შიშის დასასრული
ფოტო: მაქსიმ შიპენკოვი / EPA / Scanpix / LETA
2017 წლის 26 მარტს – მნიშვნელოვანი დღეა რუსეთის ისტორიაში. და არამარტო.
ამ კვირა დღეს მრავალი ათეული ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, რომ რუსული კორუფციისადმი საკუთარი მიუღებლობა გამოეხატა. პროტეტის გეოგრაფია – ვლადივოსტოკი, ხაბაროვსკი, პერმი, ჩელიაბინსკი, ვორონეჟი,ეკიტერინბურგი,სანკტ-პეტერბურგი, მოსკოვი.
საკუთარი თვალით მხოლოდ მოსკოვი ვნახე. და ვიცი, რასაც უნდა შევადარო. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ამ ქალაქში არც ერთი დიდი დემონსტრაცია არ გამიცდენია.
რაც 2017 წლის 26 მარტს მოსკოვში მოხდა – ყველაზე ხალხმრავალი არასანქცირებული გამოსვლა იყო 1991 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც მოსკოველები თეთრი სახლის წინ დადგნენ, და ეს საბჭოთა კავშირის დასასრულის დასწყისი აღმოჩნდა.
მას შემდეგ უფრო მეტი რაოდენობის ხალხიც გამოსულა ქუჩებში – 50 ათასიც და ასიც, მაგრამ ეს სანქცირებული, ხელისუფლებისგან ნებადართული აქციები იყო. ეს კი – არათუ ნებადართული არ ყოფილა, არამედ პირიქით, ხელისუფლება პირდაპირ კრძალავდა მის ჩატარებას და მასში მონაწილეობის მსურველებს აშინებდა.
და აქ სხვა ადამიანები გამოვიდნენ. ძალიან ახალგაზრდები. სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, ბევრი ახალგაზრდა წყვილი. აქ იყვნენ პროტესტის ვეტერანებიც, მაგრამ ისინი უმრავლესობას არ წარმოადგენდნენ.
ამ ახალგაზრდებმა თან მოიტანეს ისეთი რამ,რაც მოსკოვის ქუჩებს დიდი ხანია, არ უნახავთ – შიშის არარსებობა. ეს არ იყო გაუაზრებელი ყოყლოჩინობა. მოდიოდნენ და იცოდნენ, რომ რისკავდნენ – შეიძლებოდა ეცემათ, დაეჭირათ, პოლიციის განყოფილებაში გაეშვათ, შემდეგ კი სასამართლოში. მაგრამ ისინი შეგნებულად აყენებდნენ რისკის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას, თავისუფლებას და, მათი ჩაცმულობის მანერითა და არცთუ იაფფასიანი გაჯეტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ – სრული კეთილდღეობით აღსავსე ცხოვრებას.
ისინი მართლაც დააპატიმრეს და სცემეს. მხოლოდ მოსკოვში სამ ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.
მაგრამ ეჭვს არ იწვევს, რომ პროტესტის მონაწილეების დაშინება ვერ შეძლეს. ისინი დაბრუნდებიან. ჩემთვის იმის ერთი უტყუარი ნიშანი არსებობს, რომ ეს ასე მოხდება.
ვერანაირი ძალითა და სისასტიკით ვერაფერს დააკლებ ხალხის მასას, სადაც ახალგზრდა ყმაწვილებს უკან დახევის რცხვენიათ, რადგან ეს მათ გვერდით მდგომი გოგონების თვალში დააკნინებთ. წინააღმდეგობის გასაწევად ამგვარი სტიმული შესაძლოა, სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ეს მთავარია. და 26 მარტს მოსკოვში ეს თვალში საცემი იყო.
ისინი დაბრუნდებიან, რადგან შიში სამარცხვინო გახდა.
ეს ნიშნავს, რომ რუსეთში სიტუაცია ერთი ადგილიდან დაიძრა. ახალი პროტესტის მასობრიობა, მისი გეოგრაფია და მონაწილეთა საშუალო ასაკი ამაში ეჭვის შეტანის საბაბს არ იძლევა. თუ როგორ და რა მიმართულებით განვითარდება ის, ჯერჯერობით არავინ იცის. მაგრამ, აშკარაა, რომ ის ძველებური აღარ იქნება.
შთაბეჭდილებების ნაწყვეტები მოსკოვის ქუჩებიდან და მოედნებიდან:
ბიჭი პლაკატით „ახლა გამაგრდი, დიმონ!“ – თავის მეგობარ გოგონას: „თუ გამსკვანჩეს, ყოველ შემთხვევისთვის დედას ვუთხარი, ვითომ შენთან ვრჩები. და არ გამცე, გაიგე?“
გოგონა აღფრთოვანებით უყურებს: „ და თუ არ გაგსკვანჩეს, მაინც ჩემთან წავიდეთ, კარგი?“
პუშკინის მოედანზე ხალხში ვიღაც პიტერიდან ტრანსლაციას უყურებს, და გარშემომყოფებს ატყობინებს, რომ ნევისპირა ქალაქებმა კიევის მაიდანზე პოპულარული ლოზუნგი წამოწიეს: „ვინც არ ხტუნავს, ის დიმონია!“
ხალხი დაუყოვნებლივ იწყებს ადგილზე ხტუნვას.
ძვირფასქურქიანი და ბრილიანტის საყურეებიანი ელეგანტური ქალბატონი ყურადღებით ადევნებს თვალს, პოლიცილელები როგორ იჭერენ და მანქანებისკენ როგორ მიათრევენ ადამიანებს.
„ღმერთო, – ნატვრით ამბობს ქალი, და კონკრეტულად არავის მიმართავს, – ამათ დასჯას მოვესწრებოდე!“
პუშკინის მოედანზე შექმნილი ვითარების – ხმაურის,სკანდირების, პოლიციელების მიერ ადამიანებზე ნადირობის ამ დაელექტროებულ ატმოსფეროში – უცბად ოთხი ცალი პონი ჩნდება. ეს აქაური პონები არიან, ისინი მოედანზე ყოველდღიურად მუშაობენ – ფულის სანაცვლოდ, ბავშვებს ასეირნებენ.
„კავალერია მოგვიახლოვდა!“- ესალმება მათ გამოჩენას ერთ-ერთი მონაწილე.
„რა ხდება აქ?“- ინტერესდება პონების სრულიად აპოლიტიკური პატრონი ქალი. მას ვითარებას უხსნიან და საპაუხოდ ეკითხებიან: ცხენებიც პუტინის წინააღმდეგ არიან?
„ეს პონები არიან და არა ცხენები, – მკაცრად პასუხობს ქალი, – თუმცა, საერთო ჯამში -ჰო! ბავშვები თუ არიან აქ? დღეს უფასოდ გავსეირნებ.“
ბავშვები მართლაც იყვნენ. თორმეტი წლის ბიჭმა, რომელიც დედასთან ერთად იყო მოსული, უეცრად მჭექარე ხმით დაიყვირა: „ცხოველებო!“ – იმ მილიციონერების მისამართით რომლებიც მორიგ მსხვერპლს დაესხნენ თავს.
მიხეილ შეველიოვი, ჟურნალისტი