რას აპირებს ღარიბაშვილი? თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის მთავარი ინიციატივები
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა, ხოლო მმართველი გუნდის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაურის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა, პარლამენტში დაძაბული კვირა დაიწყო.
გახარიამ უკვე წარუდგინა პარლამენტს განახლებული მინისტრთა კაბინეტი. მიმდინარე კვირას მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს ხვდებიან და მათ საკუთარ პროგრამას აცნობენ.
3 სექტემბერს, საპარლამენტო კომიტეტებში რამდენიმე მინისტრობის კანდიდატს, მათ შორის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.
ღარიბაშვილის სამომავლო გეგმებში ჯარისკაცებთან ერთად საბავშვო ბაღების აღსაზრდელები და სკოლის მოსწავლეებიც მოხვდნენ. მინისტრობის კანდიდატი მათში სამხედრო პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებაზე ზრუნვას აპირებს.
JAMnews მოკლედ მოგიყვებათ, რა პროგრამა აქვთ ირაკლი ღარიბაშვილს:
• გახარია – ახალი პრემიერი. რას ნიშნავს ეს? შეფასებები
• სამხედრო გაწვევა – სამშობლოს დასაცავად თუ უფასო ყარაულებად?
• კომენტარი: სამშობლო წმინდა სიტყვაა, მაგრამ მისი ჯარი – არა. ქართული პატრიოტიზმის თავისებურებები
______________
სამხედრო რეზერვის რეფორმა – ყველანი ჯარში
ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვა უამრავ რესურსს კარგავს, როდესაც რეზერვში არ იწვევს 18-დან 50 წლამდე მამაკაცებს.
მისი თქმით, საქართველოში ამ ასაკის დაახლოებით 785 ათასი მამაკაცია. მისი ინიციატივით, ეს ხალხი ეტაპობრივად, “ვთქვათ 10 წლის განმავლობაში” უნდა გადამზადდეს სწრაფი კურსებით “ოღონდ რეალური და სრულყოფილი კურსებით”, ასევე 6-თვიანი და 9-თვიანი კურსებით და შედეგად ქვეყანა მიიღებს “მილიონამდე მომზადებულ მამაკაცს”.
“ეს არის ჩვენი ქვეყნის რესურსი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული სწორად. მჯერა, რომ ნაყოფიერი იქნება ჩვენი თანამშრომლობა“,- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
ხელფასების ზრდა და დისციპლინა
ღარიბაშვილი ამბობს, რომ მინისტრის პოსტზე ყოფნისას, მისი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი „ჯარისკაცების ყოფა“ იქნება. მისივე თქმით, ჯარისკაცებს გაუუმჯობესდებათ საცხოვრებელი პირობები და მოემატებათ ხელფასები.
„მე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ: წესრიგზე, დისციპლინაზე, მათ კვებაზე, მათ აღჭურვილობაზე, მათ შეიარაღებაზე. ვიზრუნებთ მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. ვიზრუნებთ მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე: იქნება ეს ხელფასების ზრდა, იქნება ღირსეული ჯანდაცვის პაკეტი, ღირსეული დაზღვევა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჯარი ყველა ოჯახში
ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ჯარის თემაზე საუბარი ბაღებიდან უნდა დაიწყოს და ეს საკითხი “ყველა ოჯახში უნდა შევიდეს”. მისი თქმით, უკვე შემუშავდა სპეციალური სახელმძღვანელო სკოლებისთვის, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებას გააღვივებს.
“ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საყრდენი, ფუნდამენტი უნდა იყოს ჯარის სიძლიერეზე დაფუძნებული. ჯარის მიმართ პატივისცემა, პრესტიჟულობა, სიამაყის განცდა, ასე ვთქვათ, ყველა მოქალაქეს გვაქვს. რატომღაც, არ ეთმობა სათანადო ყურადღება ამ საკითხს. ჩვენ უნდა შევიდეთ ყველა ოჯახში, ჯარის თემა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში”, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტყვიის წარმოება
ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ ყველა სახის იარაღის წარმოება უნდა დაიწყოს, გარდა ბირთვულისა. ქვეყანა მილიონობით ფულს ხარჯავს ტყვია-წამლის შეძენაზე და უმჯობესი იქნება, თუ თავად დაიწყებს წარმოებას, აღნიშნავს ღარიბაშვილი და ტყვიის მწარმოებელი საწარმოს მშენებლობის ინიციატივით გამოდის.
“ჩემი ჯერ კიდევ მინისტრობის და შემდეგ პრემიერ-მინისტრობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი მქონდა ტყვიის საწარმოს მშენებლობა… ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ და უნდა დავიწყოთ დღესვე. და რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისის საავიაციო ქარხნის აღორძინება
დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოში სამხედრო ვერტმფრენების წარმოება უნდა განახლდეს. მას მხედველობაში აქვს თბილისის საავიაციო ქარხნის აღდგენა, რომელიც საბჭოთა დროს სამხედრო თვითმფრინავებს უშვებდა.
“საქართველო იყო ერთ-ერთი გამონაკლისი, სადაც მაღალტექნოლოგიური საწარმო არსებობდა. დღესაც არსებობს ე.წ. 31-ე ქარხანა, სადაც ჩვენ ვუშვებდით სამხედრო თვითმფრინავებს. საბედნიეროდ, ქვეყანაში ჯერ კიდევ გვაქვს ინტელექტუალური რესურსი. ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ამ უნიკალური მაღალტექნოლოგიური პროდუქციის შექმნაზე, ჯერ კიდევ ცხოვრობენ ქვეყანაში. ვაპირებ ამ საკითხის დასმას მთავრობის შემადგენლობაში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, ეს შანსი, რომ აღვადგინოთ სამხედრო თვითმფრინავების წარმოება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნატო, სამშვიდობო მისიები და ცრუ ილუზიები
ნატო-სთან და პარტნიორ ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობა, ღარიბაშვილის თქმით, მისი მინისტრობის დროსაც კვლავ დარჩება მთავარ პრიორიტეტად.
“ჩვენ ვართ სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფო მთელს რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების დიდი დამსახურებაა, მათი გმირობის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენ ვაგრძელებეთ ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების განხორციელებას და ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას, პრინციპით – „უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამავე დროს, ნატოს წევრობაზე საუბრისას, ღარიბაშვილმა თქვა, რომ მოსახლეობა “ცრუ ილუზიებით არ უნდა ვკვებოთ, რადგან ნატოს წევრობის პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული”:
„ ჩვენ უნდა შევქმნათ სწორი მოლოდინები. ჩვენი უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორები ამერიკა იქნება ეს თუ ევროპა ყოველთვის ამას მოგვიწოდებდა, რომ მაქსიმალურად გონივრულად უნდა ვმართოთ ეს მოლოდინები და არ მოხდეს ისეთი იმედგაცრუება, რომელიც მივიღეთ 2008 წელს. როცა საქართველოში შეიქმნა ზეიმის, ტრიუმფის მოლოდინი და საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა აგვისტოს ომით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ვის ვებრძვით?
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ არის საჭირო, რომ „საქართველოს აქვს უდიდესი გამოწვევა – ეს არის ოკუპაცია”
“ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი,”- თქვა მან.
იქვე ღარიბაშვილმა დასძინა, რომ “ქართული ჯარის გაძლიერება ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ არ არის მიმართული”.
„მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მიზნად ისახავს მხოლოდ თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას და ემსახურება ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას.