რას ნიშნავს იყო კარგი მეზობელი თურქეთში?
მართლაც ბევრი შეკითხვა დაგროვდა. მეტიც, შეკითხვები საკუთრივ შემოქმედებითი პროცესის ნაწილად იქცა – სტამბოლის ბიენალეს ორგანიზატორებმა „კარგი მეზობლის“ ფორმულის ძიების პროცესი ჯერ ერთგვარი ანკეტის სახით გააფორმეს, შემდეგ კი პლაკატებისა და მოკლე ვიდეორგოლების სახით მთელ ქალაქში გაავრცელეს.
«რას ნიშნავს კარგი მეზობელი?» – ეს ერთ-ერთია იმ ორმოცზე მეტი შეკითხვიდან, რომლებსაც ორმოცზე მეტი პასუხი გაეცა. ეს იყო ერთგვარი ტესტი, რომლის შედეგებიც, შესაძლოა, ხელოვნების კონტექსტის გარეშეც ყოფილიყო წარმოდგენილი (მაგალითად, საზოგადოებრივი გამოკითხვის სახით) იმ შემთხვევაში, თუკი მძაფრი პასუხებისგან თავის არიდების არც ისე ეფექტიანად მართული სურვილი არ დაფიქსირდებოდა.
[youtube youtubeurl=”HaaaLudD4ec” ][/youtube]
კარგი მეზობლების შესახებ არსებულ შეკითხვებს სტამბოლის ბიენალე მანევრირებად პასუხებს სცემდა, რომელთა უმრავლესობასაც საყოფაცხოვრებო, იუმორისტული ხასიათი ჰქონდა და კომფორტის იდეაზე იყო დაფუძნებული. შეკითხვაზე, თუ ვინაა კარგი მეზობელი, ასეთი პასუხები მივიღეთ: «ის, ვინც ფეისბუკის „ფრენდლისტში“ გყავს», «ის, ვისაც შინაური ცხოველები არ ჰყავს», «ის, ვინც იმავე გაზეთს კითხულობს, რომელსაც შენ», «ის, ვისაც კარგი უპაროლო wi-fi აქვს», «ის, ვინც საჭმელს მოგიმზადება მაშინ, როდესაც ავად ხარ», «ის ვინც შენს სახელზე მოსულ საფოსტო გზავნილებს ჩაიბარებს მაშინ, როდესაც სახლში არ ხარ» და ა.შ.
«უცხო, რომლისაც არ გეშინია» – ეს იყო ალბათ, ყველაზე აქტუალური და სიმბოლური პასუხი, რადგანაც შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროში შიშის ფაქტორი მეტნაკლებად აქტუალურია და არასტაბილური სიტუაციების თანმდევ გარემოებად იქცა.
სწორედ შიში (მეტწილად დაკარგვისა და იმის შიში, რომ ვერ გაგიგებენ და არ მიგიღებენ) იკვეთებოდა ბიენალეს სტრიქონებს შორის.
ამ თემაზე არავინ საუბრობდა, მაგრამ ეს აზრი იდო სპეციალურად ბიენალესათვის დაწერილ მემუარულ წიგნში სახელწოდებით „ისტორიები“ და იგივე ქვეტექსტი ჰქონდა ღონისძიების კონკრეტული მონაწილეების ნამუშევრებსაც.
სტამბოლის ბიენალე, რომელიც მეთხუთმეტედ ჩატარდა, საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა (შარშანდელი ინციდენტი, რომლის მონაწილეებიც ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას გეგმავდნენ), საზღვრებთან გაჩაღებული ომი, სირიიდან შემოსული მილიონობით ლტოლვილი, ტერორისტული აქტები (მხოლოდ სტამბოლში 12 აფეთქება მოხდა) და ცენზურის გამკაცრება თითქოს ერთგვარ გამოწვევად იქცა ხელოვნებისათვის. ბევრ არტისტს უბრალოდ ვერ გადაეწყვიტა, რამდენად მიზანშეწონილი იყო ამ ბიენალეში მონაწილეობის მიღება.
«გასულ წელს ბევრი პრობლემა გვქონდა. საკუთრივ ბიენალეს ჩატარებაც კი სათუო გახდა», –ამბობს სტამბოლის კულტურისა და ხელოვნების ფონდის (IKSV) კოორდინატორი, ელიფ კამიშლი, რომელიც ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია.
