანხა ლარში გაქვთ და პრიორიტეტადაც ლარის ანგარიში გაქვთ მითითებული. ასეთ დროს სისტემა ფულს VISA და MasterCard – ის საერთაშორისო კურსით აკონვერტირებს, რომელიც საკმაოდ მაღალია ხოლმე.
ამიტომ, კარგი იქნება, თუ გამგზავრებამდე ბანკში კონვერტაციის კურსებისა და ბარათის პრიორიტეტული ანგარიშის შესახებაც მოიძიებთ ინფორმაციას.
სტანდარტულად, ანგარიში 3 ვალუტაში – ლარში, დოლარსა და ევროში გეხსნებათ. მათ შორის პრიორიტეტული უმეტესწილად ლარის ანგარიშია ხოლმე, რაც საქართველოსთვის ბუნებრივიცაა, თუმცა როცა ევროპაში მიემგზავრებით, უმჯობესია, პრიორიტეტულობა შეცვალოთ, ამგვარ ანგარიშად ევრო მიუთითოთ და ბარათზეც თანხა ევროში შეიტანოთ. ასეთ შემთხვევაში, გადახდისას ან განაღდებისას ფულს პირდაპირ ევროს ანგარიშიდან დახარჯავთ და კონვერტაციის კურსი არ შეგეხებათ.
ანგარიშის პრიორიტეტულობის შეცვლა ძალიან მარტივია – ინტერნეტბანკით, სატელეფონო ცენტრში დარეკვით ან ბანკის სერვისცენტრში მისვლით შეგიძლიათ. ნახევარ საათში პრიორიტეტი შეგეცვლებათ.
ოღონდ აუცილებლად გაითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – თუ ბარათზე, რომლის პრიორიტეტის შეცვლა გინდათ, არის დაბლოკილი თანხა, მაშინ ბარათი პრიორიტეტს არ შეიცვლის. ამიტომ რას ვაკეთებთ – იმ ბარათს, რომელიც სამოგზაუროდ მიგვაქვს, 48 საათის განმავლობაში საერთოდ არ ვიყენებთ, რომ დაბლოკილი თანხები არ დაგროვდეს.
რაც შეეხება თანხის განაღდებას – ევროპაში ბანკომატით განაღდების საკომისიო 2%-ს შეადგენს, მისი მინიმალური ოდენობა კი 3 ევროა. ანუ ყოველი 150 ევროს განაღდების შემთხვევაში 3 ევრო გეჭრებათ. ამიტომ სჯობს თანხა მცირე ოდენობით და ხშირად არ გამოიტანოთ, რადგან ბევრ ფულს დაკარგავთ. მაგალითად, 10 ევროს განაღდების შემთხვევაშიც 3 ევრო მოგეჭრებათ და 150 ევროს განაღდების შემთხვევაშიც – 3 ევრო.
საუკეთესო ვარიანტია თუ ფულს ყოველთვის ბარათით გადაიხდით. ტერმინალებში გადახდისას – მაღაზიებში, რესტორნებში და სხვაგან, საკომისიო არ გეჭრებათ.
ზოგ ქვეყანაში, მაგალითად უნგრეთსა და ჩეხეთში, ადგილობრივი ვალუტა მოქმედებს, ასეთ შემთხვევაში როგორ მოვიქცე?
ამ შემთხვევაშიც სჯობს, ბარათზე ევრო გქონდეთ, პრიორიტეტულიც მისი ანგარიში იყოს და გადახდისას თუ განაღდებისას საერთაშორისო კურსით დაკონვერტირდეთ, ვიდრე თანხა ქეშად წაიღოთ და ვალუტის გადამცვლელ ადგილობრივ პუნქტებში ახურდავოთ. ასეთ ქვეყნებში გადახურდავების საკომისიო საკმაოდ მაღალია: 5-15%-მდე მერყეობს ხოლმე, ამიტომ დაზოგვას აზრი არ აქვს.
თუმცა, აქაც ყურადღებით იყავით – მაგალითად, პრაღაში ზოგ გადასახურდავებელ ჯიხურში ასეთი წესია – თუ მცირე თანხას ახურდავებ, მაგალითად 20 ევროს – დიდი საკომისიოა, ხოლო შედარებით დიდ თანხაზე, მაგალითად 100 ევროზე, შეიძლება საკომისიო სულაც არ იყოს.
