მოლდოვაში მიაგნეს ლაბორატორიას, რომელიც „რუსეთისკენ ვირუსებს აგზავნის“
Ziarul de Garda-ს პუბლიკაციის მიხედვით
ბიოლოგიური იარაღის მწარმოებელი საიდუმლო ლაბორატორია, მაგრამ უკვე არა _საქართველოში, არამედ მოლოდოვაში — ამის შესახებ იმ მოლდოვურ მედიაში დაიწყეს წერა, რომელსაც, სავარაუდოდ, რუსულ პროპაგანდასთან აქვს კავშირი.
სტატია „საიდუმლო ლაბორატორიის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, მოლდოველები უკრაინელებთან ერთად ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან, გამოცემა Bloknot-Moldova.md.-ში გამოქვეყნდა. ეს პორტალი მოლდოვაში რამდენიმე წლის წინათ გაჩნდა და რუსეთის საგამომცემლო სახლს ეკუთვნის, თუმცა აქამდე „ფეიკების“ გავრცელებაში შემჩნეული არ ყოფილა.
• როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოს რეგიონებში, სადაც ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ
გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ბიოლოგიური იარაღს ქმნის უკრაინული კვლევითი კომპანია, რომელსაც უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი ეწოდება. ეს ცენტრი მოლდოვაში ადგილობრივ მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობს. პუბლიკაციის ავტორების მონაცემებით, ცენტრი წითელას და აფრიკული ღორის ცხელების ვირუსებს აწარმოებს და მოდიფიცირებას ახდენს, რათა ეს ვირუსები რუსეთისკენ გაგზავნოს:
„სტანდარტული შტამი ჩვენი კლიმატისთვის ძალიან სუსტია, მაგრამ მის მოდიფიცირებულ მოძმეს ჩვენს კლიმატშიც შეუძლია მავნებლობის მოტანა, და რუსეთშიც (ეჭვი არ არის, რომ ძირითადი დარტყმა სწორედ რუსეთის ფედერაციისკენ იქნება მიმართული, მთელი ამ ექსპერიმენტების არსიც სწორედ ესაა: უკრაინა, მოლდოვა და სხვები – ეს უბრალოდ საექსპერიმენტო ველია)“.
ამავდროულად „ბლოკნოტი“ ირწმუნება, რომ „ლაბორატორიის“ მუშაობას არა მოლდავეთის ხელისუფლება, არამედ STCU- ის სპეციალისტები და საზღვარგარეთელი ბატონები ზედამხედველობენ. უკრაინული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის დირექტორი კურტის ბელიაჩი (Curtis Bjelajac) ამ ბრალდებებს „უდავო დეზინფორმაციას“ უწოდებს და ვარაუდობს, რომ მას რუსეთის ხელისუფლება ავრცელებს:
„რუსეთს ბევრი ფული აქვს, ბევრი ტროლი ჰყავს და რაც სურთ, იმას წერენ. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება მთელ ამ დეზინფორმაციაზე პასუხის გაცემა, და არც მგონია, რომ ეს რაიმეს შეცვლის“.
სამეცნიერო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კომენტარი მისცა პორტალ Stopfals.md-ს, რომელიც მოლდოვაში „ფეიკურ“ ახალ ამბებს ამხელს,:
„ბიოლოგიური იარაღის შემქმნელი არავითარი ლაბორატორიები არ არსებობს. ეს წმინდა წყლის სისულელეა, კრემლის პროტეჟეების წარმოსახვაა, ჩვენ ბიოლოგიური იარაღით არ ვართ დაკავებულები, ჩვენი საქმიანობის შესახებ კი ყველანაირი ინფორმაცია გახსნილია, მისი ნახვა ჩვენს ვებ-გვერდზე შეიძლება, მათ შორის მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებების, ფინანსური ანგარიშებისა და წლიური ანგარიშების“.
STCU – მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც 1993 წელს უკრაინის, აშშ-ს, კანადის და შვედეთის ინიციატივით შეიქმნა.
მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიამ სტატიას „აბსოლუტური უაზრობა“ უწოდა:
„STCU საკუთარ ლაბორატორიებს არ ფლობს და გამოკვლევებს არ ატარებს. ცენტრში შტატიანი მეცნიერ-მუშაკები არ არიან. პროექტები იმ მოლდოველი მკვლევარების მიერ ხორციელდება, რომლებიც მოლდოვას რესპუბლიკაში აკრედიტირებულ სამეცნიერო დაწესებულებებში მუშაობენ“.
პორტალი Stopfals.md აღნიშნავს, რომ მოლდოვა მონაწილეობს ბაქტერიული (ბიოლოგიური) და ტოკსიური იარაღის შექმნის, წარმოების და დაგროვების ამკრძალავ და მათი განადგურების (BWC) კონვენციაში, რომელსაც ის ჯერ კიდევ 1972 წელს შეუერთდა. ამ კოვენციის პირობების შესრულების თაობაზე ის ყოველწლიურ ანგარიშს აბარებს, თანაც მოხსენებების მოძებნა ღიად ხელმისაწვდომია.