პირველი კინოფესტივალი აფხაზეთში: 32 ფილმი 17 ქვეყნიდან
აფხაზეთში დასრულდა სოხუმის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი. მისი პროგრამა მხოლოდ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმებისგან შედგებოდა – სულ იყო 32 სურათი 17 ქვეყნიდან.
იდეა და მხარდაჭერა
პროექტის პარტნიორები და სპონსორები იყვნენ აფხაზეთის სასტუმროები, ბიზნეს-ცენტრები, ტურისტული ფირმა. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალს დიდი მხარდაჭერა გაუწია ქარხანამ „აფხაზეთის ღვინოები და წყლები“, მობილური კავშირის ოპერატორმა „ა-მობაილ“-მა, სახელმწიფო კომპანიამ „აფხაზტოპ“-მა და ახალგაზრდული პოლიტიკის სახელმწიფო კომიტეტმა.
ფესტივალის ბიუჯეტს არ ამხელენ, თუმცა ცნობილია, რომ კინოფესტივალისთვის სამი მილიონი რუბლი (დაახლოებით $ 52 ათასი) მხოლოდ ახალგაზრდული პოლიტიკის კომიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო.
ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში, რომელიც 2018 წლის 2-დან 6 აპრილამდე მიმდინარეობდა, წარმოდგენილი იყო ფილმები რუსეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთი აფრიკიდან, ასევე – აფხაზი რეჟისორების ფილმები. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური მხარდაჭერის წყალობით, ყველა უცხოელმა მონაწილემ გართულებების გარეშე შეძლო აფხაზეთში ჩასვლა.
მონაწილეები
ფესტივალის მონაწილეთა შორის ახალგაზრდა რეჟისორებიც იყვნენ სადებიუტო ნამუშევრებით, და – უფრო გამოცდილებიც.
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სამხრეთ კორეულმა ფილმმა „მდინარე დუმანის გადაღმა“.
ორი სამხრეთ კორეელი ჯარისკაცი საზღვარს მდინარე დუმანის გადალახვით გამქცევთაგან იცავს. როდესაც წოდებით უფროსი ჯარისკაცი საგუშაგოს ტოვებს, უმცროსი ფარულად მიდის მდინარისკენ. იქ, მდელოზე ის ხვდება ოჯახს, რომელიც მას მთელ თავის დანაზოგს აძლევს, რათა ის მათ ამ სასიკვდილოდ საშიში საზღვრის გადალახვაში დაეხმაროს.
ფილმის რეჟისორი სივონგ ბეი სამხრეთ კორეაში დაიბადა და გაიზარდა, რეჟისურას ნიუ-იორკში ეუფლებოდა და ნიუ-იორკის კინოაკადემიის თანადგომით, რვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული.
კინოფესტივალზე აფხაზეთი ორი კინოსურათით წარსდგა.
დამწყებმა რეჟისორმა ატანა აგრბამ 16 წლის ასაკში ჩააბარა „ვგიკ“-ში, სარეჟისორო ფაკულტეტზე. მისი „ლიმონათის ჯო“ – ლიმონათის ჯიხურის მფლობელი ჯოსა და ბიჭუნას მეგობრობას შეეხება. ეს ჯო, რაღაც მიზეზით, საზოგადოებიდან არის გარიყული. ბიჭუნა მისი ერთადერთი მეგობარია, მაგრამ ადგილობრივი ხულიგნების გავლენით, ბიჭი ჯოს ჯიხურის დარბევის თანამონაწილე ხდება.
„მე მქვია მახაზი“ – ინარ ნარმანიას მოკლემეტრაჟიანი სურათი მიხა ლაკრბას ნოველის, „მეგობრების“ მოტივებზე. ისტორია ვითარდება 1970-იანი წლების საბჭოთა სოხუმში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მახაზი ჩადის. თავისი ნიჭის წყალობით, ის სოხუმის სამხატვრო სასწავლებელში ხვდება, მაგრამ, როგორც თავად გმირი ირწმუნება, მან სწავლის დასრულება ვერ მოასწრო, რადგან ვიღაც შეუყვარდა. ფილმი იმ რთული გამოცდილების შესახებ გვიამბობს, რასაც გმირი თავის საყვარელ ქალთან შეხვედრის შემდეგ განიცდის.
როგორც ორგანიზატორები ირწმუნებიან, ფესტივალი ყოველწლიური გახდება და მომავალში სრულმეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმებისთვისაც ღია იქნება.