წინა წლებში ბიენალე გამბედავი და პოლიტიკური საკითხების მიმართ ღია სახელოვნებო პლატფორმას წარმოადგენდა. მაგალითად, 2013 წელს იგი წარიმართა სლოგანით „დედა, ნუთუ ბარბაროსი ვარ?“, რომელსაც უშუალოდ სამოქალაქო წინააღმდეგობას უკავშირებდნენ.
წელს ბიენალეს მზერა პიროვნების შინაგანი სამყაროსკენაა მიმართული – იმ პიროვნების, რომელსაც უბრალოდ კომფორტულ გარემოში, ექსცესების გარეშე სურს ცხოვრება.
ამ ბიენალეს კურატორებად სკანდინავიელი მხატვრები, მაიკლ ელმგრინი და ინგარ დრაგსეტი მოგვევლინენ, რომლებიც ერთად ქმნიან შემოქმედებით დუეტს სახელწოდებით Elmgreen & Dragset. მათ გადაწყვიტეს, დიდი სამყაროს რთული პრობლემები აეღოთ და სახლის, ოჯახური კერის იდეაში გაეთქვიფათ.
მოუგვარებელი პოლიტიკური პრობლემებისა და კატასტროფების ფონზე სახლი, თბილი კუთხე და ბავშვობის მოგონებები ადამიანისთვის ერთგვარ მაშველ რგოლს წარმოადგენს.
ელმგრინი და დრაგსეტი (რომლებიც ერთად შემოქმედებით დუეტსაც წარმოადგენენ, და რომანტიკულ წყვილსაც) დაბეჯითებით აცხადებენ, რომ «ურთობის ქსელი იმ უხილავ ჯაჭვის მსგავსად იქმნება, რომელიც პირადიდან საზოგადოებისკენაა მიმართული და საბოლოოდ მთელი სამყაროსკენ მიისწრაფვის».
პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიცია უკანა პლანზე გადადის და ადამიანური ემოციები ხდება აქტუალური.
სწორედ ადამიანის შინაგან სამყაროში „ჩაძირვა“ ასახავს თანამედროვე კრიზისს. ადამიანი უნდა დაიმალოს იმისათვის, რათა ადამიანად დარჩეს.
ეს თავშესაფრები ზოგჯერ ნამვილ იატაკქვეშა სივრცეებად ყალიბდება, ზოგჯერ კი მოძრავ, მობილურ სიმბოლოებად იქცევა ხოლმე, რომლებიც შეგიძლია მოგონებების, ოცნებების, ან მოგონებებით „დატვირთული“ საგნების მსგავსად ატარო.
ირანელ მხატვარ მირაკ ჯამალს (Mirak Jamal), რომლის ოჯახმაც სამშობლო ისლამური რევოლუციის შემდეგ დატოვა, ბავშვობაში გამუდმებით ერთი ქვეყნიდან მეორეში უწევდა ხოლმე გადასვლა. მაგრამ მის სულში ყოველთვის რჩებოდა დანგრეული, არასრულფასოვანი სახლის ხატება.
სტამბოლის მოდერნისტულ მუზეუმში გამოფენილი იყო მისი ერთი შეხედვით გულუბრყვილო და ბავშვური ესკიზები, რომლებმაც პლასტიკატის კედელზე გადაინაცვლეს და უბედური ბავშვის კვინტესენციად იქცნენ – იმ მოზარდის ცხოვრების სიმბოლოდ, რომლის წარსულსა და ცნობიერებაშიც სამუდამოდ ჩაიბეჭდა ომი და დანაკარგები.
მაროკოელმა ლატიფა ეჩახჩმა წარმოადგინა ინსტალაცია-ფრესკა სახელწოდებით „ბრბოს გაქრობა“(“Crowd Fade”), რომელზეც 2013 წელს სტამბოლის გეზის პარკში შეკრებილი დემონსტრანტები პარალელურად აგებული კედლებიდან უცქერენ ერთმანეთს.
ამჟამად პოლიტიკური პროტესტის მიმქრალი რეალობა ფრაგმენტების სახითღაა შემორჩენილი.
ანუ კოლექტიური აქტი ინდივიდუალურ ქმედებად იქცევა.
