როგორ გავატაროთ ჩინური კალენდრით დამდგარი ახალი წლის პირველი კვირა
16 თებერვალს ჩინური კალენდრის მიხედვით, მთვარის ახალი წელიწადი დაიწყო – თუმცა, მხოლოდ 2 მარტს შეიძლება საბოლოოდ ითქვას, რომ 2018 წელი მოვიდა.
ზუსტად როგორ ხდება ეს ყველაფერი უძველესი ჩინური ტრადიციის მიხედვით (მიიჩნევა, რომ მთვარის კალენდარი 3,5 ათსი წლის წინ შეიქმნა)?
ყველაფერი ჯერ კიდევ 13 თებერვალს დაიწყო – სახლი იდეალურ სისუფთავემდე ლაგდება, სახლში ტანისამოსი აბსოლუტურად სუფთა უნდა იყოს, და არასაჭირო და გამოუყენებელი ნივთები უნდა გადაიყაროს.
15 თებერვალს ოჯახები ერთად შეკრებას ცდილობენ. წელიწადის ეს ერთი საღამო იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მის გამო, ადამიანები ათასობით კილომეტრს მოგზაურობენ. სადღესასწაულო სუფრაზე თითოეულ ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს გრეიფრუტი, სალათის ფოთლები და მიდიები – მათ ახალ წელს წარმატება და სიმდიდრე მოაქვთ.
16 თებერვალს წელიწადი იწყება. ამ დღეს ბავშვებსა და მოხუცებს წითელი კონვერტებით ფულს ჩუქნიან (თანხა მჩუქებელის შესაძლებლობის მიხედვით განისაზღვრება). ბევრი ასეთ კონვერტებს კონსიერჟს, დაცვას, ტაქსის მძღოლს ჩუქნის – ყველას, ვინც მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ემსახურებათ. საღამოს გატარება საჭიროა მშობლებთან. თუკი საქმე წყვილს ეხება – ისინი ქმრის ნათესავებთან მიდიან.
17 თებერვალს – ცოლის მშობლებთან სტუმრობის დღეა. თანაც აუცილებლად საჩუქრებით, რომელთა რაოდენობა აუცილებლად ლუწი უნდა იყოს.
18 თებერვალს ყველა შინ დარჩენას ცდილობს და არსად არ მიდიან. საქმე ისაა, რომ ამ დღეს არავისთნ კამათი და მით უმეტეს – ჩხუბი არ შეიძლება. ამგვარი ალბათობის თავიდან აცილება უფრო მარტივია, თუკი მხოლოდ შინაურებს ხვდები.
19 თებერვალს საჭიროა ღმერთებთან შეხვედრისთვის მომზადება. დღის მეორე ნახევარში სუფრებზე ჩნდება ხილიანი ლარნაკები, ალკოჰოლიანი სასმელები და აუცილებლად თევზისგან, ღორის ან ქათმის ხორცისგან მომზადებული კერძები – დილიდან ყველა კეთილსურნელებას ეწევა.
ხოლო შუაღამის დადგომისთანავე ყველა ქუჩაში გადის, ან თუნდაც აივნებზე – ფეიერვერკებს უშვებენ და მხიარულობენ. იმიტომ, რომ 20 თებერვალს – სიმდიდრის ღმერთის დაბადების დღეა. ამ დღეს რაც შეიძლება ბევრი უნდა მიირთვათ; სხვათა შორის, მიიჩნევა, რომ სიმდიდრის ღმერთს ეს მოეწონება.
აი, 21 თებერვალს კი ყველაფერი პირიქითაა. – ეს სიღარიბის ღმერთის დღეა – და ამიტომაც, საჭიროა სახლის ისევ დაწკრიალება და ყველაფერი ძველისა და სიძველეშეპარულის გადაყრა.
22 თებერვალი გამორჩეული დღეა. ეს ახალი წლის მეშვიდე დღეა, როდესაც ქალღმერთმა ნუვამ პირველი ადამიანი შექმნა. წინა ექვსი დღის განმავლობაში ის ქმნიდა ცხოველებს, დღეში – თითოს: ქათამს, ძაღლს, ღორს, თხას, ძროხას და ცხენს. ბევრი ამ დღეს კაცობრიობის გაჩენის დღეს აღნიშნავს, ქაღალდისგან ადამიანის დიდ ფიგურას ჭრიან, ან პოემებს თხზავენ. გარდა ამისა, 22 თებერვალი საუკეთესო დღედ მიიჩნევა მთებში ფეხით გასეირნებისთვის.
2 მარტი – არის დღე, როდესაც ახალი მთვარის წელიწადი საბოლოოდ ისადგურებს. ბევრი ამ დღეს უკვე მუშაობას იწყებს. მაგრამ ამ დღეს, საღამოხანს წლის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი მოვლენა ხდება – ქაღალდის სანათურების ფესტივალი და წლების განმავლობაში ამ დღემ კიდევ ერთი მნიშვნელობა შეიძინა – ეს შეყვარებულების დღეც გახდა – ევროპული ტრადიციების მიხედვით, წმინდა ვალენტინის დღის ანალოგი.
მიმოხილვა მომზადებულია ჟურნალ Quartz-ის მიხედვით