რაშია საქმე? ასეთი რა ქნეს "ნაციონალებმა"?
ფოტო: დარო სულაკაური
ერთი უცხოელი ნაცნობი მყავს ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან. რეგულარულად დადის საქართველოში, სიღნაღში სახლიც იყიდა, მეგობრებიც გაიჩინა და აქაურ წეს-ჩვეულებებსაც აუღო ალღო. ერთადერთი, რაც მას კარგა ხნის განმავლობაში არანაირად არ ესმოდა, მხოლოდ ის იყო, თუ რატომ ეზიზღება მისი ნაცნობ-მეგობრების უმრავლესობას მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება: გასაგებია, რომ ავტორიტარია და ბევრი რამ ეშლება, პოლიციას და უშიშროებას იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგოდ, მაგრამ სამაგიეროდ პროდასავლელია, კორუფცია მოსპო, სახელმწიფო სტრუქტურები რაღაცას დაამსგავსაო და ა.შ. მოკლედ კარგი დატრენინგებული პროპაგანდისტივით ჩამოარაკრებდა ხოლმე იმ არგუმენტებს, რაც ისედაც ხშირად გვესმის ნაცმოძრაობის მომხრეებისგან.
ასე გრძელდებოდა კარგა ხანს, სანამ ერთხელაც არ გამოგვიცხადა, რომ მივხვდი რატომაც ეზიზღება ხალხს სააკაშვილის ხელისუფლებაო – ეს რომ გაიგო, საქართველოში უნდა ცხოვრობდე და უშუალოდ შენს ტყავზე იგრძნოო.
ეს შემთხვევა აქ იმიტომ მოვიყვანე, რომ საკმაოდ ტიპური და ნიშანდობლივია – იმ თვალსაზრისითაც, თუ რატომ ვერ ხვდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” სიძულვილის მიზეზს, და ასევე იმ მხრივაც, თუ ბოლოს როგორ მიხვდა.
დასავლეთის თვალთახედვით
უცხოელისთვის ნამდვილად რთული მისახვედრია ის ზიზღი და სიძულვილი, რაც სააკაშვილის ხელისუფლებისადმი არსებობს ქართულ საზოგადოებაში და ეს ნამდვილად არ არის მათი ბრალი.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ აქ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ბევრისთვის “ნაციონალური მოძრაობა” არ არის უბრალოდ მიუღებელი პოლიტიკური ძალა, მისთვის დამახასიათებელი ნაკლოვანებებით, არამედ რაღაც ონტოლოგიური ბოროტებაა, გარყვნილი, სასტიკი მკვლელებისა და მანიაკების ბანდა, სიამოვნებას რომ იღებენ ადამიანების ხოცვით, ტანჯვა-წამებით და მერე სექსუალურ პერვერსიებით ირთობენ თავს.
ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ საზოგადოების უმნიშვნელო ნაწილში რომ იყოს გავრცელებული, თემაც არ იარსებებდა. მაგრამ “ნაციონალების” სიძულვილი აშკარად სერიოზული ტრენდია, რომელსაც დღევანდელი მმართველი გუნდი “ქართული ოცნება”, რამდენიმე წელია, წარმატებით იყენებს – “ნაციონალების” მიმართ სიძულვილის გაღვივება ამ ხელისუფლების ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) მკაფიო და თანმიმდევრული გზავნილია. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდს აბსოლუტურად სერიოზულად მიიჩნევენ ჰიტლერის და სტალინის რეჟიმებზე უფრო უარესად და არა მხოლოდ მიიჩნევენ, არამედ ასეთივე სერიოზულობით ელაპარაკებიან ამ თემაზე უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც.
მაგრამ აბა, როგორ გინდა გააგებინო პატიოსან უცხოელს, რომ ხელისუფლება, რომელიც იყო გამოკვეთილად პროდასავლური და ანტირუსული, რომლის დროსაც მოქმედებდა პოლიტიკური ოპოზიცია, მაუწყებლობდა ორი ოპოზიციური ტელევიზია (მართალია, მათი მაუწყებლობა თბილისის გარეთ პრაქტიკულად არ ვრცელდებოდა, მაგრამ მაინც), გამოდიოდა არაერთი ოპოზიციური გაზეთი და ინტერნეტ-გამოცემა, აქტიურობდა არასამთავრობო სექტორი, იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგები და, რომელიც, ბოლოსდაბოლოს არჩევნების შედეგად წავიდა ხელისუფლებიდან, იმ რეჟიმებზე არანაკლები იყო, სადაც არანაირი ოპოზიციური აზრი არ ჭაჭანებდა და სადაც მილიონობით ადამიანია დახოცილი პოლიტიკური, იდეოლოგიური, კლასობრივი თუ რასობრივი მიზეზით?