თურქმა არტისტმა, ქანდეგერ ფურთუნმა შექმნა ინსტალაცია სახელწოდებით „კერამიკისგან დამზადებული ფეხების ცხრა წყვილი ჰამამში“ (Nine pairs of ceramic legs in a hammam), ეს ქმნილება შედგება ადამიანის კიდურების ფორმის მქონე ფიგურებისგან, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდაა მოთავსებული – იმის ნიშნად, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი, თანასწორი და შიშველია.
გამოფენა ნამდვილ ჰამამშიც მოეწყო. სტამბოლის აზიურ ნაწილში, ქუჩუკ მუსტაფა ფაშას აბანოში(Kucuk Mustafa Pasha Hamam) თუგჩე თუნამ (Tugce Tuna) წარმოადგინა საცეკვაო პერფორმანსი სახელწოდებით სხეულის წვეთები(Body Drops), რომელიც ადათებისა და ტრადიციების თემას ეხებოდა.
პატარა და ძალიან საინტერესო სახელოსნოში, რომელსაც Asmalimescit Neibourhood ეწოდება, მხოლოდ ერთი ნ აშრომი იყო წარმოდგენილი, რომელიც სახლის – სასადილოს, ჭურჭლის, ოჯახური იდილიის – გადაწყობას გამოხატავდა. ეს ხანმოკლე ვიდეოინსტალაცია აბსოლუტური წყვდიადით იწყებოდა, შემდეგ გამოსახულების რაღაც ნაწილი ნათდებოდა და ბოლოს ყველაფერი ისევ სიბნელეში იკარგებოდა.
აი, ეპიზოდებადაა დაყოფილი სახლი, რომელიც სიბნელეში გაუჩინარდა და ცნობიერებას მხოლოდ მოგონებად, ან ილუზიად შერჩა. ის მნახველსაც კლაუსტროფობიას უჩენს. ვიწრო, პატარა დახურული სივრცე სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.
მაგალითად, ავსტრიელი ლიანდერ შიონვეგერის ინსტალაციაში სახელწოდებით „ჩვენი ოჯახი დაიკარგა“(«Our Family Lost») ერთმანეთში უსასრულოდ გადახლართული და თანდათანობით დაპატარავებული ოთახებია გამოსახული. ოთახების ზომები იმდენად მცირდება, რომ საბოლოოდ სივრცე ციხის საკნად ტრანსფორმირდება. ეს კონსტრუქცია ერთდროულად ლაბირინთიცაა, და ჩიხიც.
ზოგადად, ბიენალე წარმოადგენს პროექტს, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული. ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო დონის ბიენალეზე აცხადებს პრეტენზიას, საკუთარ მომავალსა და იმიჯზე ფიქრობს.
სტამბოლის ბიენალემ მეზობლობის თემა აირჩია, მაგრამ პროექტში სომხებისა და ბერძნების ჩართვაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხები გარკვეულ ადგილს იკავებენ თურქეთის ისტორიაში.
ნამდვილი მეზობლები
არტისტისთვის შემოქმედების მთავარ მასალას მისივე ბიოგრაფია წარმოადგენს. და შემთხვევითი არაა ის, რომ საბოლოო (და საწყის) პუნქტად ტრავმებით „დახუნძლული“ ბავშვობა, იმიგრაცია და ემიგრაცია იქცევა ხოლმე.
ექსპოზიციაში სახელწოდებით „კარგი მეზობელი“ სომხური და ბერძნული ნამუშევრები საერთოდ არ იყო წარმოდგენილი, რაც გაოცებას იწვევს, იმიტომ რომ ჩვენ მოსაზღვრე ქვეყნები ვართ და თურქეთში აშკარად იგრძნობა სომხური და ბერძნული კვალი და მათთან მეზობლობის იდეა აქტუალურობას ინარჩუნებს. ღონისძიების სლოგანი ძალიან კარგ საბაბს წარმოადგენდა დიალოგის დასაწყებად.
ექსპოზიციის კოორდინატორი, ელიფ ქამიშლი გვეთანხმება რომ ეს ღონისძიება კარგ შესაძლებლობს ქმნიდა, მაგრამ, მისი განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება არა პოლიტიკური, არამედ მხატვრული თვალსაზრით იქნა მიღებული:
«ჩვენ არ გვყავს არტისტები სომხეთიდან, მაგრამ კურატორობა სპეციალური შავი სიების შედგენას არ გულისხმობს. ჩვენმა კურატორები საკუთარი არტისტული მიდგომითა და ესთეტიკური ღირებულებებით ხელმძღვანელობდნენ. რა თქმა უნდა, გამოფენას „კარგი მეზობელი“ ჰქვია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ყველა მეზობელი ქვეყნიდან – საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, სომხეთიდან და ა.შ. – უნდა მოვიწვიოთ».
