სერჟ სარგისანის შეხვედრა ოპოზიციონერ პაშინიანთან უშედეგოდ დასრულდა
მოძრაობაში გაერთიანებული ადამიანები ერევნის მთავარ მოედანზე იმყოფებიან. ტრიბუნაზე ახალი ორატორები გაჩნდნენ, რადგან მოძრაობის ორგანიზატორი, დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი და მისი მომხრეები, რომელთაგან ორი ასევე საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ დეპუტატია, დაკავებულები არიან. მოძრაობა, პრაქტიკულად, მეთურის გარეშეა დარჩენილი, მრავალათასიანი მიტინგის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას და დაუმორჩილებლობის აქციების გაგრძელებას აპირებენ.
მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების ნიშნად, მოედანზე მტრედები გაუშვეს.
დღევანდელი დღის განმავლობაში – პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანსა და მოძრაობის ლიდერ ნიკოლ პშინიანს შორის მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ საპროტესტო აქციები მთელ დედაქალაქში გაგრძელდა.
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, რომელიც 21 აპრილს პრემიერისა და მისი გადადგომის მომთხოვნი ოპოზიციონერის შეხვედრის შუამავალი იყო, განცხადებით გამოვიდა. მას მიაჩნია, რომ მოვლენათა განვითრებამ საშიშ ზღვარს მიაღწია, და საჭიროა შეუქცევადი შედეგები აღიკვეთოს. მის განცხადებაში ასევე ნათქვამია:
„სამწუხაროდ, წინა დღეს მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, მოლაპარაკებები შეწყდა – არადა, ამას შესაძლოა, სიტუაციის განმუხტვა და დაძაბულობის შემცირება გამოეწვია. მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, დიასპორის ყველა თანამემამულეს სიტუაციის ესკალირების მცდელობებისგან თავი შეიკავონ და თავ- შეკავება გამოიჩინონ“.
პოლიციამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ის სიტუაციას აკონტროლებს, და „სომხეთის კონსტიტუციური წყობის ხელყოფის აღკვეთის მიზნით, მართლზომიერი სახელმწიფო იძულების ფარგლებში ხელმისაწვდომ ყველა ინსტრუმენტს სრულყოფილად გამოიყენებს“.
ევროპის კავშირმა შიდაპოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად მხარეებს პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდა. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის ოფიციალური წარმომადგენლის მაია კოციანჩიჩის განცხადებაში ნათქვამია:
„ევროპის კავშირი მოელის, რომ სომხეთის ხელისუფლება სრულად სცემს პატივს ამ უფლებას, და სამართლიანად და პროპორციულად გამოიყენებს კანონს სომხეთის საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობით, მათ შორის – ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ ევროპის კონვენციის ფარგლებში. ყველა, ვინც კანონის შესაბამისად, საკუთარი ძირითადი უფლების განხორციელების დროს შეკრებებზე დააკავეს, დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ“.
11:00
ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლ პაშინიანის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანთან შეხვედრა ხუთ წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. როგორც გუშინ საღამოს ოპოზიციონერმა განაცხადა, შეხვედრის დღის წესრიგში პრემიერის გადადგომის საკითხი იდგა. მაგრამ მოლაპარაკება ჩაიშალა. ის პრაქტიკულად არც ყოფილა. თითოეულმა მხარემ ჟურნალისტების თანდასწრებით მხოლოდ საკუთარი თვალსაზრისი გამოხატა.
სერჟ სარგსიანმა თავიდანვე განაცხადა:
„მოხარულები ვართ, რომ გამოეხმაურეთ საუბრის შესახებ ჩემს მრავალრიცხოვან მოწოდებას. თუმცა, არც ისე კარგად წარმომიდგენია, თუ ათობით ჟურნალისტის თანდასწრებით როგორ უნდა შევძლოთ მოლაპარაკების გამართვა. და მაინც, მოხარული ვარ“.
ნიკოლ პაშინიანმა მაშინვე უპასუხა, რომ ის დიალოგის გამართვას არ აპირებს, და მხოლოდ სერჟ სარგსიანის გადადგომისა და ხელისუფლების უმტკივნეულოდ შეცვლის საკითხზე მსჯელობისთვის მივიდა.
„ეს მოლაპარაკებები არ არის, არც დიალოგია. ეს ფაქტობრივად ულტიმატუმია, სახელმწიფოსა და კანონიერი ხელისუფლების შანტაჟია. თქვენ პასუხისმგებლობის ხარისხს ვერ ათვითცნობიერებთ, 1 მარტის გაკვეთილი არ გამოგადგათ”.
2008 წლის 1მარტს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართული აქციის დაშლის დროს 10 ადამიანი დაიღუპა. მაშინ სერჟ სარგსიანი აირჩიეს. მისი მთავარი მეტოქე იყო ლევონ ტერ-პეტროსიანი, რომლის მომხრეებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ გამარჯვება მათმა კანდიდატმა მოიპოვა, და მათ არჩევნების შედეგები არ აღიარეს.
სარგსიანის საბოლოო სიტყვები ასეთი იყო:
„თუკი საუბარი ასეთი ტონით მიმდინარეობს, მაშინ ისღა რჩება, რომ კიდევ ერთხელ გირჩიოთ სამართლებრივ სივრცესა და, საერთოდ, ლოგიკური ქმედებების ზღვარზე დაბრუნება. სხვა შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ“.
პაშინიანმა უპასუხა, რომ სომხეთში სიტუაცია შეიცვალა, ხელისუფლება უკვე ხალხის ხელშია.
სერჟ სარგსიანმა ოპოზიციონერს შეახსენა, რომ ფრაქციას, რომელმაც ხმათა მხოლოდ 7 პროცენტი დააგროვა, მთელი ერის სახელით ლაპარაკის უფლება არ აქვს:
„საუბრის გაგრძელების სურვილი აღარ მაქვს. თუკი სახელმწიფოს კანონიერ მოთხოვნას არ მიიღებთ, კარგად ბრძანდებოდეთ. ბატონო ჟურნალისტებო, დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდვია“.
ამ სიტყვების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო „მერიოტი“ დატოვა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ სერჟ სარგსიანი სიტუაციას ადეკვატურად ვერ აფასებს, და ხალხს დაუმორჩილებლობის აქციების გაორმაგებული ძალით გაგრძელებისკენ მოუწოდა.