წესით ჩემი ბარათი უნდა მუშაობდეს, მაგრამ გადახდისას აღმოჩნდა, რომ ოპერაცია არ შესრულდა, ვერც ბანკომატიდან გამომაქვს, რა უნდა ვქნა?
ნებისმიერი ასეთი შემთხვევისას თქვენი ბანკის სატელეფონო ცენტრს უკავშირდებით. ჰო, გეთანხმებით, როცა ეს-ესაა გემრიელი პიცა მიირთვით, ოფიციანტი ანგარიშით ხელში გელოდებათ და ამ დროს ბარათით გადახდას ვერ ახერხებთ, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ VISA-სა და MasterCard-ს ასეთი სისტემური პრობლემები პრაქტიკულად არ ემართებათ. თუმცა იმისთვის, რომ უფრო მშვიდად იყოთ, თან 2 პლასტიკური ბარათი მაინც იქონიეთ: ერთ-ერთით ხომ მაინც შეძლებთ გადახდას.
როგორც “პროკრედიტ ბანკში” გვითხრეს, მომხმარებლები უარყოფილ ტრანზაქციებთან დაკავშირებით სმს-ებს იღებენ და ამ უარყოფის მიზეზებსაც იგებენ, თუმცა ეს მაშინ, როცა როუმინგი აქვთ. ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ მოგზაურობისას ბარათზე თანხის ბალანსი მუდმივად აკონტროლოთ, რაშიც ასევე სმს შეტყობინება დაგეხმარებათ, მაგრამ თუ როუმინგი არ გაქვთ, მაშინ იგივე ფუნქციის შესრულებისთვის ინტერნეტ და მობაილბანკი გამოიყენეთ.
“პროკრედიტბანკში” ისიც გვითხრეს, რომ გადახდის ან განაღდების ქვითრების შენახვაც საჭიროა, იმიტომ რომ შესაძლოა რომელიმე ტრანზაქციას არ ეთანხმებოდეთ, ან მიგაჩნდეთ, რომ ტერმინალმა თანხა ორჯერ ჩამოგაჭრათ. ასეთ დროს უმჯობესია, ბანკში ოპერაციის დამადასტურებელი ქვითარიც წარადგინოთ.
ბარათთან დაკავშირებით უსაფრთხოების რა ზომები უნდა დავიცვა ევროპაში?
უსაფრთხოდ შეინახეთ ბარათის მონაცემები. მნიშვნელოვანია, რომ ის არ მოხვდეს ისეთი უცხო პირის ხელში, რომელსაც ბარათის ორივე გვერდის ასლის გადაღება შეეძლება.
უსაფრთხოების მიზნით, უმჯობესია, თანხა ბანკების კუთვნილ ბანკომატებში გაანაღდოთ და ფულის საეჭვო ობიექტებიდან გამოტანას მოერიდოთ.
თუ ბარათს დაკარგავთ, სასწრაფოდ დარეკეთ თქვენი ბანკის სატელეფონო ცენტრში და დაბლოკეთ. “საქართველოს ბანკში” გვითხრეს, რომ ისინი მომხმარებელს პლასტიკური ბარათის დაცვის მომსახურებასაც სთავაზობენ, რომელიც მას ბარათის არარეგალური გამოყენებისგან, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთაც იცავს. მსგავსი სერვისი სხვა ბანკებსაც აქვთ და ამ ინფორმაციას ტელეფონითაც შეგატყობინებენ სერვის-ცენტრში დარეკვისას.
იმისთვის, რომ ბარათის დაკარგვისას უფულოდ არ აღმოჩნდეთ, კარგი იქნება, თუ თან ერთი ბანკის 2 ბარათი მაინც გექნებათ. ასეთ შემთხვევაში, დაკარგული ბარათიდან თანხის გადატანას ინტერნეტ ან მობაილბანკით, მარტივად და სწრაფად შეძლებთ.
და ბოლოს:
ბარათი კომფორტული და უსაფრთხოა, ამიტომ კვებაზე, შოპინგზე, მუზეუმების ბილეთებსა თუ სასტუმროებში ბარათით გადაიხადეთ, თუმცა ჯიბის ფულად, მინიმალური რაოდენობით, “ქეშიც” წიაღეთ.