პროტესტი რუსეთში: რისი უნდა გვეშინოდეს და რისი იმედი გვქონდეს
მოსკოვში, ტრუბნოის მოედანზე, უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება აქციები 8 სექტემბერს დანიშნულ ქალაქის დუმის (საქალაქო პარლამენტი) არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირების მოთხოვნით.
14 ივლისიდან მოყოლებული, აქციებზე ასობით ადამიანი იკრიბება. მათ დიდ ნაწილს აკავებენ, ხშირად ძალის გამოყენებით. უმრავლესობას უშვებენ და ისინი მეორე დღეს ისევ აქციაზე მიდიან.
რატომ არის კონფლიქტი მოსკოვის ქალაქის დუმის არჩევნებთან დაკავშირებით
არასაპარლამენტო პარტიების კანდიდატებს (ძირითადად, ეს ოპოზიციაა), რამდენიმე ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა მოეგროვებინათ. მათ ეს გააკეთეს. მაგრამ, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რეგისტრაციისას მასობრივი გაყალბება მოხდა.
მათი თქმით, საარჩევნო კომისიის წევრები სპეციალურად უშვებდნენ შეცდომებს ამომრჩევლის მონაცემების ელექტრონულ სისტემაში შეტანისას, რათა ამის საფუძველზე ხელმოწერები არარეალურად გამოეცხადებინათ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქუჩაში გამოვიდნენ. როგორც ლუბოვ სობოლი – ერთ-ერთი მათგანი, ვისაც რეგისტრაციაზე უარი უთხრეს აცხადებს: „თუკი ახლა ამ არჩევნებს მოგვპარავენ, ამის შემდეგ აღარასოდეს გვექნება არჩევნები“.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მოსკოვში მიმდინარე უკვე პერმანენტული აქციები – რუსეთში ერთადერთი არ არის.
ქვეყანა მწვავე პოლიტიკური კრიზისის პერიოდში შედის – ყოველდღიურად იზრდება იმ ადგილების რაოდენობა, საიდანაც ინფორმაცია მოდის ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტის შესახებ.
• მოსაზრება: „დაივიწყეთ, რომ პუტინი ლიბერალი არ არის. გაიხსენეთ მისი ომები“
• როგორ უდებენ რუსეთში ნარკოტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ
კიდევ რა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რუსეთში ერთდროულად
•დაპირისპირება ინგუშეთში, სადაც ადამიანები აპროტესტებენ იმას, რომ ინგუშეთის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი მეზობელ ჩეჩნეთს გადაეცემა.
•კონფლიქტი ეკატერინბურგში – იქ სკვერის ნაცვლად ადგილობრივი ხელისუფლება მართლმადიდებლური ეკლესიის აშენებას გეგმავდა. მასობრივი პროტესტის შემდეგ, ხელისუფლებას ამ გეგმებზე უარის თქმა მოუწია – მაგრამ ახლა მათ შურისძიება და პროტესტის ლიდერების დაპატიმრება დაიწყეს.
•პოლიციასთან შეტაკებები მოსკოვის ოლქში – იქ ნაგავსაყრელის აშენება პირდაპირ ტყეში, ქალაქ ლიკინო-დულევოს გვერდით დაიწყეს. აქტივისტებს სასტიკად სცემეს, ერთ მამაკაცს ხელი მოტეხეს, გოგონას კი – ფეხი.
•პოლიციასთან შეტაკებები არხანგელსკის ოლქში – აქაც ნაგვის გამო: გადაწყვიტეს ნაგავსაყრელის იქ აშენება, რათა მოსკოვიდან და მოსკოვის ოლქიდან ჩაეტანათ ნაგავი – და თავიდან აერიდებინათ არეულობა დედაქალაქის მახლობლად.
•მოსკოვთან ერთად, სადაც დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირებას ითხოვენ, პროტესტი მიდის სანკტ-პეტერბურგშიც – სადაც უკვე გამართული არჩევნების შედეგების გაყალბებაზე საუბრობენ და შედეგების გაუქმებას ითხოვენ.
და ეს არის მხოლოდ ის, რაც ცნობილია და რაც სწორედ ამ დღეებში ხდება.
ის, რომ რამდენიმე საპროტესტო აქცია დროში ერთმანეთს დაემთხვა – შემთხვევითი არაა
რუსეთის სხვადასხვა რეგიონში პროტესტის მიზეზი – არა მხოლოდ კონკრეტული მიზეზებია, არამედ, ამ ქვეყანაში ცხოვრების საერთო კონტექსტიც.
პირველ რიგში, ეს არის რუსეთის ეკონომიკის მრავალწლიანი სტაგნაცია, მათ შორის, საერთაშორისო სანქციები, რომელიც ყირიმის ანექსიისა და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო დაუწესდა.
მეორეც – ახალგაზრდების უიმედობისა და სოციალურ ჩიხში ყოფნის განცდა, რომლებიც გახდნენ კიდეც მთავარი მამოძრავებელი ძალა ხელისუფლებასთან ახლანდელი დაპირისპირებისა.
არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც სიტუაციას ამძიმებს. მრავალი წლის განმავლობაში პოლიტიკური კონკურენციის არარსებობის გამო, რუსეთის მმართველი კლასი ინტელექტუალურად მკვეთრად დეგრადირდა.
შეიძლება გავიხსენოთ პრეზიდენტ პუტინის საუბრები საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკელების მიერ ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესახებ.
ან უშიშროების საბჭოს მდივნის, პატრუშევის განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსულმა დაზვერვამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ქვეცნობიერში შეღწევა მოახერხა.
