სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანაის მოწოდებით, ქვეყნის 320 მოქალაქე სამხედრო სამსახურის მოსახდელად დაბრუნდა. ამის შესახებ სომხეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროსმა არტაკ დავიტიანმა განაცხადა.
ყველა მათგანი სამსახურს შეუდგა საზაფხულო გაწვევის ფარგლებში, რომელიც 2 ივნისს დაიწყო.
პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ, რამდენჯერმე მიმართა მოწოდებით, რომ დაბრუნებულიყვნენ და თავიანთი ვალი მოეხადათ.
„მე ამას ვამბობ როგორც მოქალაქე, როგორც პრემიერი, რომელმაც ომის დაწყების შემთხვევაში (ღმერთმა დაგვიფაროს) უმაღლესი მთავარსარდლის მოვალეობა უნდა შეასრულოს; და მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ 28 მაისამდე მოწოდებით მივმართო ჩემს თანამემამულეებს, ჩემს ძმებს, მათ მშობლებს – ჩემს დებსა და ძმებს: დაე, მათმა შვილებმა გადაწყვიტონ, რაც შეიძლება, მალე დაბრუნდნენ სომხეთში, და წავიდნენ ჯარში – სასწრაფო სამხედრო სამსახურში, ჩემს ვაჟთან ერთად“.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს, გამოსცეს საგანგებო ბრძანება, რომლის მიხედვითაც, დაბრუნებულების მიმართ, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების გამო, სამართლებრივი სარჩელები არ აღიძვრება.
„ველით ყველას! ეს არის ახალი სომხეთი, სადაც სამხედრო სამსახურს თავს აღარავინ არიდებს, საიდანაც ემიგრაციაში აღარ მიდიან, არამედ აქ მხოლოდ ბრუნდებიან – რათა სომხეთის მომავლისთვის საკუთარი წილი ვალდებულება გაწიონ და ვალი მოიხადონ“.
ფაშინიანმა მაგალითად საკუთარი ვაჟი დაასახელა. აშოტ ფაშინიანმა ტარტუს უნივერსიტეტში ჩააბარა. წელს მას 18 წელიწადი შეუსრულდა და ახალგაზრდა ვაჟი სომხეთში დაბრუნდა. საზაფხულო გაწვევის ფარგლებში, ის ჯარში სამსახურს დაიწყებს. მას, თავისივე სურვილით, ყარაბაღში გააგზავნიან.