ჟენევაში ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება არ შედგა
27-28 მარტს, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 43-ე რაუნდზე, მთავარი “გარღვევა”, რომელსაც მოსკოვი, ცხინვალი და სოხუმი იმედით, ხოლო ქართული ოპოზიცია აღშფოთებით ელოდა, ვერ შედგა. საერთო განცხადება ძალის არგამოყენების შესახებ, რომელზეც მუშაობა, რუსული მხარის მტკიცებით, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, მხარეებმა ვერ მიიღეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმება რუსული მხარის, ასევე სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენელთა მიზეზით ვერ შედგა – მათ მოლაპარაკებების დასაწყისშივე რამდენიმე ისეთი განცხადება გააკეთეს, რამაც ამ საკითხზე შემდგომი მოლაპარაკება შეუძლებელი გახადა.
კერძოდ,“კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელზეც არის დამყარებული ჟენევის მოლაპარაკებები, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს”, – ამბობს დონდუა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმაც დაადასტურა, რომ თითქოსდა უკვე შეთანხმებულ ტექსტზე, საბოლოოდ, მხარეებს “განსხვავებული წარმოდგენები” აღმოაჩნდათ.
“ყველაფერი ისევ სტატუსის და 2008 წლის შეთანხმების საკითხებს ეჯახება, რომლებიც თბილისში, სოხუმში, მოსკოვსა და ცხინვალში განსხვავებულად ესმით” – განმარტა კარასინმა.
კარასინმა აღნიშნა, რომ ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტზე ქართული მხარის ხისტმა პოზიციამ , ზოგადად ჟენევის მოლაპარაკებები “რამდენიმე წლით უკან დასწია”.
ძალის არგამოყენების შეთანხმება და განსხვავებული პოზიციები
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა, როგორც ერთადერთი ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო ურთიერთობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლების შუამავლობით. ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების გაფორმება ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. თუმცა, დღემდე მხარეებს ამის თაობაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ:
მოსკოვი მოითხოვს, შეთანხმება თბილისმა სოხუმთან და ცხინვალთან გააფორმოს. საქართველო კი ამტკიცებს, რომ კონფლიქტის მხარეები არა საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, არამედ საქართველო და რუსეთი არიან. შესაბამისად, ასეთი შეთანხმება მხოლოდ საქართველოს და რუსეთს შორის შეიძლება გაფორმდეს.
გარდა ამისა, თბილისი მოსკოვს მუდმივად შეახსენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის ოფიციალურად ცალმხრივად აიღო ვალდებულება სოხუმსა და ცხინვალთან ძალის არგამოყენების შესახებ. (საქართველომ უარი თქვა ძალის გამოყენებაზე 2008 წელს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ხელმოწერით, 2010 წელს ეს ვალდებულება საჯაროდ დაადასტურა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპარლამენტის წინაშე, 2013 წელს კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ამ ვალდებულებას ითვალისწინებს).
თბილისი ანალოგიური ვალდებულების აღებას ელოდება რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ.
კომპრომისის სახით მხარეები, თანათავმჯდომარეებთან ერთად, ერთობლივი განცხადების მიღების შესაძლებლობას განიხილავდნენ, რომელსაც რაიმე იურიდიული ძალა არ ექნებოდა.
ჟენევის მოლაპარაკებებამდე რამდენიმე დღით ადრე გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა “კომერსანტს” განუცხადა, რომ შეთანხმება ტექსტზე პრაქტიკულად მიღწეულია და განცხადების მიღება უკვე ამ რაუნდზე იქნებოდა შესაძლებელი.
კარასინის ამ განცხადებას ქართული ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ჟენევაში ძალის არგამოყენების შესახებ რაიმე დოკუმენტის მიღებას კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევდნენ. მათი აზრით, ამგვარი დოკუმენტი სეპარატისტული რეჟიმების ლეგიტიმაციას ემსახურება და ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ განაცხადა, რომ რაიმე დოკუმენტის მიღება ან ხელმოწერა ამ რაუნდზე არ იგეგმება. საბოლოოდ ასეც მოხდა – მხარეები განცხადების თაობაზე ვერ შეთანხმდნენ.
ტატუნაშვილის საქმე
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხი, დავით დონდუას თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. ქართველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ თბილისმა საკმარისი განმარტებები ვერ მიიღო და ოსური მხარისგან მხოლოდ “ჩვეული დემაგოგია” მოისმინა. საქართველო ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, რომელიც ამ ტერიტორიაზე სრულ კონტროლს ახორციელებს.
თავის მხრივ გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ “არ ღირს ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება” ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და საბოლოო დასკვნა გამოძიებამ უნდა გამოიტანოს.
რას მოითხოვს რუსეთი საქართველოსგან
გრიგორი კარასინმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თბილისის მისამართით საყვედურები გამოთქვა.
კარასინმა შეაქო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი, რომელიც კვირიკაშვილმა მოსკოვში 9 მარტს გააგზავნა. რუსმა დიპლომატმა ამ წერილს კონსტრუქციული უწოდა. კარასინის თქმით, განსაკუთრებით კმაყოფილი მოსკოვი იმით დარჩა, რომ კვირიკაშვილმა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგის სურვილი გამოთქვა.
თუმცა, ამავე დროს კარასინმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით, რომელიც ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შექმნას ითვალისწინებს. კარასინის თქმით, პარლამენტის რეზოლუციამ კვირიკაშვილის განცხადების “ნიველირება მოახდინა”.
“დადგა დრო, თბილისმა აირჩიოს – იქნება მკაცრი თუ მოქნილი და თანმიმდევრული”, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
რუსეთის საგარეო უწყებამ, თავის განცხადებაში, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ გამოაქვეყნა, საქართველოს მოუწოდა პირდაპირი დიალოგი დაიწყოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, ასევე გააუქმოს კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ივნისში გაიმართება. გრიგორი კარასინმა არ გამორიცხა, რომ მომავალ რაუნდზე საუბარი ჟენევის ფორმატის “რეფორმირებას” შეეხება. თუმცა, ქართველი დიპლომატები აცხადებენ, რომ ფორმატის რაიმე სახის ცვლილება მათ გეგმებში არ შედის. თბილისი ადასტურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მზადყოფნას თავად მიიღოს მონაწილეობა ჟენევის დისკუსიებში, თუმცა, რუსულ მხარეს ამ ფორმატზე ჯერჯერობით თანხმობა არ განუცხადებია.