სააკაშვილის არაადამიანურ რეჟიმზე ლაპარაკი ნებისმიერი უცხოელისთვის არადამაჯერებლად ჟღერს. მათთვის გასაგებია, რომ სააკაშვილი იყო ავტორიტარი მმართველი, რომ მისი პრეზიდენტობის დროს იყო მასმედიის, ბიზნესის და სასამართლოს კონტროლი, რომ ადამიანებს უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ, რომ სოდი, კუდი და ე. წ. ზონდერ-ბრიგადები ხალხს აშინებდნენ და ატერორებდნენ, რომ ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ვერც პინოჩეტის, ვერც მარკოსის და ვერც სომოსას მასშტაბებს ვერ შეედრება (არადა, ყველა ამ რეჟიმს დასავლეთი თავის დროზე მხარს უჭერდა), ჰიტლერზე, სტალინზე თუ პოლ პოტზე რომ არაფერი ვთქვათ. არგუმენტად არც “ნაციონალური მოძრაობის” დროს დახოცილ პირთა ის სია გამოდგება, რომელსაც ხშირად ატრიალებენ ხოლმე სხვადასხვა სააგენტოები, რაგდან ამ სიაში, რომელიც ორმოცდაათ ადამიანსაც არ ითვლის, აბსოლუტური უმრავლესობა პოლიციის სპეცოპერაციის დროს დაღუპული კრიმინალია.
ერთი ტკივილის სამი მწვერვალი
“ნაციონალური მოძრაობისადმი” სიძულვილის სამი ძირითადი მიზეზი, შეიძლება ითქვას, ზედაპირზე დევს და შედარებით ადვილი შესამჩნევია.
პირველი მიზეზი: ესაა ის მიზეზი, რომელსაც, პრინციპში, თავად “ნაცმოძრაობის” აპოლოგეტებიც ასახელებენ ხოლმე: ქართული საზოგადოების კონსერვატიული და რეტროგრადული სეგმენტი არ აღმოჩნდა მზად “ნაცმოძრაობის” მიერ წამოწყებული იმ რევოლუციური რეფორმებისთვის, რომლებიც ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების მოდერნიზაცია-ვესტერნიზაციისკენ იყო მიმართული.
ამგვარი ახსნა ლოგიკურია და კარგად “იყიდება” დასავლეთში, რადგან რადიკალური რეფორმებისადმი მიუღებლობა ყველა პოსტკომუნისტური ქვეყნისთვის დამახასიათებელია. თუმცა, ეს არ არის არც მთავარი, არც ერთადერთი მიზეზი და ამგვარი ინტერპრეტაციაც მხოლოდ ნაწილობრივაა მართებული.
ცხადია, კონსერვატორები და რეტროგრადები მართლაც ბევრნი იყვნენ იმ პერიოდის საქართველოში, თუმცა “ნაციონალების” რეფორმებმა არა მხოლოდ ისინი, არამედ ბევრი ნეიტრალურად განწყობილიც ჩააყენა უსამართლოდ ჩაგრულის მდგომარეობაში. რადგან ამ რეფორმირების პროცესში ძალიან ბევრი იყო უსამართლობა, შერჩევითი სამართალი და ადამიანის უფლებების უხეში შელახვა. ხალხს გაუჩნდა ერთგვარი მორალური უპირატესობის განცდა “ნაციონალების” მიმართ (რაც ყოველთვის ჩნდება, როდესაც უსამართლოდ გექცევიან) და ეს განცდა დღემდე არ განელებულა.
მეორე მიზეზი: “ნაციონალური მოძრაობა” ერთადერთი პარტიაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კი არ გაქრა, არამედ მომხრეებიც შეინარჩუნა და დღემდე ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს.
