ოს ჟურნალისტთან გადაღებული ფოტოს გამო ქართველ სამოქალაქო აქტივისტს “მოღალატე” უწოდეს
ოს ჟურნალისტთან და უფლებადამცველთან თემურ ცხურბატთან გადაღებული ფოტოს გამო გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელს თათია დოლიძეს “მოღალატე” უწოდეს.
ფოტო, რომელმაც სკანდალი გამოიწვია, თავად თათია დოლიძემ ატვირთა ფეისბუკზე ერთი წლის წინ. ფოტო გასულ წელს სერბეთშია გადაღებული “სამოქალაქო ფორუმის” მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ქართულ-ოსურ შეხვედრაზე.
ფოტო თავდაპირველად “ქართული მარშის” ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა გააზიარეს, როგორც თათია დოლიძის წინააღმდეგ მიმართული კომპრომატი.
“თათია დოლიძე ოს სეპარატისთანაა გადაღებული”, – წერდნენ ამ ფოტოს გამზიარებლები.
“ქართული მარშის” წარმომადგენლების მხრიდან ეს პირველი თავდასხმა არ არის თათია დოლიძეზე. მანამდე, ორი დღით ადრე, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელს “ქართული მარშის” ორგანიზატორები ფეისბუკზე ჯგუფური გაუპატიურებითაც დაემუქრნენ. მათი უკმაყოფილება გამოიწვია თათია დოლიძის ფეისბუკ-პოსტმა, სადაც ის “ქართული მარშის” იდეას აკრიტიკებდა.
“ქართული მარში” ნაციონალისტურად განწყობილმა ორგანიზაციებმა თბილისში 14 ივლისს გამართეს. ისინი უცხოელების საქართველოში ჩამოსვლისა და მათი აქ ცხოვრების წესების გამკაცრებას მოითხოვდნენ. ფეისბუკსა და სატელევიზიო გამოსვლებში „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები მარშის მოწინააღმდეგეთა მისამართით ხშირად იყენებენ ჰომოფობიურ და რასისტულ გამონათქვამებს.
თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე 17 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
თუმცა, ამჯერად “ქართული მარშის” წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში ახალი სკანდალი ააგორეს და დოლიძის წინააღმდეგ კომპრომატად ოს ჟურნალისტთან გადაღებული ფოტო გამოიყენეს.
თათია დოლიძე ფეისბუკზე გამოეხმაურა ამ ფაქტს: “ჩემი და თემურ ცხურბატის ფოტოს ავრცელებენ, ტექსტით, რომ მოღალატე ვარ, თითქოს ეს ფოტო თავად ჩემი გამოქვეყნებული არ იყოს ფეისბუკზე. სასაცილოა ეს ცილისწამება უკვე.
რადგან გაინტერესებთ, გიპასუხებთ, რომ მე ვარ ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის Team Of Trust ფარგლებში. თემური არის ოსი, სურს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ, თუმცა დღეს ამბობს, რომ მას ომი არ უნდა და ნდობის აღდგენის პროცესშია ჩართული. იგი დღეს არის ახალგაზრდა ოსების დელეგაციის უფროსი,”- წერს თათია დოლიძე თავის ფეისბუკგვერდზე.
ამ ფაქტზე მსჯელობისას ქართული ფეისბუკი კვლავ ორად გაიყო. ერთნი იზიარებენ “ქართული მარშის” ორგანიზატორთა მოსაზრებას და ფიქრობენ, რომ “ოს სეპარატისტებთან ფოტოს გადაღება სამარცხვინოა”, მეორე ნაწილი კი აღშფოთებულია იმით, რომ აღნიშნული ფოტო “კომპრომატად” იქცა: “საინტერესოა, ამ სანუკვარი „ტერიტორიული მთლიანობის“ აღდგენას როგორ ვაპირებთ, თუ ოსებთან და აფხაზებთან შეხვედრა და საუბარი მიუღებლად და “კომპრომატად” ითვლება, – კითხულობენ ისინი.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო