მმართველი პარტიის გამარჯვება და იმედგაცრუება - საპარლამენტო არჩევნების შედეგები აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში, 9 თებერვალს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, მრავალრიცხოვანი გაყალბების ფონზე, მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან საკანონმდებლო ორგანოში არსებული 125 ადგილიდან, 65 მოიპოვა. ამ გამარჯვებულთაგან უმეტესობა – წინა მოწვევის დეპუტატია. 78-მა მათგანმა მოახერხა მანდატის შენარჩუნება. 10 ადგილი აიღეს პატარა და ნაკლებად ცნობილი პარტიების წარმომადგენლებმა და 43 – დამოუკიდებელმა კანდიდატებმა. რამდენიმე ოლქის შედეგი ჯერჯერობით უცნობია.
მოქმედი ოპოზიციიდან პარლამენტში მხოლოდ დაურეგისტრირებელი პარტიის, „რესპუბლიკური ალტერნატივის“ („რეალის“) წევრი, ერქინ გადირლი მოხვდა, რომელმაც თვითონ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა.
ამომრჩეველთა აქტივობამ 47,81 პროცენტი შეადგინა. მინიმალური აქტივობა 2009 წელს დაფიქსირდა.
• საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში: რა ხდება და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
• რატომ გადაწყვიტა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პარლამენტის „განახლება“? ვარაუდები და პროგნოზები
არჩევნების შეფასება
ოპოზიციონერთა და დამოუკიდებელ კანდიდატთა უმეტესობა, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, არჩევნების ფალსიფიკაციაზე საუბრობენ. კენჭისყრის მიმდინარეობისას მათ არაერთი განცხადება გააკეთეს სხვადასხვა დარღვევის შესახებ: საარჩევნო კარუსელიდან დაწყებული, ფიზიკური ზეწოლით დასრულებული.
ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარე, არიფ გაჯილი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება „ტოტალურ ხასიათის“ იყო, აქტივობა კი – მომატებული.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ დარღვევები ბევრი არ ყოფილა და თითოეულ ასეთ შემთხვევას გამოიძიებენ.
საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ. პროსახელისუფლებო მედია ცალკეული უცხოელი დამკვირვებლების ციტირებას ახდენს, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას აქებენ.
ასე, მაგალითად, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ლილია გუმეროვამ (რუსეთი) განაცხადა, რომ „საარჩევნო უბნებში ყველაფერი მოწესრიგებული იყო და იგრძნობოდა საარჩევნო კომისიის წევრების მაღალი პროფესიონალიზმი“.
იმედგაცრუება და სიბრაზე
„რესპუბლიკური ალტერნატივის“ ლიდერმა, ილგარ მამედოვმა, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ფალსიფიკაციის შემთხვევაში, ქუჩაში გამოიყვანს ადამიანებს, საკუთარ მხარდამჭერებს 16 თებერვალს, საპროტესტო აქციის მოწყობისკენ მოუწოდა.
პარტია „მუსავათის“ ლიდერმა, საკუთარ პრესკონფერენციაზე ხელისუფლებისგან ახალი არჩევნები მოითხოვა. კითხვაზე, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს პარტია, არიფ გაჯილიმ უპასუხა, რომ ეს განხილვის საკითხია.
სოციალურ ქსელებში ბევრი წერს საკუთარი იმედგაცრუებისა და აღშფოთების შესახებ და ისინი განწყობილები არიან ძალიან პესიმისტურად. თუმცა, ეს განწყობა შემოიფარგლება სამოქალაქო აქტივისტების, ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და პარტიული აქტივისტების შედარებით ვიწრო წრით.
იმდენად, რამდენადაც ტელევიზია – აზერბაიჯანის მოსახლეობის მთავარი საინფორმაციო წყარო – სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, ბევრმა არც იცის იმ იმედების შესახებ, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ამ არჩევნებზე ამყარებდა.