ასეთი ვითარება საქართველოსთვის კი არა საერთოდ პოსტსაბჭოური სივრცისთვისაც კი უჩვეულოა.
2000-იანების დასაწყისში უკვალოდ გამქრალი შევარდნაძის “მოქალაქეთა კავშირისგან” და ასლან აბაშიძის “აღორძინებისგან” განსხვავებით, “ნაციონალური მოძრაობა” შეკრული პოლიტიკური გუნდი აღმოჩნდა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს კი ძალიან აღიზიანებს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში სამართლიანად თუ უსამართლოდ დაჩაგრულებს, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ამ პარტიის წარმომადგენლებს პოლიტიკაში ვეღარასდროს ნახავდნენ.
მესამე მიზეზი: ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან “ქართული ოცნება” მუდმივად აპელირებდა სამართლიანობის აღდგენასა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაზე. ის კვებავდა თავის მომხრეებს “ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვით, თუმცა, საქმით საკუთარი პროპაგანდის შესაბამისი ზომების მიღება ვერ შეძლო. ნაცვლად ამისა, ხელისუფლების მომხრეებს ნაცმოძრაობის ლიდერთა რიხიანი და მყვირალა განცხადებები ესმოდათ, რაც საზოგადოებაში ამკვიდრებდა ერთგვარი უძლურების განცდას.
მართლაცდა როგორი საყურებელია შენი გულშემატკივარისთვის, როდესაც ვინმეზე ამბობ, რომ ის ქვეყნის მტერი და დამაქცევარია და მერე ევროსაბჭოში დადიხარ მასთან ერთობლივი დელეგაციით; სადაც ეს მტერი და დუშმანი გამოდის და შენზე უკეთესი ინგლისურით გაგინებს? მოკლედ, ხელისუფლება ამკვიდრებდა მტრის ხატს, შემდეგ ქმნდა ამ მტრის დამარცხების მოლოდინებს, ამასობაში კი ეს მტერი, აგრძელებდა სიცოცხლეს და თან, ხან საერთაშორისო და ხან ყველაზე პოპულარული ტელეარხის ტრიბუნიდან მთელ ხელისუფლებას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა. და ასე გრძელდებოდა ოთხ წელიწადს.
მეოთხე მიზეზი
ყოველივე ზემოთქმული სრულად მაინც ვერ ხსნის ნაცმოძრაობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ფენომენს. ამ პაზლის აწყობას, ჩემი აზრით, ერთი მნიშვნელოვანი, ცენტრალური დეტალი აკლია.
გასაგებია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს უსამართლოდ თუ სამართლიანად დაჩაგრულები ელოდნენ დაპირებულ კომპენსაციას და ამ ფუჭ მოლოდინს, შესაძლოა, გაბოროტებაში გადაზრდილი უკმაყოფილება გამოეწვია, მაგრამ გაბოროტებულთა შორის ხომ არანაკლებია მათი რიცხვი, ვინც თითქოს უშუალოდ არც დაზარალებულა სააკაშვილის მმართველობის დროს.
თანაც, აქ უპრიანია ვიკითხოთ: მაინც ასე რა დაჩაგრეს ეს ხალხი? შევარდნაძის დროსაც ხომ ძალიან ბევრი უსამართლობა ხდებოდა? ყოვლისმომცველი კორუფცია, მტანჯველი ენერგოკრიზისი, ფაქტობრივი საზღვარი ჩოლოქზე, ქურდები და კრიმინალი. ეს ყველაფერი ხომ არ მოგვჩვენებია? ადამიანების ცემა და წამება პოლიციაში ხომ მაშინ იყო თუ იყო! მე პირადად ვიცნობ ადამიანს, რომელიც 90-იან წლებში სრულიად უდანაშაულო აწამეს პოლიციაში და ერთი კვირა ფეხზე ვერ დადიოდა, სააკაშვილის დროს კი არასდროს დაუჭერიათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, “ნაციონალები” მაინც ასჯერ უფრო მეტად ეზიზღება, ვიდრე შევარდნაძის ხელისუფლება.
საბჭოთა კავშირში, ე. წ. “ზასტოის” პერიოდში მთელი საჯარო სივრცე იყო ერთი დიდი სიყალბე. ამ სივრცეში ტყუილის თქმა, თეთრის შავად, და პირიქით, წარმოჩენა, გადაგდება და ქურდობაც კი, მორალურად ნებადართული, “მოსული” იყო.