ან რუსულ ტელევიზიებში პოპულარული დისკუსია იმაზე, რომ დედამიწა შესაძლოა ბრტყელია, დარვინის თეორია კი – დაუდასტურებელი.
რუსეთის მთავარი პრობლემა – 2024 წელი
რას უნდა ველოდოთ ამ სიტუაციაში რუსეთის ფედერაციიდან?
რუსეთის ხელისუფლების მთავარი პრობლემა – 2024 წელია. ამ დროს, ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტის პოსტიდან უნდა წავიდეს
დღეს მოქმედი კონსტიტუციით, მას თანამდებობაზე დარჩენა არ შეუძლია – მისი გაგრძელების ყველანაირი კანონიერი გზა ამოწურულია.
მაგრამ მასა და მის გარემოცვას წასვლაც არ შეუძლიათ.
უკვე განიხილება რამდენიმე ვარიანტი პუტინის პირველი პირის რანგში შენარჩუნებისა მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო ვადა დაუმთავრდება.
პუტინი, სავარაუდოდ, კვლავ პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. ასეთი „გადაადგილებები“ წარსულში უკვე მოხდა. პუტინი პირველად პრეზიდენტი 1999 წელს გახდა, ამოწურა უფლებამოსილების ორი ვადა, 2008-დან 2012 წლამდე მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაინაცვლა და შემდეგ, ისევ პრეზიდენტობას დაუბრუნდა.
მაგრამ ამ გზის გამეორება და პრეზიდენტად დაბრუნება უკვე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს, კრემლმა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის მზადება დაიწყო.
სავარაუდოდ, სამი ცვლილება განხორციელდება:
•საგრძნობლად გაიზრდება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები და, შესაბამისად, შემცირდება პრეზიდენტის.
•გაიზრდება სახელმწიფო დუმის (პარლამენტის) უფლებამოსილება – სწორედ დუმა დანიშნავს პრემიერს.
•სახელმწიფო დუმა გაზრდის იმ დეპუტატების რაოდენობას, რომლებსაც ირჩევენ არა პარტიული სიებით, არამედ, ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატების სახით.
Bloomberg-ის ვერსიის დასტურად 17 ივლისს მოვიდა აი, ეს ცნობა – სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი უკვე მეორედ გამოვიდა რუსეთის კონსტიტუციის ტექსტში ცვლილებების შეტანის ინიციატივით, რათა პარლამენტს უფრო მეტი უფლებამოსილება მიეცეს.
არის მოვლენათა განვითარების მეორე ვარიანტიც – მასშტაბური კონფლიქტის პროვოცირება
მოვლენების განვითარების ასეთი ვარიანტიც სრულებით რეალურია. რუსეთის მცხოვრებლები მზად უნდა იყვნენ პროვოკაციებისთვის, რომლის მიზანიც მასშტაბური პოლიტიკური ან სოციალური კონფლიქტი იქნება. მაშინ შესაძლებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და არჩევნებზე საერთოდ უარის თქმა.
რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა სცადოს საკუთარი რეიტინგის გაზრდა საგარეოპოლიტიკური აგრესიით – ასე რომ, რუსეთის უახლოესი მეზობლები მზად უნდა იყვნენ პროვოკაციებისთვის. ამან ერთხელ უკვე იმუშავა – ყირიმში – ასე რომ, რატომ არ უნდა სცადონ კიდევ?
რუსეთში შიდაპოლიტიკური ვითარების განვითარების ოპტიმისტური სცენარი აღარ დარჩა.
ხელისუფლებამ ქუჩის ზეწოლისთვის დათმობა დაიწყო – პროტესტის მონაწილეები კი ხვდებიან, რომ ისინი ქუჩაში ბევრნი უნდა იყვნენ
ხელისუფლება აჩვენებს, რომ ის მხოლოდ ქუჩის ზეწოლას უთმობს. პროტესტის მონაწილეები ითავისებენ ამ გაკვეთილს და ხვდებიან, რომ ისინი ქუჩაში ბევრნი უნდა იყვნენ, რათა გარდატეხა მოხდეს.
სად მოხდება, როდესაც სწორედ ახალი თაობა მკაცრად მოითხოვს საკუთარი უფლებების დაცვას – ეს არავინ იცის, მაგრამ ნიადაგი განაყოფიერებულია.
არხანგელსკი, ინგუშეთი, მოსკოვი, პეტერბურგი, ეკატერინბურგი. ნაგავი, პენსიების წართმევა, ნარკოტიკების ჩადება, მოპარული არჩევნები, უბრალოდ სიღარიბე და უიმედობა.
ეს ყველაფერი, ახლა ხდება – პირველ სისხლამდე. ადრე თუ გვიან, ვიღაცას ნერვები უღალატებს ან ვიღაც შემთხვევით ზედმეტად მოინდომებს, ანაც ვიღაც შეგნებულად წავა პროვოკაციაზე – ბევრი ვარიანტია, დასასრული კი ერთი.
შემდეგ ან ტოტალური რეპრესიების შუალედური ეტაპი დადგება – და სასტიკი დაპირისპირების, ან მომენტალური მასობრივი რეაქციის.
ერთადერთი კითხვა, მხოლოდ მსხვერპლის რაოდენობაა.
20 ივლისს, მოსკოვში, საქალაქო პარლამენტის მოახლოებული არჩევნების ფალსიფიცირების წინააღმდეგ გაიმართება აქცია. მისი მონაწილეების რაოდენობა დაგვანახებს ზუსტად, რომელი სცენარის მიხედვით განვითარდება მოვლენები უახლოეს პერიოდში.