«ხშირად დიდ პოლიტიკურ ბრძოლაში, ან მედიასივრცეში არსებულ გლობალურ დაპირისპირებაში ჩაბმას ვერ ვახერხებთ ხოლმე, მაგრამ პირადი ისტორიის სხვებისთვის გაზიარებით ჩვენ ამ იზოლაციის დაძლევა შეგვიძლია. პოლიტიკა ინდივიდების საქმეა», – ირწმუნებიან დუეტ Elmgreen & Dragset-ის წევრები.
სტამბოლის ბიენალემ წინა პლანზე არა ადამიანისა და სამყაროს ურთიერთდამოკიდებულება, არამედ ადამიანების პირად ურთიერთობები წამოწია და ასე შეეცადა, ოპტიმისტური ყოფილიყო. თუმცა, ღონისძიების ორგანიზატორები ხაზს უსვამდნენ, რომ მათ მიერ წარმოჩენილი ადამიანები უბრალოდ ერთმანეთთან ურთიერთობენ და მათ შორის კონფლიქტი არ ფიქსირდება.
«ხელოვნება არ წარმოადგენს სარკეს, რომელიც პირდაპირ ასახავს არსებულ რეალობას. ჩვენმა კურატორებმა ისეთ ენას მიაგნეს, რომელიც არ უკავშირდება ცხარე პოლიტიკურ დებატებს, იმიტომ რომ ეს ხელოვნებას აზიანებს», – ასე აფასებს ბიენალეს კონცეფციას ელიფ ქამიშლი.
„კარგ მეზობელს“, რომელიც სამი თვის მანძილზე იყო გამოფენილი, ნახევარი მილიონი დამთვალიერებელი ეწვია. თურქეთისათვის ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ბიენალე ტურისტულ მარშრუტად იქცა და თურქეთს ხელოვნების საერთაშორისკო რუკაზე ადგილის დამკვიდრებაში ეხმარება.
წელს ბიენალეს მზერა მყიფე, ფრაგმენტებად დანაწევრებული სამყაროსკენ იყო მიმართული და ეს ყველაფერი გაქცევას უფრო ჰგავდა, ვიდრე დიალოგს (მ.შ. საკუთარ შინაგან სამყაროსთანაც კი).
გაქცევა და თავშესაფრის ძიება ნორმალური ადამიანური მოთხოვნილებაა, მაგრამ მაინც ღიად რჩება შეკითხვა – როგორ ავიტანოთ განსაცდელი და როგორ აღვუდგეთ წინ არსებულ პრობლემებს? დაბოლოს, უპასუხოდ რჩება საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება ტრავმის გამომწვევი მოგონებებით და როგორ შევეგუოთ დამთრგუნველ რეალობას.
სტამბოლის ბიენალე ცხოვრების ოპტიმისტურ პლასტს უსვამდა ხაზს და საზოგადოებას ყოველთვის ჩაის ერთად სმასა და მოგონებების გაზიარებას სთავაზობდა. და მნიშვნელობა არ ჰქონდა სად წარიმართებოდა ეს პროცესი – ნანგრევებზე, თუ თბილ ბინებსა და კომფორტულ გარემოში.
ეს რომანტიკული გზავნილი წარმოდგენილი იყო, როგორც ურთიერთობის უნივერსალური ფორმულა. გასაგებია, რომ რთულ სიტუაციებში ადამიანი თვითგადარჩენის მიზნით საკუთარ თავში იკეტება და უკეთესი დროების მოლოდინში ამ მდგომარეობაში რჩება, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ გულწრფელობას მოიაზრებს – კერძოდ კი იმის ახსნას, თუ რას ნინავს ზემოაღნიშნული „უკეთესი დროება“.
კარგი მეზობელი უნივერსალურ ცნებას არ წარმოადგენს და უბრალოდ გარემოში არსებული ანარეკლია. და ვინ იქნება შენი მეზობელი იმ შემთხვევაში, თუკი შენ გარშემო უდაბნოა?