ამ სივრცის პარალელურად კი, არსებობდა პრივატული სივრცე – მეგობარ-ახლობლების წრე, სადაც შავი შავი იყო და თეთრი თეთრი, სადაც ერთმანეთის მოტყუება და გადაგდება არ მოდიოდა, სადაც ფასობდა ერთგულება, თანადგომა, სიკეთე და საერთოდ ადამიანის ზნეობრივი სახე სწორედ ამ პრივატულ სივრცეში ქცევით იზომებოდა.
ე. წ. “ზასტოის” პერიოდში, განსხვავებით სტალინის ეპოქისგან, სახელმწიფო ამ მეორე, პრივატულ სივრცეში ფაქტობრივად არ შემოდიოდა. აქ შეიძლებოდა ყველაფერი, რაც არ შეიძლებოდა საჯაროდ. დისიდენტობა, ანუ საჯარო სივრცეში სიმართლის თქმა თუ სასტიკად და დაუნდობლად ისჯებოდა, სახლში, ანუ პრივატულ სივრცეში, რაც გინდოდა, ის გეთქვა, კაციშვილი არ იყო გამკითხავი.
ამგვარი საზოგადოებრივი მორალი ფაქტობრივად სხვა არაფერი იყო, თუ არა ორმაგი სტანდარტი. თუმცა, ეს იყო ის დაუწერელი კანონი, რითაც ცხოვრობდა მთელი საქართველო, და რაც ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი მთელ საზოგადოებას.
დამოუკიდებლობის პერიოდმა ეს ორმაგი მორალი დაანგრია, მაგრამ ვერ კი მოსპო, რადგან რეალურად საჯარო სივრცეში კი არ მოხდა მორალური ნორმების დამკვიდრება, არამედ წაიშალა ზღვარი საჯაროსა და პრივატულს სივრცეებს შორის და გაურკვეველი გახდა, რაა მორალური ანუ “მოსული” და რა – არა. კაცმა რომ თქვას, დღესაც ამ მორალურ აჯაფსანდალში ვართ და რაც გვჭირს, დიდწილად ამისგანაც გვჭირს.
დღემდე ძველი ორმაგი მორალის ნარჩენები კვლავ შემოგვრჩა ფანტომური ტკივილივით, რაც იმით გამოიხატება, რომ ერთი მხრივ, სერიოზულად გვაკლია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და, მეორე მხრივ, ვერ ვიტანთ პრივატულ სივრცეში, ე. წ. “სახლში” სახელმწიფოს შემოჭრას. “სახლი” იმდენად საკრალური სივრცეა, რომ ყველაზე თავგადადებული ჰომოფობიც კი იმას გაიძახის, – ამ „ელგებეტეებმა“ სახლში რაც უნდათ ის აკეთონო – რაც სრულიად წარმოუდგენელი დაშვებაა ნებისმიერი უცხოელი ჰომოფობისთვის.
პრივატული სივრცის სრული კონტროლი უფრო ტოტალიტარული სისტემებისთვისაა დამახასიათებელი და ეს საბჭოთა კავშირშიც გამოვლილი გვაქვს. თუმცა, დღეს ჩვენში საბჭოთა კავშირი უფრო ბრეჟნევის ეპოქის გადმონაშთია, ვიდრე სტალინის. ახლანდელი საშუალო და უფროსი თაობა “ზასტოის” პერიოდის ორმაგ მორალზეა გაზრდილი და არა სტალინისტურ დისციპლინაზე.
ვფიქრობ, თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებამ სწორედ ეს დაუწერელი მორალური ნორმა დაარღვია – “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა განცდა, რომ “სახლში” გვივარდება.
ამ განცდის ერთგვარი ვიზუალური ილუსტრაცია იყო, მაგალითად, თაბუკაშვილის ქუჩიდან გამოსახლება და ლტოლვილების გასახლებები. მთლიანობაში კი, ეს განცდა იმ პოლიტიკის შედეგი გახლდათ, როდესაც სახელმწიფო არა მხოლოდ საჯარო სივრცეში ითხოვდა პოლიტიკურ ლოიალობას (საბჭოეთგამოვლილი ქართველები ამას ადვილად აიტანდნენ), არამედ ამასვე ითხოვდა პრივატულ სივრცეშიც – “სახლშიც”.
ვიღაცისთვის ასეთი მიდგომა, შესაძლოა, სახელმწიფოს სიძლიერის გამოხატულება იყო, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობისთვის პრივატული სივრცის გაკონტროლება არსებითად მიუღებელი გახლდათ . ამიტომაც მოიმკა სააკაშვილის ხელისუფლებამ მანამდე არნახული სიძულვილი. სააკაშვილს ხალხმა არ აპატია საკრალურ სივრცეში ინტერვენცია და დღესაც, “ნაცმოძრაობის” პრეტენზიას ხელისუფლებაში მობრუნებაზე სწორედ “სახლში” შემოვარდნის მორიგ მცდელობად აღიქვამს. რეაქციაც შესაბამისია.
ის ჩემი უცხოელი ნაცნობიც, როდესაც ამბობდა, “ნაცმოძრაობისადმი” დამოკიდებულების გასაგებად მათი მმართველობის საკუთარ თავზე გამოცდაა საჭიროო, სწორედ ამას გულისხმობდა.
პრივატულ სივრცეში სახელმწიფოს შეჭრა ევროპელისთვისაც ისევე მიუღებელია, როგორც ქართველისთვის.
უბრალოდ, ჩვენგან განსხვავებით, ევროპელებს მორალური პარადიგმები საზოგადოებრივი და საჯარო სივრცის მიმართაც ტრადიციულად მოსდგამთ, ჩვენ კი, ჯერ კიდევ დასამკვიდრებელი გვაქვს.
მაგრამ, თუკი “ნაცმოძრაობა” საზოგადოების მოდერნიზაციას რკინის ხელით და სახლებში შემოვარდნით ცდილობდა, დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ არ ფიქრობს ასეთ რამეებზე. აშკარად სხვაგან ქრის მათი გონება. ეჭვი მაქვს, თვითონაც არ იციან ხეირიანად, თუ სად.
ეპილოგის მაგიერ
ისმის კითხვა: რა ეშველება ამ ყველაფერს?
სხვა თუ არაფერი, არ არის ჯანსაღი ამბავი, როდესაც მხოლოდ ნაციონალების მობრუნების შიშით, საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით იმარჯვებს პარტია, რომელიც, მისივე მომხრეების აღიარებითაც კი, რამე სერიოზული მიღწევებით ვერ დაიკვეხნის.
პასუხი მოკლეა და პესიმისტური: არც არაფერი, რადგან პრაქტიკულად გამორიცხული მგონია, რომ ა) “ნაციონალებმა” საკუთარი დანაშაული გაიაზრონ და მოქალაქეთა “სახლებში” შევარდნა მოინანიონ ; ბ) ხელისუფლებამ უარი თქვას “ნაციონალებისგან” მტრის ხატის შექმნის პოლიტიკაზე და გ) იმათ, ვისაც “ნაციონალების” ატანა არ აქვთ, პრივატულ სივრცეში მათი შემოჭრის გამო, გაუნელდეთ ნაცების მობრუნების შიში.
ერთადერთი თეორიული გამოსავალი არსებულ სიტუაციაში არის ის, რომ ვიდრე ის თაობა გაიზრდება, რომელსაც უშუალოდ არც ნაცების სახლებში შემოვარდნა განუცდია და არც მათი რეფორმებით აღფრთოვანებულა, ხელისუფლება ნამეტნავად მოაბეზრებს ხალხს თავს საკუთარი უგერგილობით და უუნარობით, და ამის პარალელურად, ჩამოყალიბდება რაღაც ახალი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი, რომელიც დამკვიდრდება ე. წ. შუაშისტურ სეგმენტში. თუმცა, როგორი იქნება ახალი ცენტრის პოლიტიკური შემადგენელი, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.
ბოდიშს კი ვიხდი, ამდენი მსჯელობის შემდეგ რაიმე გამამხნევებელი და გულის გასახარი რომ ვერ ვთქვი, მაგრამ რას ვიზამ? როგორც იტყვიან c’est la vie – ასეთია ცხოვრება.